„დაგტოვებთ ყველას გაცინებულს ცოტა ხანში, თუ ვყოფილვარ კაცი" - სიორიძის მუქარა
ავტორი: გურიის მოამბე
„დაგტოვებთ ყველას გაცინებულს ცოტა ხანში, თუ ვყოფილვარ კაცი" - სიორიძის მუქარა

ხმაური იყო გასულ კვირას ოზურგეთში, ჭავჭავაძის ქუჩაზე. დასუფთავების სამსახურის მიერ ბუჩქების გასხვლამ „ოცნების“ დეპუტატები ქუჩაში, გარემოსთვის „მიყენებული ზიანის“ გასაპროტესტებლად  გამოიყვანა.
მართალია, არც ერთი მათგანი „გურიის მოამბესთან“ არ აკონკრტეტებს, კონკრეტულად რამ გამოიწვია  მათი  გაღიზიანება, ბუჩქების გასხვლამ, თუ ბეგლარ  სიორიძის „შრომის დაუფასებლობამ“, თუმცა, ყოფილი მერის მხარდაჭერამ რომ ბუნების სიყვარული გადაწონა, ამას ის ფაქტიც მოწმობს, რომ სწორედ იმ დღეს, როცა ხალხის რჩეულები ბუჩქებზე დარდობდნენ, დაბა ლაითურში მოსახლეობა ივანიშვილის ხეების გამო გაჩეხილ ქარსაფარ ზოლს აპროტესტებდა და  არც ერთ დეპუტატს სურვილიც კი არ გასჩენია, რომ მის ამომრჩეველს გვერდით დადგომოდა.  
შესაძლოა,  სიორიძე ამ ამბავში მეორეხარისხოვანი, ან სულაც ჩვეულებრივი  "ჭანჭიკიც" იყოს ოზურგეთის იმ დაჯგუფების ხელში, რომელიც ადგილობრივი არჩევნების შედეგების "გადახედვას" ადმინისტრაციული მეთოდებით ცდილობენ და ასეთ "უწყინარ" ამბებს მერის წინააღმდეგ "შავი პიარის" საბაბად იყენებენ, უბრალოდ იმ ნიადაგის მოსამზადებლად, რომელიც ჯერ, ოზურგეთში  რამდენიმე  „კეთილმოსურნის“  სახლში  დაწყებულ მოლაპარაკებებს არ გასცდენია და გეგმის შესაბამისად,  ქუჩაში არ გადმოუნაცვლია.   
რაც შეეხება თავად სიორიძეს, მისი იმდღინდელი გონორით შეიძლება  ვივარაუდოთ, ისიც სწორედ იმ ცვლილებების დასაწყისის მოლოდინშია, რაც მისივე თქმით, ჩვენ და ჩვენისთანებს, მალე  „გაცინებულს დაგვტოვებს“, სავარუდოდ „ბორჯომიზაციის“  ოზურგეთული პროცესებისთ განვითარების  ხარჯზე.
მოკლედ, მაშინ, როცა აღნიშნული ქუჩის გამყოფზე არსებულ ბუჩქნარს ოზურგეთის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები სხლავდნენ, მათ ქალაქ ოზურგეთის ყოფილი მერი, ბეგლარ სიორიძე მიეჭრა და დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები "მისი ნამოღვაწარის კვალის წაშლაში" დაადანაშაულა.
სიორიძე ამტკიცებდა, რომ ბუჩქნარის გასხვლა "მის ჯინაზე" კეთდებოდა და თანამშრომელთა ახსნამ, რომ "ეს აუცილებელი ღონისძიება იყო და ამით მცენარეს არაფერი უშავდებოდა", ""ეს ღონისძიება ავტომობილების მოძრაობას უსაფრთხოს გახდიდა" და სხვა მრავალი- საქმეს ვერ უშველა.
სიორიძეს მყისიერად გამოეხმაურნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატები ხათუნა ცერცვაძე, ქეთი ვასაძე, მარიკა ჩხიკვიშვილი, გიორგი ღურჯუმელიძე, დავით დარჩია, ლავრენტი ბიგვავა, ეროდი გორდელაძე ასევე მელექედურის, სილაურისა და კონჭკათის მაჟორიტარი დეპუტატები და იქვე, გაზონთან სახელდახელო აქცია გამართეს.
ადგილობრივი მაცხოვრებლები კი ირწმუნებოდნენ, რომ ბუჩქების გასხლვა მათივე თხოვნით ხდებოდა, რადგან ბუჩქები იმდენად ავიწროვებდნენ ქუჩაზე ავტომობილებით მოსიარულე მძღოლებისათვის ხილვადობას, რომ შიშით ბავშვებს ვერ უშვებდნენ კორპუსებიდან ეზოში და გზასთან.
ადგილზე პოლიცია მივიდა, თუმცა ოზურგეთის პოლიციის უფროსმა ტრადიციას არ უღალატა და ნაცვლად იმისა, რომ საქმეში გარკვეულიყო და შესაბამისი სამსახურებისათვის მუშაობის საშუალება მიეცა, ჯერ ყოფილ მერთან, ბეგი სიორიძესთან მივიდა "კუდის ქიცინით", შემდეგ კი "რუსთავი 2"-ის გადამღებ ჯგუფს "დააცხრა თავზე".
"მაცალეთ მე თქვენ! დაგტოვებთ ყველას გაცინებულს ცოტა ხანში თუ ვყოფილვარ კაცი" - ასე ყვირილ-ყვირილით დატოვა სიორიძემ ჭავჭავაძის ქუჩა და ბუჩქნარი.
 "ვენოკი" საკრებულოს წევრების მხარდაჭერით გარდაცვლილ თვითმმართველობას და პროტესტი ბუჩქების გაკრეჭვის გამო -ასე გამოეხმაურა საიას ოზურგეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, თამაზ ტრაპაიძე, ჭავჭავაძის ქუჩაზე ბუჩქების გაკრეჭვის ფაქტს და საკრებულოს დეპუტატებსა და საზოგადოების იმ ნაწილს, ვინც მომხდარი გააპროტესტა, გასული სამი   წელი  და ამ წლებში მაშინდელი მერისა და საკრებულოს მიერ საზოგადოებრივი აზრის იგნორის ფონზე მიღებული  გადაწყვეტილებები შეაახსენა:
1. ვენოკი გარდაცვლილ ქ. ოზურგეთის თვიმმართველობას მიუტანეს, რომლის განაჩენიც მაშინდელმა საკრებულოს წევრებმა გამოიტანეს.
2. პარკის ნაწილის ჩამოჭრასა და მწვანე ნარგავების გააკრეჭას შორის, თუნდაც მძიმე გასხვლა იყოს, მგონი განსხვავება არის. პირველი საჭიროებს საზოგადოებასთან საჯარო შეხვედრის მოწყობას, მეორე კი არა. გასხვლა მერიის პრეროგატივაა, კანონი ამ თემაზე საზოგადოებისთვის აზრის კითხვას არ ითვალისწინებს. ამასთან ამ ბუჩქების დაპატარავება საზოგადოების ნაწილის მოთხოვნაც იყო, რაც მაშინდელ მერსაც მოვახსენეთ, მაგრამ, როგორც ყოვეთვის, იგნორირებული იყო მოთხოვნა. ასეთი სიმაღლის ბუჩქნარი შესაძლოა ლამაზი იყოს, მაგრამ მძღოლებისთვის არაპრაქტიკულია და მხედველობის არეალს ზღუდავს.
3. ყოველთვის ავიმაღლებთ ხმას, როცა საზოგადოებრივი ინტერესების დარღვევა მოხდება, ან როცა კანონი დაირღვევა. ამ შემთხევვაში კანონდარღვევა არ ჩანს.
4. საზოგადოებრივ სივრცეებში, ტროტუარებზე ჯიხურების ჩადგმაც არ გაგვისაჩივრებია, რადგან საკრებულომ დაამტკიცა და კანონიერი გამოვიდა, თუმცა არ მოგვწონდა. კანონიერი გზით ვეცადეთ პრობლემის გადაჭრა, მაგრამ პეტიცია არ დაკმაყოფილდა.
5. საკუთარი ინიციატივით ყოველთვის ვახდენთ შესაბამის რეაგირებას ხელისუფლების ნებისმიერ არაკანონიერ გადაწყვეტილებაზე, თუმცა მოსახლეობასაც მოვუწოდებთ მოგვაწოდონ ინფორმაცია მათთვის ცნობილი კანონდარღვევების შესახებ-წერს ტრაპაიძე

'.$TEXT['print'].'