"ადრე რკინის საწოლებს იპარავდნენ, ახლა ღორების ქურდობა დაიწყო"-ქურდობა ჭანიეთში
ავტორი: გურიის მოამბე
"ადრე რკინის საწოლებს იპარავდნენ, ახლა ღორების ქურდობა დაიწყო"-ქურდობა ჭანიეთში

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთში ქურდობის ფაქტებმა იმატა, ამის შესახებ "გურიის მოამბეს" რამდენიმე ადგილობრივმა აცნობა, რომლებიც რედაქციას სტუმრობდნენ.

როგორც ისინი ჩვენთან საუბრისას აცხადებენ, სოფელში ბოლო დღეებში ორი საცხოვრებელი სახლი გაქურდეს, საიდანაც საყოფაცხოვრებო ნივთები წაიღეს. ორივე სახლი გვარად ლომჯარიებს ეკუთვნით, ერთი მათგანი ბ.ლომჯარიას ოჯახი დედაქალაქში ცხოვრობს და აქ მხოლოდ ზაფხულობით ჩამოდიან. მეორე ს.ლომჯარიას სახლი კი დაკეტილია. 

"ძირითადად დაკეტილ სახლებს ქურდავენ, გააქვთ ყველაფერი, ლეიბები, საბნები, ქვაბები, რისი წაღებაც კი შესაძლებელია. ალბათ ყიდიან მერე"-გვეუბნება ქალბატონი, რომელიც ვინაობის გამხელისგან თავს იმ მოტივით იკავებს, რომ მიუხედავად სოფელში მომხდარი არა ერთი ქურდობის ფაქტისა, მისი გახმაურება არ სურთ. 

"არა ერთი ფაქტია ქათმის, ხბოს, ღორის მოპარვის. მაგრამ ხმას არავინ არ იღებს. ალბათ მხოლოდ უბნის რწმუნებულს ეუბნებიან და ელოდებიან როდის მოეღება ამას ბოლო. გასულ წელს რკინის საწოლებზე იყო მაღალი მოთხოვნა. თუ კი რომელიმე სახლში რკინის საწოლი იდგა და პატრონს სადმე გასულს დაიგულებდნენ, იპარავდნენ და ალბათ ჯართში აბარებდნენ. ახლა შინაური ფრინველებისა და ცხოველების ქურდობას მიჰყვეს ხელი. მოშივდა ხალხს და თუ ვინმესთან რამეს დაიგულებენ, სტაცებენ ხელს"-გვითხრა ქალბატონმა.

როგორც ჩვენი რესპონდენტი აღნიშნავს, სოფელში გახშირებული ქურდობის ფაქტზე, ჩვენ გამგებლის წარმომადგენელს ჭანიეთში ირაკლი რამიშვილს დავუკავშირდით. 

რამიშვილი გვპასუხობს, რომ მისთვის კონკრეტული ქურდობის ფაქტზე არავის არ მიუმართავს: "ჩემთან არავინ მოსულა და არ უთქვამს, რომ რამე მოპარეს, უბნის რწმუნებული გვყავს და ალბათ იმასთან გაარკვევდნენ". 

 

 

'.$TEXT['print'].'