76 წლის ქალბატონს, რომელიც ფაქტობრივად ნანგრევებში ცხოვრობს, სოციალური დახმარება მოუხსნეს
ავტორი: გურიის მოამბე
76 წლის ქალბატონს, რომელიც ფაქტობრივად ნანგრევებში ცხოვრობს, სოციალური დახმარება მოუხსნეს

ლანჩხუთში, ჭავჭავაძის ქუჩაზე 76 წლის მარტოხელა ქალბატონი, რომელსაც უმძიმესი საცხოვრებელი პირობები აქვს, შიშობს, რომ თოვლის მოსვლის შემთხვევაში, შესაძლოა საცხოვრებელი სახლის გარეშე დარჩეს. 

ქეთევან ჩხაიძე, მიუხედავად მისი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობისა და სიდუხჭირისა, გასულ წელს სოციალურად შეჭირვებულთა ბაზიდან ამოვარდა და ფულადი შემწეობა, რომელსაც სახელმწიფოსგან წლების განმავლობაში იღებდა, გაურკვეველი მიზეზების გამო მოეხსნა.

ქალბატონის საცხოვრებელი პირობები და შემოსავლები, რომელიც წლების განმავლობაში 37 ათას სარეიტინგო ქულად იყო შეფასებული, 2017 წელს სოცაგენტის მორიგი ვიზიტის შემდეგ ორჯერ იმის გამო გაიზარდა, რომ საჯარო რეესტრში მისი მულის სახელზე რეგისტრირებული 4000 კვ.მ მიწა შემთხვევით აღმოუჩინეს, რომლის დამუშავებასაც ავადმყოფობის გამო ვერ ახერხებს. 

მოხუცი ქალბატონი, ორსართულიანი ხის სახლის პირველ სართულზე მხოლოდ ერთ ოთახს იყენებს საცხოვრებლად, რადგან დანარჩენი გამოუსადეგარია. 

სახლის არც სახურავია ვარგისი და არც ჭერი.  ნახევრად ჩამოშლილია კედლები და ჩავარდნილია იატაკი. უმძიმეს პირობებში ქალბატონი წლებია ცხოვრობს. არა ერთხელ მიმართა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, თუმცა გარდა წელიწადში ერთხელ გაცემული ერთჯერადი დახმარებისა, ბიუჯეტში მწირი თანხების მომიზეზებით, მისთვის სხვა სახის დახმარების გაწევა ვერ შეძლეს. 

ქალბატონი ამბობს, რომ გასულ წელს გამგეობაში ბინის ქირავნობის პროგრამაში ჩართვა შესთავაზეს, თუმცა მხოლოდ ერთი წლით, რის გამოც სახლის დატოვებისგან თავი შეიკავა:

"ერთი წლით დაგიქირავებთ ბინასო. მერე სად წავსულიყავი? ეს სახლი, თუ წელს დიდი თოვლი მოვიდა ვერ გაუძლებს და თავზე ჩამომენგრევა. სამშენებლო მასალა რამე მაინც რომ მოეცათ, შევაკეთებდი ცოტას და სახლი დანგრევას გადაურჩებოდა.  ჭერი საშინელ დღეშია, იატაკი უვარგისია, კედლები ფაქტიურად არ არის. ამ ერთ ოთახში ვცხოვრობ და აქ არის ჩემი საძინებელი, სამზარეულო და ყველაფერი. მეც ავად ვარ, ძალა აღარ შემწევს. ერთი პენსია მაქვს და ისაა ჩემი წამლის ფულიც, საჭმელისაც და ყველაფრის ერთად. სულ მქონდა ეს ფულადი დახმარება, წლების განმავლობაში, შარშან 114 ათასი ქულა მომივიდა. მერე ისევ გადამამოწმეს და 86 ათასზე ჩამომიყვანეს, მაგრამ ფულს აღარ მაძლევენ"-გვიყვება ქალბატონი. 

ქეთევან ჩხაიძის პრობლემაზე თვითმმართველობის არჩევნებამდე ლანჩხუთის გამგეობაში აცხადებდნენ, რომ ქალბატონის პრობლემას კარგად იცნობენ და რომ მისთვის ერთჯერადი დახმარება გაუწევიათ კიდეც. შესთავაზეს ბინის დაქირავებაც, რაზეც უარი მიიღეს: 

"ქალბატონის პრობლემები მუნიციპალიტეტის გამგეობისთვის კარგადაა ცნობილი. ჩვენ გასულ წელს შესაძლებლობის ფარგლებში დავემხარეთ მას, გარდა ამისა, შევთავაზეთ „ქირავნობის პროგრამაში“ ჩართვა, თუმცა ქალბატონმა ამაზე უარი განაცხადა"

ჩათვლის თუ არა საჭიროდ ლანჩხუთის მერია წელს რაიმე სახის დახმარება გაუწიოს მარტოხელა და უმძიმეს პირობებში მყოფ მოხუც ქალბატონს, ამაზე ჯერ პასუხი არ აქვთ. 

 

 

'.$TEXT['print'].'