ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი ფატი სიორიძის წინააღმდეგ
ავტორი: გურიის მოამბე
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი ფატი სიორიძის წინააღმდეგ

"სკოლის დირექტორის პროტესტი ვერ ჯდებოდა ვერანაირ გონივრულ და ეთიკურ ჩარჩოში"-ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ეს ესაა ოზურგეთის კულტურის ცენტრმა გაავრცელა.

გთავაზობთ განცხადებას სრულად:

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი განცხადება

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მოსწავლე - ახალგაზრდობის და სარეკრეაციო დაწესებულებათა გაერთიანების მიერ, მიმდინარე წლის 25 მაისს ნატანების კულტურის სახლში ჩატარდა მან-სან-კანის ( მხიარულთა და საზრიანთა კლუბის )კონკურსის ფინალური ეტაპი მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებს შორის. 
ფინალში ჟიურის გადაწყვეტილებით გამარჯვებულად გამოცხადდა ქ.ოზურგეთის N1 საჯარო სკოლა, რამაც N2 საჯარო სკოლის დირექტორის პროტესტი გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ სკოლის დირექტორის პროტესტი ვერ ჯდებოდა ვერანაირ გონივრულ და ეთიკურ ჩარჩოში, ჩვენ თავს შევიკავებთ მათი შეფასებისგან და მომხდარი ფაქტის აღწერისაგან. 
წინამდებარე ოფიციალურ განცხადებას ვაკეთებთ უშუალოდ ჩვენს მიერ ორგანიზებული კონკურსის შესახებ საზოგადოების ჯეროვანი ინფორმირების მიზნით და განვმარტავთ შემდეგს:
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მოსწავლე - ახალგაზრდობის და სარეკრეაციო დაწესებულებათა გაერთიანების მიერ სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან მოწვეულები იყვნენ ჟიურის წევრები. ლ.ღლონტი, ქ.გიორგაძე, ვ.ბუბუტეიშვილი, ლ.აფხაზავა და ქ.ებრალიძე. ცენტრი არანაირი ფორმით არ ერეოდა ჟიურის მუშაობაში და თითოეული მათგანი გადაწყვეტილებებს სრულიად დამოუკიდებლად იღებდა. 
კონკურსის ფინალურ ეტაპზე გავიდა 4 გუნდი. ნასაკირალის, შრომის, N2 და N1 საჯარო სკოლები. აქედან, ყველაზე მაღალი ქულები დააგროვეს N1 და N2 საჯარო სკოლის გუნდებმა. რის შემდეგაც თანაბარი ქულების მქონე გუნდებიდან ჟიურის მიერ კენჭისყრით შეირჩა კონკურსის გამარჯვებული - ქ.ოზურგეთის N1 საჯარო სკოლის გუნდი. საუკეთესო გუნდის შერჩევის მიზნით გამართულ კენჭისყრაში ჟიურის ხუთი წევრიდან სამმა თავი შეიკავა, ხოლო ორმა მიიჩნია, რომ N1 საჯარო სკოლის გუნდი უფრო მეტად იმსახურებდა გამარჯვებას.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მოსწავლე - ახალგაზრდობის და სარეკრეაციო დაწესებულებათა გაერთიანება მადლობას უხდის ჟიურის ყველა წევრს ღონისძიებაში მონაწილეობისთვის, ასევე მადლობას უხდის საჯარო სკოლების დირექციას და ყველა მონაწილე მოსწავლეს, რომელთა ჩართულობითაც მოხერხდა ჩვენს მიერ ორგანიზებული კონკურსის ჩატარება" ნათქვამია განცხადებაში.

'.$TEXT['print'].'