ოზურგეთის მერია საბავშვო ბაღებში ხელფასების გაზრდას გეგმავს
ავტორი: გურიის მოამბე
ოზურგეთის მერია საბავშვო ბაღებში ხელფასების გაზრდას გეგმავს

ოზურგეთის მუნიციპალური საკრებულო მთავარ საფინანსო დოკუმენტს განიხილავს.

ამ წუთებში ოზურგეთის მერიის სხდომათა დარბაზში ოზურგეთის მუნიციპალური საკრებულო წლის მთავარ  საფინანსო დოკუმენტს - ბიუჯეტის პროექტს - განიხილავს.

დეპუტატების წინაშე სიტყვით მერიის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსი, გია მამაკაიშვილი გამოდის, რომელიც საკრებულოს წევრებს ბიუჯეტის პრიორიტეტებს აცნობს.

ინფრასტრუქტურა, სოციალური, განათლება, კულტურა-როგორც გია მამაკაიშვილმა განაცხადა, ბიუჯეტში გათვლილ მთავარ პრიორიტეტებთან ერთად, მათი უპირველესი სურვილი სკოლამდელ დაწესებულებებში სახელფასო სარგოების გაზრდა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაა.

მისივე თქმით, მერია ყველანაირად შეეცდება, რომ ამ მიმართულებით სერიოზული ცვლილებები გაატარონ: 

"ძალიან სამარცხვინო ხელფასები აქვთ იმ ადამიანებს, ვინც მთელი დღეების განმავლობაში ბავშვების აღზრდაზე მუშაობენ და ძალიან დიდ ენერგიას ხარჯავენ. უპირველესად, გეგმაში გვაქვს, რომ მათი სახელფასო სარგოები გაიზარდოს და ზოგადად სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვალოს სააღმზრდელო დაწესებულებებში"-აღნიშნა მამაკაიშვილომა. 

საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, ლელა საჯაიამ "გურიის მოამბესთან" აღნიშნა, რომ თანხების მოძიების შემთხვევაში, პირველ ეტაპზე საბავშვო ბაღების იმ თანამშრომლების ხელფასების გაზრდა მოხდება, ვისაც ეს პროცესი აქამდე არ შეხებია: 

"იცით თქვენ, რომ ერთხელ მოხდა სააღმზრდელო დაწესებულებების პერსონალზე ხელფასების მატება, თუმცა ეს ყველა კატეგორიას არ შეხებია, ანუ, აღმზრდელის თანაშემწეს და ტექნიკურ სამსახურს. მიზერულ ხელფასებზე მუშაობენ ეს ადამიანები. ამიტომ, მათი ხელფასების მომატებაზე სერიოზულად უნდა ვიფიქროთ. სკოლამდელი აღზრდისთვის 3 მილიონი ლარია ბიუჯეტიდან გამოყოფილი, იცით, რომ კვება უფასოა და ამ თანხიდან ვერ მოხდებოდა ხელფასების გაზრდა. თუმცა, უახლოეს ხანებში ამის გაკეთებას შევძლებთ"-გვითხრა საჯაიამ. 

სხდომას 46 დეპუტატიდან 41 ესწრება. ასევე, ოზურგეთის მერი და მერის მოადგილე. 

'.$TEXT['print'].'