"ხშირად პურიც გვენატრება"-დედა-შვილის უმძიმესი გასაჭირი და მოხსნილი სოციალური დახმარება
ავტორი: გურიის მოამბე
"ხშირად პურიც გვენატრება"-დედა-შვილის უმძიმესი გასაჭირი და მოხსნილი სოციალური დახმარება

აგურებზე დადგმულ პატარა  ხის  სახლში, სადაც მხოლოდ ორი ოთახია დედა-შვილი უმძიმეს პირობებში ცხოვრობს. 

სახლი სამსაფეხურიანი კიბით, ხის ნახევრად დამპალი ფიცრებიანი აივნით და ორი ოთახით, სადაც იატაკი ნახევრად ჩაცვენილია, არა აქვთ ჭერი და დაზიანებულია კედლები, რის გამოც ზამთარში შიგნით სითბოს შენარჩუნებას ვერ ახერხებენ. ორი რკინის საწოლი, გატეხილი მაგიდა, ძველი გამოუსადეგარი დივანი და პატარა ტელევიზორი, ეს კი, მთელი ქონებაა, რაც თოიძეებს გააჩნიათ: "ქარის გვეშინია, სახლი თავზე არ დაგვენგრეს. იატაკი, ჭერი, კედლები ყველაფერი შესაკეთებელია. ნახევრად დამპალი ფიცრებითაა სახლი შეჭედილი, ძალიან მძიმე პირობები გვაქვს. ზამთარში სითბოს ვერ ვაჩერებთ ოთახში,  იმდენი მხრიდან უბერავს ქალი. დახმარება არავისთვის არ გვითხოვია, ან რა უნდა გაგვიკეთონ"? -გვიყვება ჩვენი რესპონდენტი. 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში მცხოვრები რიმა თოიძე უკიდურეს გაჭირვებას ყოველდღიურად 17 წლის გოგონასთან ერთად ებრძვის. მიუხედავად ოჯახის უმძიმესი სოციალური მდგომარეობისა, მათ სოციალური ორი წლის წინ, ოჯახის უფროსის გარდაცვალების შემდეგ შეუწყვიტეს და  ფულად შემწეობას ვერ იღებენ.

რადგან ქალბატონი ჯერ არც საპენსიო ასაკის არაა და ჯანმრთელობა შერყეული აქვს, 17 წლის გოგონამ ერთ-ერთ მაღაზიაში გამყიდველად დაიწყო მუშაობა თვიდან თვემდე ელემენტარული საარსებო რომ ჰქონოდათ: 'თვეში 200 ლარი აქვს ჩემს შვილს ხელფასი, ეს თანხა რაში დაგვეხმარება? არ გვაქვს საკვები. ხშირად პურიც გვენატრება. 8 წელი დავარდნილი იყო ჩემი მეუღლე და ვერავისთან ვტოვებდი, ძალიან იწვალა და  ორი წლის გარდაიცვალა. რამდენიმე თვის წინ მძიმე  ოპერაცია გავიკეთე, ასეთ პირობებში მდგომარეობა გამირთულდა და სიკვდილს ძლივს გადავურჩი. არ მიწყობს  ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს, რომ ვიმუშავო და ჩემს შვილსაც დავეხმარო. იმდენი წამალი დამჭირდა...ვერც ეზოში ვახერხებ მუშაობას, არ შეიძლება ჩემთვის ზედმეტი დატვირთვა. მაგას ვინ ჩივის, თავს ძალას დავატანდი, ძალა რომ მემორჩილებოდეს. არც სოციალური შემწეობა არ გვაქვს, არც ნორმალური საცხოვრებელი პირობები. ერთი გოჭი მყავდა, ვიფიქრე გავზრდი და სჭმელი მაინც ექნება ბავშვს ცოტა ხანი-მეთქი, ისიც მომპარეს ახალ წლამდე. ოთხი ძირი თხილი გვაქვს ეზოში და ესაა მთელი ჩვენი ქონება"-გვეუბნება ქალბატონი.

თოიძეების უმძიმეს გასაჭირზე მათი მეზობლებიც ყვებიან, რომლებიც ხელისუფლებას დედა-შვილისთვის დახმარების გაწევას სთხოვენ: "ძალიან უჭირთ, უკიდურესად. ისეთი მორიდებულები არიან, შიმშილითაც რომ კვდებოდნენ, არ შეგვაწუხებენ. თუ კი რამე შეგვიძლია, ყველანაირად ვეხმარებით, მაგრამ ხელისუფლებას ვთხოვთ, რომ მოხედოს ამ ხალხს. არც სოციალური დახმარება არა აქვთ, არც პენსია, ქალი ისე ავადმყოფობს, წამლები სჭირდება, შესაბამისი კვება და პირობები"-გვითხრეს ადგილზე მისულებს.

 

 

'.$TEXT['print'].'