მე ამას არასოდეს ვაღიარებდი-ორნელა მუტი ჩელენტანოს აღიარებამ გააბრაზა
ავტორი: გურიის მოამბე
მე ამას არასოდეს ვაღიარებდი-ორნელა მუტი ჩელენტანოს აღიარებამ გააბრაზა
6 იანვარს ლეგენდარული იტალიელი მომღერალი და მსახიობი ადრიანო ჩელენტანო 80 წლის გახდა, ფილმები მისი მონაწილეობით კი ახალ თაობაშიც პოპულარულია. სწორედ ასეთია „ჭირვეულის მორჯულება“ - ფილმი, რომელიც თავის დროზე საბჭოთა ცენზურამ თავისი „გემოვნებით“ დაამონტაჟა.

ფილმის სახელი შექსპირის კომედიის „ჭირვეულის მორჯულების“ გამოძახილია, სადაც მთავარი გმირი პეტრუჩიო კატარინას კეთილგანწყობის მოპოვებას ცდილობს. 

რეჟისორ ფრანკო კასტელანოს ფილმში გენდერული როლები შეცვლილია - საკუთარ თავში დარწმუნებული, ბუზღუნა და უხასიათო მარტოხელა ფერმერის მოხიბვლას მშვენიერი ქალბატონი ცდილობს და საბოლოოდ, მიზანსაც აღწევს.

სცენარი პატარა იტალიურ ქალაქ ვოგერაში ვითარდება.


ეს ქალაქი უძველესი დროიდან თავისი ტრადიციული მეღვინეობითაა ცნობილი. შესაბამისად, ყურძნის ფეხით დაწურვის სცენა გადაჭარბებული არ გახლავთ. ვოგერელები ქალაქის მთავარ ღირსშესანიშნაობად ვენახებს მიიჩნევენ. მით უმეტეს, რომ ამ რეგიონში დაწურული ღვინო მთელ მსოფლიოში ცნობილია. 

სხვათა შორის, ბენზინგასამართი სადგური, სადაც მანქანის საჭესთან მჯდომი ორნელა მუტის გმირი ლიზა წელს ზემოთ გაშიშვლდა, ვოგერადან ერთი საათის მანძილზე მდებარეობს და ამ დრომდე მოქმედი გახლავთ. 
„ჭირვეულის მორჯულება“ საბჭოთა კინოგაქირავებაში 1983 წელს გამოჩნდა და იმის მიუხედავად, რომ საბჭოთა ცენზურამ ფილმიდან ბევრი ეპიზოდი ამოჭრა, წარმოუდგენელი პოპულარობა მოიხვეჭა.
„შერისხულ კადრებს“ შორის აღმოჩნდა ელიას ნადირობა, როცა ფილმის მთავარი გმირი, იხვების ნაცვლად, სხვა მონადირეებს უმიზნებს და ხელიდან თოფებს აგდებინებს. 
საბჭოთა მაყურებელს არც ელიას ძროხის მშობიარობისა და რესტორანში ლიზასა და მის მეგობარ ქალს შორის გაჩაღებული ჩხუბის კადრები უნახავთ. 
რა თქმა უნდა, ცენზურამ ლოგინში, ჩელენტანოს გვერდით მწოლი, ნახევრად შიშველი ორნელას კადრებიც ამოჭრა.

ჩელენტანოსა და მუტის წყვილი ეკრანზე იმდენად ეფექტური იყო, რომ ფილმის გამოსვლისთანავე, ყველა მათ რომანზე ალაპარაკდა. ამ დროს ორივე მსახიობი დაქორწინებული გახლდათ, თუმცა ორნელა ქმარს მალევე დასცილდა და როგორც ამბობენ, ჩელენტანოსგანაც იმავეს ელოდა, 
ფილმის პრემიერიდან მრავალი წლის შემდეგ ჩელენტანომ აღიარა, რომ ორნელასთან რომანი ნამდვილად ჰქონდა, მაგრამ ქალს საყვარლის სტატუსი არ აკმაყოფილებდა, ადრიანოს კი ცოლის მიტოვება არც უფიქრია. 

2015 წელს ორნელამ ეს ფაქტი დაადასტურა, თუმცა აღნიშნა, რომ ჩელენტანოს გულახდილობამ ძალიან გააბრაზა. „მე ამას არასოდეს ვაღიარებდი. ადრიანომ ჩვენს რომანზე ისე ისაუბრა, რომ ჩემთვის არაფერი უკითხავს. მან მრავალწლიანი დუმილი დაარღვია, რომელსაც მეუღლეებისა და განსაკუთრებით, შვილების გამო ვინარჩუნებდით. დიახ, ჩვენ რომანი გვქონდა, მაგრამ ამის აღიარებამ შოკში ჩამაგდო. კარგი იქნებოდა, წინასწარ მცოდნოდა, რომ ჩვენი საიდუმლოს გამხელას აპირებდა, მაგრამ იმ კაცივით მოიქცა, ვისთვისაც ყველაფერი სულ ერთია. რა გაეწყობა...“ - განაცხადა ორნელამ ერთ-ერთ ინტერვიუში.

'.$TEXT['print'].'