"კანონიერი ქურდი" სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო
ავტორი: გურიის მოამბე
"კანონიერი ქურდი" სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ "კანონიერი ქურდი" ილია სამსონია უდანაშაულოდ სცნო. მოსამართლე გიორგი არევაძის გადაწყვეტილებით ბრალდებული პირდაპირ სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა, თუმცა, როგორც  სამსონიას ახლობლები აცხადებენ,  "კანონიერი ქურდი" დღესვე საქართველოს დატოვებას გეგმავს. 

სამსონიას ადვოკატის თამარ აბესაძის განცხადებიტ,  პროკურატურას მისი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ ჰქონდა.

"დღეს მოსამართლემ მიიღო აბსოლუტურად კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილება და "კანონიერ ქურდობაში" ბრალდბული ილია სამსონია სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. სამწუხაროდ, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ბრალდების მხარე ამჯერადაც ეყრდნობოდა რაღაც აბსტრაქტულ მტკიცებულებებს, Google-დან მოძიებულ ჭორებს და ამით სურდა ბრალის დადასტურება, რაც ცხადია სასამარლოსთვის დამაჯერებელი ვერ იქნებოდა", - განუცხადა "პრაიმტაიმს" თამარ აბესაძემ. 

ადვოკატის თქმით, მას არ აქვს ინფორმაცია ილია სამსონიას სამომავლო გეგმების შესახებ, შესაბამისად მისთვის უცნობია, აპირებს თუ არა ქვეყნის დატოვებას მისი დაცვის ქვეშ მყოფი. 

44 წლის ილია სამსონია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მიმდინარე წლის მარტში დააკავეს და ბრალი "კანონიერი ქურდობისთვის" წაუყენეს. ის საქართველოში შემოსვლას ყირგიზეთიდან ცდილობდა, სადაც 2012 წლიდან დოკუმენტაციის გაყალბების ბრალდებით იხდიდა სასჯელს. 
სამსონიას სხვადასხვა ქვეყნის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, საერთო ჯამში, 15 წელზე მეტი აქვს გატარებული. კრიმინალურ წრეებში მას „ილო ოზურგეთსკის“ სახელით იცნობენ. გავრცელებული ინფორმაციით, ილია სამსონია „კანონიერ ქურდად“ 1996 წელს „მონათლეს“.

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ქართულმა მართლმსაჯულებამ უდანაშაულოდ სცნო და სასამართლო დარბაზებიდან გაათავისუფლა 30-ზე მეტი "კანონიერი ქურდი", მათ შორის არიან საკმაოდ გავლენიანი და პოსტსაბჭოთა სივრცეში აღიარებული კრიმინალური "ავტორიტეტები".

წყარო პრაიმტაიმი

'.$TEXT['print'].'