ოზურგეთს ვახტან ბლაგიძის საერთაშორისო ტურნირი უბრუნდება
ავტორი: გურიის მოამბე
ოზურგეთს ვახტან ბლაგიძის საერთაშორისო ტურნირი უბრუნდება

ცნობილი ოზურგეთელი მოჭიდავის, მოსკოვის 1980 წლის ოლიმპიადის გამარჯვებულის, ბერძნულ რომაულ ჭიდაობაში, ვახტანგ ბლაგიძის საერთაშორისო ტურნირი მიმდინარე წელს აღდგება და მას კვლავ ოზურგეთი უმასპინძლებს.

ამის შესახებ "გურიის მოამბეს" გურიის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, ლაშა ლომაძემ აცნობა.

მისივე განცხადებით, ვახტანგ ბლაგიძის საერთაშორისო ტურნირი მიმდინარე წელსვე აღდგება, ის ოზურგეთის ოლიმპიური სახლის პატრონაჟით ჩატარდება და მას კვლავ ვახტანგ ბლაგიძის სახელობის ოზურგეთის სპორტის სასახლე უმასპინძლებს:

"სამწუხაროდ, ტურნირი რომელშიც უამრავი სხვადასხვა ქვეყნების ცნობილი ფალავნები მონაწილეობდნენ და რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა როგორც საქართველოს, ასევე ოზურგეთის ჭიდაობის სკოლისათვის, რამდენიმე წელია აღარ ტარდება. ამ ტურნირის აღდგენა კიდევ უფრო მაღალ დონეზე აიყვანს ოზურგეთის საჭიდაო სკოლას და უდიდეს გამოცდილებას შესძენს ჩვენს ფალავნებს" - თქვა ლომაძემ.

ამ ტურნირის დავიწყებაზე არაერთი განცხადება გააკეთა თავად ოლიმპიურმა ჩემპიონმა ვახტანგ ბლაგიძემ. ის როგორც ოფიციალურ განცხადებებში, ასევე პირად საუბრებში უკმაყოფილებას გამოთქვამდა ადგილობრივი ხელისუფლების ამ ტურნირისადმი გულგრილი დამოკიდებულების გამო.

ლაშა ლომაძე გურიის ოლიმპიურ კომიტეტს 2008 წლიდან ხელმძღვანელობს, მან ამ პოსტზე ვახტანგ ბლაგიძე შეცვალა.

 

'.$TEXT['print'].'