„ვაშა! ჩვენ უკვე თბილისში ვართ"!-რუსი ბაიკერები პროპაგანდისტული ბაფთებით
ავტორი: გურიის მოამბე
„ვაშა! ჩვენ უკვე თბილისში ვართ"!-რუსი ბაიკერები პროპაგანდისტული ბაფთებით
05.2018

 9 მაისის მოახლოებასთან ერთად, საქართველოში ოკუპაციის სიმბოლოდ მიჩნეული ე.წ. გეორგიევსკის ლენტიანი რუსი ტურისტების შემოსვლა ისევ დაიწყო. სოციალურ ქსელებში უკვე გამოჩნდა ამის დამადასტურებელი რამდენიმე ფოტო.

ერთ-ერთი რუსი ბაიკერი „ფეისბუქში" ფოტოს ავრცელებს და წერს, რომ უკვე თბილისში არიან, მისი ერთი მეგობარი კი საზღვარზე არ შემოუშვეს მოტოციკლზე პუტინის გამოსახულებიანი ფოტოს გამო.

„ვაშა! ჩვენ უკვე თბილისში ვართ. ჩვენი მეგობარი არ შემოუშვეს მოტოციკლის გამო. უფრო კონკრეტულად, ნახატის გამო. ხვალ დაფარავს და ხელმეორედ შეეცდება შემოსვლას", - წერს რუსი ბაიკერი.

ასევე „ფეისბუქში" გავრცელდა ფოტო, სადაც აღბეჭდილია ვარძიაში რუსულნომრიანი ავტომანქანა, რომესაც გეორგიევსკის ლენტა აქვს, თუმცა ასევე წერია, რომ თხოვნის შემდეგ მძღოლმა ლენტი მოხსნა.

მეოთხე წელია საქართველოში „გეორგიევსკის ლენტიანი" რუსული ავტომანქანები თუ მოტოციკლები მაისში ჩნდებიან ხოლმე და საზოგადოების ნაწილის მხრიდან ეს დიდი აღშფოთებას იწვევს, რადგან წმინდა გიორგის ზოლიანი ბაფთები რუსული ოკუპაციის სიმბოლოდ მიიჩნევა. რუსებიც სწორედ 9 მაისისთვის სხვადასხვა ქვეყნებში დემონსტრაციულად სწორედ ამ ლენტებით ჩადიან.

რამდენიმე ქვეყანამ ამ ლენტებით საზღვარზე შესვლა აკრძალა. ბალტიისპირეთის ქვეყნები, უკრაინა და პოლონეთი გიორგის ბაფთებს მკაცრად ებრძვის. გასულ წელს უკრაინაში მიიღეს კანონი და გეორგიევსკის ლენტის პროპაგანდა-ტარება ჯარიმით ისჯება.

გუშინ უკრაინის ბორისპოლის აეროპორტში მესაზღვრეებმა უკან რუსეთში მიაბრუნეს ორი რუსი. მათ ბარგზე გიორგის ბაფთები ჰქონდათ მიკრული და მის მოხსნაზე უარი განაცხადეს.

უკრაინისაგან განსხვავებით, საქართველოში ამ ზოლიან ბაფთებზე რაიმე პირდაპირი აკრძალვა არ არსებობს.

წყარო: "რეზონანსი"

'.$TEXT['print'].'