"შვილების მოკვლით ემუქრებოდნენ"- გარდაცვლილი 33 წლის მსაჯის ახლობელი
ავტორი: გურიის მოამბე
"შვილების მოკვლით ემუქრებოდნენ"- გარდაცვლილი 33 წლის მსაჯის ახლობელი

33 წლის მსაჯის ოჯახის მტკიცებით, ილია ტუღუში მოკლეს. ისინი თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავენ. ეროვნული ჩემპიონატის მსაჯის ცხედარი ორდღიანი ძებნის შემდეგ ფოთთან ახლოს, მალთაყვის ტყეში, ხეზე ჩამომხრჩვალი ნახეს.

ოჯახი აცხადებს, რომ სიკვდილის წინა დღეს მსაჯს სახლში საქმის გასარჩევად მიაკითხეს და მას ფულს სთხოვდნენ. ოჯახის მტკიცებით, ზეწოლის მიზეზი გარიგებული საფეხბურთო თამაში იყო.

მატჩი, რომლსაც ოჯახი ილია ტუღუშის მკვლელობის მიზეზად ასახელებს, ლანჩხუთში 3 დეკემბერს ჩატარდა. ერთმანეთს ლანჩხუთის „გურია“ და თელავის საფეხბურთო კლუბი ხვდებოდნენ.

გარდაცვლილი მსაჯის ახლო ნათესავი ყვება, რომ თამაში წინასწარ გაყიდული იყო და ის ლანჩხუთი გურიaს გამარჯვებით უნდა დასრულებულიყო. მსაჯების მოსასყიდად კი გარდაცვლილს 5 ათასი ლარი გადასცეს.

მსაჯის ნათესავი ამტკიცებს, რომ მას შემდეგ, რაც თამაში ფრედ, 1-1 დასრულდა, ილია ტუღუშს ფულის უკან დაბრუნება მოსთხოვეს და შვილების მოკვლით ემუქრებოდნენ: '

"ინაიშვილი და ბახტაძე არიან "მაზავშიკები" ამას ისინი შეხვდნენ ბაზაზე, სავარაუდოდ ჩხაიძის დავალებით. საუბარი იყო გარიგებაზე.  ის თამაში უნდა მოეგოთ. როცა თამაში ერთით ერთი დამთვარდა მერე აშანტაჟებდნენ შვილებით, მოგიკლავთო. ოჯახით ემუქრებოდნენ. იყვნენ მასთან ოჯახში და ემუქრებოდნენ"-აცხადებს გარდაცვლილის ნათესავი. 

ლანჩხუთის „გურიას” დირექტორის მოადგილე, ნუგზარ ჩხაიძე ადასტურებს, რომ გარდაცვლილის სახლში იმყოფებოდა, თუმცა მასზე ზეწოლას ან გარიგებულ თამაშებთან კავშირს უარყოფს.

ილია ტუღუშის გარდაცვალებასთან დაკავშირებით კითხვები აქვთ მის თანასოფლელებსა და ახლობლებს. ოჯახის წევრების მსგავსად, რომლებიც გამორიცხავენ მსაჯის მხრიდან თვითმკვლელობას, ილია ტუღუშის მეზობლებიც ეჭვობენ, რომ მომხდარი უკავშირდება გარდაცვლილის პროფესიულ საქმიანობას. კონკრეტულად კი ბოლო თამაშს, რომელიც ლანჩხუთის "გურიას" წაგებით დასრულდა.

„რატომ უნდა მოეკლა თავი, რამეში დამნაშავე იყო თუ რა?“ - ამბობს ერთ-ერთი მეზობელი ჯუმბერ ურუშაძე.

მეზობლები აცხადებენ, რომ გამოძიებამ კითხვებს, რომელიც ამ საქმეზე არსებობს, პასუხი უმოკლეს დროში უნდა გასცეს.

„გამოძიებამ უნდა გაარკვიოს, რანაირად დავადანაშაულო მე. ფეხბურთთან რომ არის დაკავშირებული ყველა ამაზე საუბრობს,“ - აცხადებს ერთ-ერთი მეზობელი.

სოფელ ჩოჩხათში გარდაცვლილის ოჯახში იმყოფებოდა ლანჩხუთის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“. კახა ასკურავა გარდაცვლილის თანასოფლელების მსგავსად, ფაქტის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვს.  

„ოჯახი არის ტრავმირებული, ოჯახი არის ტრაგედიაში ჩავარდნილი და ამ ოჯახს უნდა კონკრეტული პასუხები თუ რა მოხდა ამ საქმესთან დაკავშირებით,“ - განაცხადა კახა ასკურავამ.

ილია ტუღუშის გარდაცვალების ფაქტზე ოფიციალურად გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს. თუმცა ოჯახი ამბობს, რომ ტუღუში მოკლულია და მკვლელობა ჩაწყობილ თამაშებს უკავშირდება.

მსაჯის მეუღლის ინფორმაციით, ილია ტუღუშს გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე სახლში სამმა პირმა მოაკითხა, რომლებიც მას ემუქრებოდნენ და ფულს სთხოვდნენ.

ილია ტუღუში ჩამომხრჩვალი ტყეში გუშინ იპოვეს. საქმეს ფოთის პოლიცია იძიებს, თუმცა სამართალდამცავები არ საუბრობენ, დაიკითხნენ თუ არა ის პირები, რომლებიც გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა დაასახელეს. 

 

'.$TEXT['print'].'