"რა მდგომარეობაა ახლა ქვეყანაში ისეთი? ან, ხელისუფლება რა შუაშია"?--საკრებულოს თავმჯდომარე პატრიარქის განცხადებაზე
ავტორი: გურიის მოამბე
"რა მდგომარეობაა ახლა ქვეყანაში ისეთი? ან, ხელისუფლება რა შუაშია"?--საკრებულოს თავმჯდომარე პატრიარქის განცხადებაზე

საქართველოს კათალიკოს პატრიარქის, ილია მეორის მიერ გაკეთებულ განცხადებას-„ქვეყანას არაფერი ეშველება“ არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა როგორც პოლიტიკის წარმომადგენლების, ასევე საზოგადოების მხრიდან. 

გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ პატრიარქის ეს სიტყვები ხელისუფლების შეცდომებს უკავშირდება, ზოგისთვის ეკლესიის შიდა დაპირისპირების საჯაროდ გამოტანა იყო, ბევრი კი ფიქრობს, რომ ეს სწორედ საზოგადოების გულგრილობას ეხებოდა, სახელმწიფოში არსებული რიგი პრობლემების მიმართ. 

სამღვდელოებაში ბევრმა მიიჩნია, რომ ამით პატრიარქმა იმ გულისტკივილს გაუსვა ხაზი, როცა ხალხი დაშორდა ეკლესიას და ერთგვარი ნდობა დაკარგა სასულიერო პირების მისამართით. ამის დასტურად მისი მოსაყდრის, მეუფე შიოს განმარტებები მოჰყავთ, სადაც მან საეკლესიო პირებს მისიონერობისკენ მოუწოდა. 

როგორ შეფასებას აძლევენ ადგილობრივები პატრიარქის ამ განცხადებას, რა იგულისხმება მათი აზრით ამ სიტყვებში, ხელისუფლების მხრიდან დაშვებული შეცდომები, ეკლესიაში არსებული შიდა განხეთქილება თუ თავად საზოგადოების გულგრილობა რიგი საკითხების მიმართ,  "გურიის მოამბე" ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს და დეპუტატებს დაუკავშირდა: 

დავით დარჩია,საკრებულოს თავმჯდომარე: „ხელისუფლება რა შუაშია, უფრო საზოგადოების, მაგი ჩვენი ბრალიცაა, მოვწყდით საზოგადოება ეკლესიას და სულიერი მხარე დავივიწეთ. ქვეყანაში რა მდგომარეობაა ისეთი, საქართველოს ასეთი სიძნელეები არ აკლდა და ყოველთვის რთული მდგომარეობა იყო, ახლა განსაკუთრებული არაფერი ხდება. უფრო სულიერი კუთხით უნდა ამაღლდეს თითოეული ჩვენთაგანი და მოგვიწოდა რომ ეკლესიასთან ახლოს ვიყოთ. ასევე, სამღვდელოებას მოუწოდა, რომ იყვნენ უფრო აქტიური და ხალხთან უფრო ახლოს იყვნენ. ხელისუფლებას ეს არანაირად არ ეხება, რავიცი აბა“.

ლევან მგელაძე, დამოუკიდებელი დეპუტატი: „ეკლესიის წარმომადგენელი ვარ და და ცოტა სხვანაირად ვუყურებ ამ თემას. უფრო კონკრეტულად, ვისაც როგორ უნდა, შეიძლება ისე გაიგოს ეს საკითხი, მაგრამ ეს უფრო გლობალური იყო ვიდრე ვთქვათ საქართველოს მიმართ რამე მინიშნება. მე ასე ვფიქრობ. მან იგულისხმა მსოფლიო არეული სიტუაცია. მას შეიძლება ეთქვა ქვეყნიერება და ახლა სიტყვებს ნუ გამოვეკიდებით. აქ უფრო ქვეყნიერებაზეა საუბარი და ვერ ვიტყვი, რომ კონკრეტულად საქართველოზე. საქართველო გაბრწყინდბა,მაგრამ არა ეკონომიურად,არამედ სულიერად და დადგება ეს ნანატრი დროც“.

ლალი სიჭინავა "ქართული ოცნება": „სიმართლე გითხრა, მე არ მომისმენია, ინტერნეტში ვკითხულობ ახლა. მინდოდა ჩავჯდომოდი და უფრო კარგად მენახა..მაგრამ ჩვენში სარწმუნოების განმტკიცება ალბათ ყველაზე მთავარი არის, ასე აბუჩად არ შეიძლება სარწმუნოებას მოვექცეთ. მე ასე ღვიქვი, პრობლემა ჩვენშია, პატრიარქი ჩვენი მწყემსია და ჩვენ თვითონ არ უნდა დავშორდეთ ტაძარს. მე ჩემს თავშიც მაკლია რწმენა და ზოგადადაც ეს ამოვიკითხე პატრიარქის სიტყვებში. ვინ როგორ დაინახავს ისე შეიძლება აღიქვას. მე ამ მესიჯმა ჩემს თავში ჩამახედა,რომ უფრო ახლოს უნდა ვიყო ტაძართან და სხვის მაგივრად მე ვერ ვიმსჯელებ.“

დავით მჟავანაძე, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა": „პატრიარქი იმ ვითარებაზე საუბრობს, რომელიც დღეს ქვეყანაში არის. ეს არის პოლიტიკური, სოციალური და ასე შემდეგ. პრობლემები როცა არსებობს, ასეთ პრობლემებზე პასუხისმგებლობა რა თქმა უნდა ხელისუფლებას ეკისრება, ეს არის ორჯერ ორი ოთხი. ხელისუფლებას ქირაობს ამომრჩეველი, მისი ჯიბიდან უხდის ფულს ზუსტად იმისთვის, რომ პრობლემები მოაგვაროს. ეკლესიის შიდა პრობლემებზე პატრიარქი საჯარო განცხადებებს არა მგონია აკეთებდეს, მაშინ როდესაც იქ არსებობს მართვის წესი, რითიც ხდება პროცესების მართვა. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ შიდა სამზარეულოს ღიად პატრიარქი არ გამოიტანდა და ამაზე ღიად არ ისაუბრებდა. ხელისუფლების მიერ ქვეყანაში შექმნილმა მდგომარეობამ პატრიარქი იძულებული გახადა, ასეთი განცხადება გაეკეთებინა.“ 

მიხეილ გოგოტიშვილი, "ევროპული საქართველო": „თავს ვერ მივცემ უფლებას ვერანაირად, რომ პატრიარქის განცხადებაზე რამე კომენტარი გავაკეთო. ეს იმდენად დიდი ადამიანია და მას აქვს თავისი ხედვა და უბრალოდ მე ვერ მივაყოლებ ამ ამბავს ჩემს შეხედულებას, რაც მაქვს მთავრობაზე. მე კომენტარს ვერაფერს ვერ გავაკეთებ გარდა იმისა, რომ მე ვარ მართლმადიდებელი ქრისტიანი და და ჩემთვის პატრიარქის სიტყვას აქვს უდიდესი მნიშვნელობა. ზოგადად ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, დღევანდელ მთავრობაზე, მაგი ძაან კარგად იცით თქვენ. ძალიან გთხოვ ამის მეტს ნურაფერს ნუ მკითხავ. ჩემი აზრი დღევანდელ მთავრობაზე სამწუხაროდ დაემთხვა პატრიარქის აზრს. როდესაც პატრიარქი ამბობს,რომ ქვეყანა უფსკრულში მიდის და არა მგონია რამე ეშველოს, ამაზე ხელისუფლებაა პასუხისმგებელი.“

ლელა საჯაია "ქართული ოცნება": „ზოგადად, ადამიანები საკუთარ პასუხისმგებლობას ნაკლებად გრძნობენ და მუდმივად განიკითხავენ და ბრალეულობას მიაწერენ სხვებს. საკუთარ თავს ვერ მოიაზრებენ მოვლენების ეპიცენტრში. ან ეკლესია, ან მთავრობა, ვინ არის თუ არა საზოგადოება? ეს ზოგადა ეხება ჩვეულებრივ, რიგით მოქალაქესაც, სასულიერო პირსაც და ხელისუფლების წარმომადგენელსაც.“

ლევან კილაძე "ქართული ოცნება": „მე ვფიქრობ, რომ პატრიარქმა უფრო სულიერებაზე გააკეთა აქცენტი, რადგან საზოგადოება მოშორდა ეკლესიას. თუ უყურეთ მის თანამოსაყდრეს მეორე დღეს, მან მოძღვრებასაც მოუწოდა გავიდეთ მოსახლეობაში და შემოვიყვანოთ ხალხი ტაძრებში. ეს იყო საზოგადოებაზე გათვლილი, იმაზე, რომ ეკელესიას, სულიერებას ჩამოშორდნენ და ქართველობას კარგავე..ხელისუფლება არ უხსენებია პატრიარქს. შემდეგ თუ მოუსმინეთ თქვენ თანამოსაყდრის განმარტებას, მოუწოდა მღვდლებს, რომ საზოგადოებაში გავიდეთ, ვიკისროთ მისიონერობაო და და ვიაროთ ხალხში. შემდეგ მეუფე ანტონმაც გააკეთა ამაზე განმარტება თუ გახსოვთ.

-იქნებ თვითონ სამღვდელოებამ შექმნა ეს ბარიერი რომ ხალხი დაშორდა ეკლესიას. ხშირად არის საუბარი, რატომ დადიან მოძღვრები ამხელა ფასიანი ჯიპებით,როცა მოსახლეობას ასე უჭირს, ამდენი მილიონი აქვთ სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მიწები, ქონება...რომ არაფერი ვთქვათ შიდა განხეთქილებასა და მათი მხრიდან გაკეთებულ პოლიტიკურ განცხადებებზე?!

-ჯიპი მოძღვარსაც უნდა ყავდეს და ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეს.  ეხლა მე მაგაში ვერ ვხედავ პრობლემას. მოდი ეხლა ასე გეტყვი ,ვირით რომ იაროს ჩვენ სოფელში მოძღვარმა არ დავცინებთ მას? მე ვფიქრობ, რომ დავცინებთ. დღევანდელი რეალობა როგორ გგონიათ, სახედარით უნდა იაროს მოძღვარმა??მე მყავს მოძღვარი,რომელიც ფეხით დადის,მაგრამ პრობლემას ვერ ვხედავ, რომ ჯიპით დადიოდეს“

მაია ზოიძე დამოუკიდებელი დეპუტატი: „შემაძრწუნებლი განცხადება იყო ნამდვილად და ამ დროს, ალბათ მისაღები. პატრიარქის თითოეული სიტყვა არის ღირსეული და ბევრმა რამემ მისცა ალბათ საბაბი ,რომ ასეთი განაცხადი გაეკეთებინა. შემაშფოთებელია ნამდვილად და გასათვალისწინებელი. ალბათ ამით გაფრთხილება მისცა სრულიად საქართველოს. ვფიქრობ,ზოგადად რა მდგომარეობაცაა დღეისათვის საქართველოში, აქედან გამომდინარე გააკეთა პატრიარქმა ეს განცხადება. ამით სერიოზული გაფრთხილება მისცა თითოეულ მოქალაქეს ხელისუფლების მეთაურობით. გარკვეულწილად ალბათ ხელისუფლების პრობლემაც დგას.“

ბესო ქათამაძე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა": „პატრიარქი იმაზე მეტად გრძნობს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, ვიდრე დღევანდელი ხელისუფლება. პატრიარქი აკეთებს ყოველთვის სწორ შეფასებებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე და ქვეყანას რაც სტკივა, ის ყველაზე მეტად პატრიარქს სტკივა. მისი განცხადება იყო იმ პესიმიზმთან, იმ გაჭივრებასთან, თუნდაც რელიგიაში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებული. გვარამიას გუშინდელი განცხადება არის კატასტროფა. ხელისუფლება ისე მავნებლურად და ბინძური თამაშით თამაშობს, ყველა მხრიდან ყველაფერს უტევს,სადაც არ უნდა ერეოდეს, ყველგან ერევა. პატრიარქის განცხადება დამაფიქრებელი უნდა იყოს ყველასთვის და განსაკუთრებით ხელისუფლებისთვის.“

'.$TEXT['print'].'