მეკვლე ცხენით, თოფის გასროლა და აგუნას გადაძახილი - კალანდა გურიაში
ავტორი: გურიის მოამბე
მეკვლე ცხენით, თოფის გასროლა და აგუნას გადაძახილი - კალანდა გურიაში

„კალანდა 2018“ შალვა რადიანის სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ყველა ძველი ტრადიციის დაცვით ჩატარდა.

აგუნას გადმოძახილი, მეკვლის ფეხადობა, ცხემლის ჭრა, ჩიჩილაკის დამზადება, გურული ღვეზლის ცხობის უძველესი რიტუალი და მუცლის სალოცავი კალანდობისთვის დამახასიათებელი უძველესი ტრადიციებია.

სახალხო დღესასწაულს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე, გუბერნატორის მოადგილე ქეთი მოისწრაფეშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

გაიმართა ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების: „შემოქმედი,“ „იადონი,“ „ელესა,“ „ვახტანგურის“ კონცერტი.

სახალხო დღესასწაული სტუმრებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ მიულოცა.

„ჩვენს ძირძველ ტრადიციულ დღესასწაულს გილოცავთ ჩემო გურულებო. ვულოცავ სრულიად საქართველოს. კალანდობა გამორჩეული სახალხო დღესასწაულია. მას სხვა ელფერი და ეშხი აქვს. გისურვებთ გურული მეკვლის ხონჩასავით ბარაქიანად შემოსულიყოს ჩვენში კალანდა. შემოეტანოს ღვთის წყალობა, დოვლათი და ბედნიერება,“- აღნიშნა მერმა.

„კალანდა 2018“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის, ა.(ა)ი.პ. კულტურისა და მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრის, ასევე, ა(ა)ი.პ. „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის“ ორგანიზებით ჩატარდა.

კალანდა, ჩიჩილაკი და გურია

კალანდის დილა თოფების გრიალით იწყებოდა და ასე ამცნობდნენ გურულები ერთმანეთს ახალი წლის შემობრძანებას. მანამდე კი იყო რიტუალები, რომლისთვისაც მზადებას გურული კაცი თურმე 40 დღით ადრე იწყებდა. პირველ რიგში, საკალანდო ღორს და მამალს სასუქში ჩასვამდნენ, დაკვლამდე კარგად რომ გასუქებულიყო. მთელი რიგი სამზადისისა უკვე 13 იანვრის, ანუ ცხემლის ჭრის საღამოს იწყებოდა, როცა ოჯახიდან მამაკაცები ტყეში ცხემლის საჭრელად წავიდოდნენ, კალანდა ღამეს ღუმელები და ბუხრები აუცილებლად მისი შეშით უნდა ანთებულიყო და გამთბარიყო, რათა მთელი წლის განმავლობაში კერიას სითბო და ჩაუქრობელი ნაკვერჩხალი დაბედებოდა. მთავარი რიტუალი უკვე გამთენიისას იწყებოდა, როცა ოჯახის უფროსი ხის გობზე ჩიჩილაკს, ღორის თავს, ნაზუქებს და ტკბილეულს დაალაგებდა და სახლს და ბეღელს სამჯერ შემოუვლიდა შეძახილით: `რა მოგაქვს, რა მოგაქვსო~? მერე სამჯერ კარზე დააკუნებდა, საიდანაც დიასახლისი გამოსძახებდა: `სიუხვე და ბედნიერება შემოგეტანოსო~ და გამზადებულ სუფრას, სხვა წევრებთან ერთად, შემოუსხდებოდნენ. მკაცრად ამუშავებული იყო მეკვლის ინსტიტუტიც. ოჯახი ვისაც მეკვლედ შეასახელებდა კალანდობის მეორე დღეს, 15-ში აუცილებლად ის უნდა მისულიყო პირველი მათთან და შემდგომი ყველა სიკეთე, ხვავი და ბარაქა მისი ფეხის დამსახურებად ითვლებოდა.

ოზურგეთის ისტორიული მუზეუმის ფონდების მცველი, მანანა ლომაძე აცხადებს, რომ მნიშვნელოვანი დღესასწაულის ძველი ტრადიციები და კულტურა დღემდე მოტანილი და დაცულია: `კალანდა, რომაული სიტყვაა და თვის დასაწყისს ნიშნავს. გურიაში საიდან დღესასწაულობენ კალანდობას ძნელი დასადგენია. მასთან რამდენიმე საინტერესო რიტუალია დაკავშირებული, რომელიც დღემდე დაცული და მოტანილია. ჩიჩილაკსაც გურული კაცი ყოველთვის ყიდულობს და ადრიდანვე იჭერს თადარიგს მნიშვნელოვანი საერო დღესასწაულის ღირსეულად შესახვედრად~.

როგორც დამამზადებლები და გამყიდველები ამბობენ, ჩიჩილაკზე, როგორც კალანდობის აუცილებელ ატრიბუტზე, მოთხოვნილება გასულ ორ წელთან შედარებით გაცილებით გაზრდილა. თხილის ტოტებისაგან მოსართავად გამზადებულ ჩიჩილაკს, თავზე სუროსა და კურკანტელასაც ძველი ტრადიციების დაცვით ბარაქის ნიშნად ამატებენ: `ბებიაჩემი აუცილებლად დააყოლებდა სუროსა და კურკანტელას ჩიჩილაკს და როცა სახლში შემოიტანდა, ლოცვას თან დააყოლებდა: `ღმერთმა ბარაქა და წყალობა არ მოაკლოს ჩვენს ოჯახებსო~.

მსახიობი იური ჯიჯიეშვილი, ყველა იმ დეტალთან ერთად, რაც კალანდის დღესასწაულს ახლდა თან, ამ დღისთვის დამახასიათებელი სუფრების განსაკუთრებულ აკადემიურობასაც უსვამს ხაზს, რასაც თურმე არც ღრეობა ერქვა და არც ქეიფი. ეს უფრო უდიდესი ტრადიციებისა და კულტურის სადღეგრძელოებში გადმოცემისა და ხალასი იუმორის შეჟიბრში გამოწვევა ყოფილა. გაცილებით მეტი მხიარულებითა და უწყინარი ხუმრობებით: `ამ სუფრებს საოცარი, უფრო აკადემიური დატვირთვა ჰქონდა. ისეთი სადღეგრძელოები ითქმებოდა, ისეთ ამბებს გაიხსენებდნენ, უამრავ რამეს შეიძენდი ცოდნის მხრივ ადამიანი. ჩემს სოფელში ტრადიცია იყო, რომ ყველა ჩვენს სახლში იკრიბებოდა. მამაჩემი ბუღალტერი კაცი იყო და მსუყე ოჯახებს არჩევდნენ. ერთხელ მახსოვს მოვიდა ახალგაზრდების ერთი ჯგუფი, დაულაგა დედაჩემმა და ბებიაჩემმა ხის კალათი ტკბილეულითა და საჭმლით, მერე მეორე ჯგუფი მოვიდა იმათაც ასე გაატანეს ყველაფერი, ბოლოს კიდევ ერთი გამოუშვეს და იმათაც რომ ჩაულაგეს, საღამოს სუფრაზე დასადები აღარაფერი დაგვრჩენოდა და მერე მეზობლებმა მოგვიტანეს საჭმელები~.

ამბობს იმასაც, რომ ტრადიცია ოჯახში დღემდე შენარჩუნებული აქვს და სალოცავი სიტყვებიც მომზადებული, თითოეული გურულისთვის კალანდა საღამოსთვის გასამეტებელი და ყველა მათგანისთვის განსაკუთრებით მისაღებიც.

'.$TEXT['print'].'