სამი მცირეწლოვანის ცხოვრება ვაგონში-"მათთვის უცხოა ტკბილეული, ხორცი, კარაქი"...
ავტორი: გურიის მოამბე
სამი მცირეწლოვანის ცხოვრება ვაგონში-"მათთვის უცხოა ტკბილეული, ხორცი, კარაქი"...
"ბავშვების საცოდაობით დაიწვება ადამიანი, ზაფხულში ფანჯარას ვერ აღებენ და იხუთებიან ამ ვაგონში, ზამთარში ისე წვალობენ, ლამის გაიყინონ, სამი ბავშვი ასეთ პირობებში შეიძლება? არავინ ყურადღებას არ აქცევს. რამდენჯერ დაწერა განცხადება და შეიტანა გამგეობაში, მაგრამ მისვლითაც არ მისულა არავინ, ენახათ რა პირობებში არიან. ასეთი ხალხი სჭირდებათ მხოლოდ იმისთვის, რომ ხმა მიიღონ, სხვა მხრივ არც ადარდებთ მოკვდებიან, თუ იცოცხლებენ. არა გაზი, არა გზა, არა შუქი, ასეთი გაჭირვებული ოჯახი არ მგონია სხვა იყოს სადმე"-გვიყვება გურიანთაში მცხოვრები ხუთსულიანი ოჯახის, აროშიძეების  ახლობელი.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში, ზეგანის დასახლებაში მანანა და ომარ აროშიძეები სამ შვილთან ერთად, წლებია მატარებლის ვაგონში ცხოვრობენ. ოჯახი სოციალურად შეჭირვებულთა კატეგორიას მიეკუთვნება და როგორც დიასახლისი გვიყვება, გარდა ამ ფულადი შემწეობისა, მათ სხვა შემოსავალი არაფერი გააჩნიათ: "მხოლოდ 250 ლარი, ესაა ჩვენი ყოველთვიური შემოსავალი. არც ერთი დასაქმებული არ ვართ, ჩემი ქმარი ერთჯერად სამუშაოზე დადის, ისიც თუ გამოჩნდა სადმე და 10-15 ლარს შოულობს. ამით რას ვიზამთ? გზა ჩვენთან მოსავლელი საშინელ მდგომარეობაშია, გაზი ჩვენ არ გვაქვს, შუქიც არ გვქონდა და ჩვენით გავაკეთეთ ეზოში აკაციის ბოძზე გავაბით სადენი. ახლა ისიც ნახევრად წაქცეულია და პატრონი არ გვყავს არავინ"-გვიყვება მანანა აროშიძე.

აროშიძეების სამი შვილი, აქედან ყველაზე პატარა ერთი წლის და 2 თვისაა, მშობლებთან ერთად ერთ ვაგონში ცხოვრობს, რომელსაც სამზარეულოდაც იყენებენ და საძინებლადაც. ბავშვებს არა აქვთ სამეცადინო კუთხე და არც ის ელემენტარული პირობები, რაც მოზარდებისთვისაა საჭირო. უფრო მეტიც, დიასახლისი გვეუბნება, რომ თვეები ისე გავა, ბავშვებს ნორმალური საკვები არა აქვთ: "მთავარია სკოლიდან რომ მოვლენ, დახვდეთ რამე თბილი საჭმელი, სუპი, ან მოხარშული მაკარონი. ხანდახან კარტოფილს ვწვავ. ამათთვის უცხოა ტკბილეული, ხორცი, კარაქი. ხილს მეზობლები თუ მოუტანენ ხანდახან. პატარასთვის  რძეს მეზობელი მაძლევს, დღეს პამპერსი ნისიად წამოვუღე პატარას აფთიაქიდან. ავიღებთ სოცოილაურს და გადავიხდი".

აროშიძეებს ეზოში ჩამდგარ ვაგონზე, მიდგმული ორი პატარა ხის ოთახი აქვთ, რომელიც საცხოვრებლად უვარგისია. კედლები დახსნილია, ხე კი დამპალი. ოჯახის უფროსი გვეუბნება, რომ ყველგან წყალი უვლის და ზამთარში აქ გაძლება შეუძლებელია: "ის ორი ხის ოთახი ფაქტიურად უვარგისია. დალპა ხეები სულ. არც სახურავი აქვს. ამდენხანს ვაგონში არ უვლიდა წყალი, ახლა აქედანაც ჩამოდის. ის რომ ყველაფერი სველდება ესრთი პრობლემაა, მთავარი საზრუნავი ის გვაქვს, რომ ასე მოუწესრიგებელ პირობებში ბავშვები როგორ ვაცხოვროთ ამ ზამთარში. შეშა ხომ გვინდოდა გასათბობად, გამოვართვი მეზობელს, 250 ლარად მომყიდა, მაგრამ ამის გამო უნდა ვიმუშაო მასთან სახლში ერთი თვე და ასე გავისტუმრო ეს თანხა"-გვიყვება ოჯახის უფროსი.

აროშიძეებს სოციალურ და ყოფით პრობლემებთან ერთად, უმცროსი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაც აწუხებთ. პატარას დაბადებიდან ფეხბრუდობა აწუხებს  და მას სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროება, რისი საშუალებაც ოჯახს არ გააჩნია: "ბათუმში მყავდა წაყვანილი, იქ მითხრეს თბილისში უნდა გაუკეთოთ სასწრაფო  ოპერაციაო. გზის ფულიც ვერ მოვაგროვეთ, რომ წავსულიყავით. არ მგონია, ვინმეს იმდენი პრობლემა აწუხებდეს რაც ჩვენ"-გვითხრა მანანა აროშიძემ.

ქალბატონი გვიყვება, რომ სოფელში არც გამგებლის წარმომადგენელს და არც დეპუტატს მათთვის არანაირი დახმარება არ გაუწევით, რამდენჯერმე დაწერილი განცხადების მიუხედავად, არც გამგეობიდან დაინტერესებულა ვინმე მათი მძიმე ყოფით: "რამდენი განცხადება დავტოვე გამგეობაში ვერ ვითვლი უვე. პასუხიც არ ვიცი, რას ფქრობენ. არავინ არ მოსულა ჩვენტან და ამბითაც არ დაინტერესებულა. ვიცი ოჯახები, რომელსაც ეხმარებიან სახურავითაც, სამშენებლო მასალითაც. ამას ვითხოვთ ჩვენც. თუ არ ავაშენეთ რამე პატარა სახლი, დამეხოცება შვილები ამ პირობებში. ჩვენი შემოსავლებით რას ვიზამთ? 250 ლარით ხუთსულიანი ოჯახი ვირჩენთ თავს. საიდან დავზოგო სახლის ასაშენებელი ფული? ძროხა მე არ მყავს, ქათამი და ღორი. იმიტომ კი არა, რომ მოვლა მეზარება, იმიტომ, რომ ვერ ვიყიდე და ვერ გავამრავლე. 10 ქათამი მყავდა და ისიც რაღაც ჭირი იყო, გამიწყვიტა ყველა"-გვეუბნება დიასახლისი. 

'.$TEXT['print'].'