"სანამ დრო არის ეს ადამიანი უნდა მოშორდეს ძიუდოს"
ავტორი: გურიის მოამბე
"სანამ დრო არის ეს ადამიანი უნდა მოშორდეს ძიუდოს"

ზურაბ ზვიადაური ქევხიშვილის გადადგომას ითხოვს. ძიუდოს ფედერაციაში არსებულ პრობლემებზე ოლიმპიურმა ჩემპიონმა ზურაბ ზვიადაურმა ბრიფინგზე ისაუბრა. მან ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ევროპის ჩემპიონატზე ქართველების წარუმატებლობა მენეჯმენტის ბრალია.

ზვიადაური ამბობს, რომ ქევხიშვილმა ფედერაციაში საკუთარი მეგობრები დაასაქმა და თანხები არამიზნობრივად იხარჯება.

ოლიმპიური ჩემპიონი მოითხოვს დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ქევხიშვილი და დაინიშნოს რიგგარეშე საარჩევნო საანგარიშო ყრილობა.

„გიორგი ვაზაგაშვილი რატომ გათავისუფლდა, შედეგი არ იყო? ნესტორ ხერგიანი ადამიანი, რომელსაც ამხელა ტიტულები აქვს საქართველოდან წავიდა და სადღაც ამერიკაში მუშაობს.

შეკითხვა ჩნდება დღეს ვინ არის ნაკრებში, ვინ ავარჯიშებს ნაკრებს, გინდაც ახალგაზრდებს, გინდაც ჭაბუკებს? შედეგი მითხარით 2-3 წლის განმავლობაში. სანამ დრო არის ეს ადამიანი უნდა მოშორდეს ძიუდოს, ეგ ადამიანი მგონი საკრებულოს თავმჯდომარეა ყვარელში, წავიდეს მიხედოს საკრებულოს,“-აცხადებს ზვიადაური.

ევროპის ჩემპიონატზე წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ თანამდებობა დატოვა მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი ცირეკიძემ, თუმცა ზვიადაური ფიქრობს, რომ ეს საკმარისი არ არის და ქევხიშვილიც უნდა გადადგეს.

'.$TEXT['print'].'