"დედა მშია, მშია"-ოჯახი სადაც სამი ბავშვი კვირობით პურსაც ვერ ჭამს
ავტორი: გურიის მოამბე
"დედა მშია, მშია"-ოჯახი სადაც სამი ბავშვი კვირობით პურსაც ვერ ჭამს

გურიანთაში მცხოვრები აროშიძეების ხუთსულიანი ოჯახის შიმშილი და უმძიმესი ყოველდღიურობა.

სოფლის ბოლოში, სულ რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს, აროშიძეები კი, რომლებიც წლების განმავლობაში ამავე სოფელში ვაგონში ცხოვრობდნენ, ახლა ერთადერთ ოთახში, ქირით არიან გადაყვანილები.

უმძიმეს საცხოვრებელ და ფინანსურ მდგომარეობაში მყოფ ოჯახში სამი ბავშვი იზრდება, მათ შორის ყველაზე პატარა 2 წლისა და 5 თვისაა. ბავშვების მამა ახლა მძიმე ავადმყოფია და უმეტეს წილად საწოლიდან ადგომას ვერ ახერხებს. ოჯახს თვეში 260 ლარი, სოციალური შემწეობის სახით ეძლევა. ესაა მათთვის წამლის, საკვების და ყველა დანარჩენი საჭიროებისთვის, რაც თვიდან თვემდე  ხუთსულიან ოჯახს შეიძლება დასჭირდეს.

ოჯახის პრობლემების გასაშუქებლად ადგილზე მისულებს, უმძიმესი სიტუაცია დაგვხვდა-პატარა ნიკოლოზი, რომელიც, დედის თქმით, ჯანმრთელობის მხრივაც პრობლემური ბავშვია, საჭმელს ითხოვდა: "დედა, მშია, მშია". 

"ხედავთ რა დღეში ვართ? 2 წლის შვილი რომ ატირებული გთხოვს საჭმელი მაჭამეო, მითხარით რა უნდა ვქნა? პურის ფქვილი არ გვაქვს, გამოცარიელებულია მთელი სახლი, არც შაქარი, არც რამე სხვა საჭმელი.  ჩემი ბავშვების საცოდაობით დაიწვება ადამიანი. თვეები ისე გავა, ბავშვებს ნორმალური საკვები არა აქვთ.  სუპი,  მაკარონი,  კარტოფილი, ფქვილი ამას ვყიდულობ თვეში ერთხელ, დახმარებას რომ ავიღებთ და სანამდეც გვყოფნის, ვიკმარებთ. ახლა 21-მდე ასე მშივრები უნდა მყავდეს შვილები, სოციალური მანამდე არ რიგდება. უფროსი შვილები 14 და 12 წლის არიან. მოზარდებს როგორი კვება უნდათ და ამათთვის ტკბილეული, ხორცი, რძის ნაწარმი უცხოა ყველაფერი. ხილსაც ვერ ჭამენ. მეზობლები გვეხმარებიან. რითიც შეუძლიათ. მეუღლისთვის ფიზიკური დატვირთვა არ შეიძლება, მაგრამ მაინც დადიოდა და შავ სამუშაოზე რაღაცას მაინც შოულობდა, ახლა ავადაა, ოთხ ჯვარზე ბოტკინი აქვს. მუშაობა ,მძიმეს აწევა არ შეიძლება. ამიტომ, პურის ფქვილიც ვერ ვიყიდეთ და მშიერი მყავს ბავშები. ერთი ცალი სოდიანი პური გამოვუცხვე თქვენს მოსვლამდე ბავშვებს, არ ეყოთ და ეს პატარა ნიკუშა ამისთვის ტირის. ახლა დენის ფული გვაქვს გადასახდელი, ვერ გადავიხდით და ჩაგვიჭრიან ალბათ. ჩვენნაირი გაჭივრებული ხალხის საშველი არ იქნება არასდროს."-გვიყვება მანანა აროშიძე. 

ვრცლად მასალა იხილეთ "გურიის მოამბის" ორშაბათის ნომერში.


 

'.$TEXT['print'].'