ნოდარ ლადარია:"საახალწლო ამბები მართლმადიდებელი რუსეთიდან"
ავტორი: გურიის მოამბე
ნოდარ ლადარია:"საახალწლო ამბები მართლმადიდებელი რუსეთიდან"

ჩვენი მოჯაველინეებისა არ იყოს, მე-17 საუკუნის რუსეთშიც ეგონათ, რომ მთავარია, ვინმეს რამე ააშენებინო, კონსულტანტები დაიქირავო და მერე ადვილად აითვისებ ყველაფერს. ჰოდა, ვოლგაზე ინგლისელებს ოცდაორქვემეხიანი ხომალდი ააგებინეს - კასპიის ზღვაზე სავაჭრო ნავების საბადრაგოდ უნდოდათ.

ხომალდი 9000 მანეთი დაჯდა, ანუ საშუალო ქალაქის წლიური შემოსავალი. სახელიც ამაყი შეურჩიეს - "არწივი".
მერე წვრთნისა და აღჭურვის პროგრამას კაპიტან დევიდ ბატლერის ინგლისური ეკიპაჟი შეუდგა.
ხომალდი ჯერ კიდევ ნაპირთან იდგა, როდესაც სტეპან რაზინის აჯანყება დაიწყო. მეზღვაურები გაიქცნენ, ბორტზე კი რაზინის კაზაკები აცვივდნენ.
ამათ ვერაფერი გაუგეს რთულ საიალქნო სისტემას და ყოველივე უცნობთან, იდუმალთან და გაუგებართან მოქცევის ტრადიციული ხერხი იხმარეს: "არწივს" ცეცხლი წაუკიდეს.

 

მე-17 საუკუნის მეორე ნახევარში ცნობილი ყაჩაღი, ატამანი სტეპან რაზინი, რომელსაც საბჭოთა ისტორიოგრაფიამ ჩაგრულთა უფლებებისათვის მებრძოლის შარავანდედი დაადგა, რამდენიმე წლის განმავლობაში იყო ქალაქ ასტრახანის ბატონ-პატრონი.
მეამბოხე ატამანი დაუღალავად იბრძოდა ასტრახანის მოსახლეობაში სამოქალაქო შეგნების გასავითარებლად და თვალსაჩინო წარმატებასაც მიაღწია. ბავშვებიც კი უფლებრივი სახელმწიფოს პრინციპებით იზრდებოდნენ.
მაგალითად, ძალიან გავრცელდა თამაში "სასამართლო".

რამდენიმე ბავშვი შეიკრიბებოდა, გაითვლიდნენ და ასე დაადგენდნენ "ბრალდებულს". შემდეგ იწყებოდა საქმის გარჩევა, გამოჰქონდათ განაჩენი და ბოლოს ხდებოდა მისი აღსრულება. ბავშვები თანატოლს ან ჯოხებით სცემდნენ, ან თავდაყირა ჰკიდებდნენ ხის გამძლე ტოტზე.

თამაში ძალიან პოპულარული იყო და მასთან დაკავშირებული სამოქალაქო ენთუზიაზმი იმდენად დიდ ინტენსივობას აღწევდა, რომ ქალაქის მემატიანეებმა რამდენიმე სასიკვდილო შემთხვევის აღწერაც შემოგვინახეს.

 

დიდი ზარალი მიაყენა ჩვენს ერთმორწმუნე ძმებს სპარსეთის მბრძანებელმა, შაჰ-აბას პირველმა. ერთხელ, 1623 წელს, რუსეთის ელჩი, თავადი გრიგორი ტიუფიაკინი მოუწვევია სადილზე და მოსკოვიის მეფის სადღეგრძელოც დაულევინებია... არ ვიცი, რას სვამდნენ ისლამურ ქვეყანაში, მაგრამ ტიუფიაკინი სასმისს ვერ მოერია და ბოლო წვეთამდე ვერ დაცალა.

სამშობლოში დაბრუნებისას უბედურმა ელჩმა აღმოაჩინა, რომ პატრიარქ ფილარეტ რომანოვს ეს ამბავი უკვე ჩაუკაკლეს. ჰოდა, მოუწია ციხეში ჩაჯდომა ქონების კონფისკაციით...

 

ცნობილია, რომ უწყნარესი მეფის, ალექსი მიხაილოვიჩ რომანოვის დროს სისასტიკემ იკლო და მართლმსაჯულება უფრო ზომიერი გახდა. მაგალითად, სიკვდილით დასჯა ამ უქრისტიანეს სახელმწიფოში ბერად აღკვეცამ შეცვალა.
თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ, დღევანდელისა არ იყოს, მაშინაც მხოლოდ მოსკოვში იგრძნობოდა სასიკეთო ცვლილებები, დანარჩენ სამეფოში კი კვლავინდებურად ჭრიდნენ ხელებს, ფეხებსა და თავებს...

მოგეხსენებათ, ტრადიციულ საზოგადოებაში ცვლილებაც ტრადიციული უნდა იყოს. ჰოდა, ისიც გავიხსენოთ, რომ ეს დიდი გულმოწყალება ალექსი მიხაილოვიჩის დროს კი არ დაწყებულა, არამედ მამამისის, მიხაილ ფიოდოროვიჩის დროსაც შეინიშნებოდა.
მაგ დროს კი იყო ერთი ძალიან ჭკვიანი კაცი, ივან ანდრეევიჩ ხვოროსტინინი. თუმცა ალბათ არც ისე ჭკვიანი იყო, რადგან მეფის მამასთან და მოსკოვის პატრიარქთან, ფილარეტთან (ერიკაცობაში ფიოდორ რომანოვი) კერძო საუბარში წამოსცდა: ერეტიკული წიგნები არ არსებობსო. აზრი იმდროინდელი რუსეთისა და დღევანდელი საქართველოსათვის ერთობ გაბედული და ღრმა იყო...

ახლა კი თავად განსაჯეთ: ხომ შეეძლო ფილარეტს ხვოროსტინინის თავი წითელ მოედანზე გაეგორებინა? - მაგრამ არა! უქრისტიანესმა მეუფემ მას ციმბირში უვადო გადასახლება აკმარა!.. დიდ არს, ღმერთო, სასწაული შენი!

 

რუსეთში უცხო ქვეყნებში მოგზაურობა ცოდვად მიიჩნეოდა და ყველას აღსარებაზე უნდა მოენანიებინა. მიუხედავად ამისა, მეფე ალექსი მიხაილოვიჩს, პეტრე პირველის მამას, ძალიან უყვარდა ყველაფერი ევროპული: ევროპული ეტლებით მოგზაურობდა (ადგილობრივი ნახელავი ტრაკსა სტკენდა), ევროპული ნივთებით სავსე ჰქონდა საცხოვრებელი დარბაზები, კოლომენსკოეში თეატრალურ და საბალეტო წარმოდგენებს მართავდა უცხოელი მსახიობების მონაწილეობით, ქვეშევრდომთაგან დაფარულად სურათებისა და გრავიურების თვალიერებითაც ტკბებოდა - ქვეშევრდომებს სურათები, განსაკუთრებით კი პორტრეტები ჯადოქრობად მიაჩნდათ.

ერთი სიტყვით, უკიდეგანო ქვეყნის მეფე ისევე იქცეოდა, როგორც საშუალო ნომენკლატურული რგოლის თბილისელი წევრის ან კაი მაღაზიის საქონელმცოდნის ცოლი 1970-იან ან 80-იან წლებში. მაგრამ ესეც არ არის მთავარი... ყველაზე მნიშვნელოვანი სხვაა: მეფის ყველა გატაცების უზრუნველყოფასა და კონტროლს ახდენდა . . საიდუმლო "პრიკაზი", სწორედ ის დაწესებულება, რომელიც ჯერ ოხრანკის, შემდეგ ჩეკას, შემდეგ შინსახკომის, შემდეგ კგბ-, ბოლოს კი ფსბ- სახელითაა ცნობილი.
განათლებულ მკითხველთან ბოდიშს ვიხდი გეპეუ- გამოტოვებისთვის.

 

მე-17 საუკუნეში რუსეთის ყველაზე ცნობილი ექიმი იყო ვინმე სტეფან ფონ გადენი, რომელიც გერმანელი კი არა, პოლონელი ებრაელი იყო და სინამდვილეში დანიელ ჟიდოვინოვი ერქვა.
ცნობილი ექიმი, რა თქმა უნდა, მეფის ოჯახს ემსახურებოდა. 1683 წელს, სტრელცების პირველი ამბოხის დროს სახლში შეუვარდნენ და მეფე ფიოდორ ალექსეევიჩის მკვლელობა დააბრალეს, თანაც უკვე გამზადებული დეტალებით: ვაშლში შხამი ჩაუწვეთეო.

სასტიკი წამების შედეგად ვერაფერი გაიგეს, მაგრამ ჩხრეკისას ექიმის სახლში გამხმარი რვაფეხა იპოვეს, ჯადოქრობა დასწამეს და ჯერ მისი 22 წლის ვაჟი მოკლეს, მეორე დღეს, 1683 წლის 17 მაისს კი თვითონ გაიყვანეს წითელ მოედანზე, ჯერ შუბებზე წამოცმული მაღლა ასწიეს, მერე კი ხმლებით აკუწეს წვრილად...

 

(ბონუსი სტეპან რაზინის მოყვარულთათვის)

სპარსელი პრინცესა, რომელსაც ხშირად მოიხსენიებენ სტეპან რაზინთან ერთად, არ არის ფოლკლორული პერსონაჟი, არამედ სავსებით ისტორიული პიროვნებაა - გილიანის პროვინციის გუბერნატორის, ბუდარ-ხანის ქალიშვილი. რაზინმა ის და მისი უასაკო ძმა ნავიდან ტყვედ აიყვანა.
ჰოლანდიელი მოგზაურის ცნობით, გოგონა ლამაზი და თავაზიანი იყო, მანაც შეიყვარა რაზინი "მისი სისასტიკის შიშითა და თავისი უბედურების დასავიწყებლად".

ერთ მშვენიერ დღეს, მთვრალმა რაზინმა აიჩმეა, მატუშკა-ვოლგას საჩუქარი უნდა გავუკეთოო, და კაზაკების თვალწინ ტყვე ქალი პირდაპირ წყალში ისროლა.

ბიჭს კიდევ უფრო უარესი ბედი ეწია: სპარსელებთან წარუმატებელი ვაჭრობის შემდეგ რაზინი გაბრაზდა, ბავშვს ნეკნებში რკინის კაუჭი გაუყარა და ასე დაკიდა ანძაზე.

 

დანიის პრინცების ბედშავობა საყოველთაოდ ცნობილია. მაგალითად, 1644 წელს ერთ მათგანს, ვალდემარს საშინლად არ გაუმართლა და რუსეთის მეფესთან მიხეილ რომანოვთან ხელშეკრულებით ჩავიდა მოსკოვში. ვალდემარს მეფის ასული უნდა შეერთო, მაგრამ საცოლე არ აჩვენეს - მხოლოდ ის უთხრეს, კაი შესახედავია და ლოთიც არ არისო.
მერე მართლმადიდებლობის მიღება მოსთხოვეს. ვალდემარმა კონტრაქტი შეახსენა. ამაზე მიუგეს, რომ კონტრაქტი კი არა, აქ ხელმწიფის ნება არისო ერთადერთი კანონი. ვალდემარმა ქორწინებაზე უარი თქვა, მაგრამ მოსკოვიდან არ გაუშვეს.
ვალდემარს მობეზრდა კრემლში ჯდომა, დაშნა იშიშვლა, კარებთან მდგომი სტრელეცი გაფატრა და გაიქცა, მაგრამ დაიჭირეს და ბეგვეს.
ისტორია მაინც ჰეპიენდით დასრულდა: 1645 წელს სასიმამრო მიხეილ ფიოდოროვიჩ რომანოვი მოკვდა და ვალდემარიც მშვიდობიანად დაუბრუნდა ელსინორს.

 

მეფე ვასილ შუისკის ძალიან უნდოდა დაემტკიცებინა, რომ უფლისწული დიმიტრი მართლა მოკვდა. ჯერ გვამი ამოათხრევინა, მაგრამ თხუთმეტი წლის შემდეგ ისეთ მდგომარეობაში იყო, გამოფენას მოერიდა. ამიტომაც სხვანაირი შოუ მოაწყო:
მოაკვლევინა ვიღაც მღვდლის ცხრა წლის ვაჟი და მისი გვამი, სამეფო ბისონით მოსილი და ხელში ოქროს ჯვრით, დაასვენა საკათედრო ტაძარში.
მალევე დაიწყო სასწაულები: გვამთან მიახლოებული სნეულები და ხეიბრები მაშინვე იკურნებოდნენ. ოღონ შოუს დასასრული მაინც მარცხიანი აღმოჩნდა: ერთ-ერთი მათხოვარი გვამს ემთხვია და მოკვდა.
მერე ამბობდნენ, რომ მეფე ვასილის მტრებმა მომაკვდავი შეაგზავნესო, მაგრამ რას გაუგებ ისტორიას.

 

'.$TEXT['print'].'