ვინ იყვნენ გურული "ხუნხუზები" და რა საერთო ჰქონდათ მათ იაპონელ პარტიზანებთან "ტერორისტული გურია"
ავტორი: გურიის მოამბე
ვინ იყვნენ გურული "ხუნხუზები" და რა საერთო ჰქონდათ მათ იაპონელ პარტიზანებთან "ტერორისტული გურია"

რევოლუციურ გურიაში შეინიშნებოდა ტერორის სხვა ფორმაც.რომელსაც, ხალხმა "ხუნხუზური" უწოდა. „ხუნხუზები“ თავს ესხმოდნენ ყველას, ვისაც კი რაიმე გააჩნდათ, მათ შორის ტერორისტებსა და წითელრაზმელებსაც.  ტერორისტის, თ.ჟღენტის, გადმოცემით, თავდამსხმელებსა და ყაჩაღებს ხალხმა „ხუნხუზები" შეარქვა. ეს სიტყვა რუსეთ-იაპონიის ომის დროს შემოვიდა. "ხუნხუზები" იყვნენ იაპონელი პარტიზანები, რომლებიც თავს ესხმოდნენ რუსეთის რეგულარულ ჯარს  შორეულ აღმოსავლეთში.

„გურულ ხუნხუზებს“ ხალხი სასტიკად დევნიდა. არცერთი მათ მიერ ჩადენილი ბოროტმოქმედება დაუსჯელი არ რჩებოდა.

„ტერორისტთა ქმედებაში ზედმიწევნით განსწვლული“ ნესტორ კეჭაყმაძე, რომელმაც „რევოლუციური მუშაობის“ გზაზე უამრავი ფათერაკებით აღსავსე  ცხოვრება გამოიარა. გვიამბობს: „1902 წლიდან, მე მქონდა უშუალო დამოკიდებულება "ბათომის კომიტეტთან": ისიდორე სიამაშვილის,  ნოე რამიშვილის და ნოე ხომერიკის სახით. ისინი დიდ დახმარებას გვიწევდნენ რევოლუციურ მუშაობაში.

1903-1904 წ-ში გახშირდა „ხუნხუზი“ ტერორისტების თარეში, რომლებიც არავითრ სამარცხვინო საქმეს არ თაკილობდნენ ფულის გულისთვის. ძარცვა-გლეჯა, კაცის კვლა და ასე შემდეგ. მსხვერპლს კი ჯაშუშებად ნათლავდნენ. ასეთმა "ხუნხუზურმა" მოქმედებამ დიდი "საშიშარი" მდგომარეობა დააყენა პარტიის და მშრომელი ხალხის წინაშე. თანაც საშიშროება იყო, რომ ეს შეიარაღებული ბრბო არ გადასულიყო შავრაზმელების მხარეს.

ამიტომ, გერმანე მგალობლიშვილმა, სუფსის რაიონში დ. თავართქილაძის  სახლში მოიწვია ბანდიტების მეთაურები და გაბედულად მოუწოდა მათ განიარაღებულიყვნენ  და იარაღი გაეგზავნათ გურიის   კომიტეტისთვის. ამან „ხუნხუზთა“ შორის დიდი წინააღმდეგობა გამოიწვია. კამათმა 6 საათი გასტანა. გერმანემ შეძლო ნამდვილი ტერორისტების“  დახმარებით 70 კაცისთვის იარაღის აყრა. იმ დროს ეს დიდ თავდადებულ გაბედულებას  წარმოადგენდა.

იმავე ღამეს კომიტეტის ხალხმა მოკლა „ხუნხუზთა“ 2 მეთაური: ლევანტი მოისწრაფიშვილი და ნიკოლოზ კუპრაძე. ამან თავზარი დასცა "ხუნხუზების"  ე.წ. რაზმებს  დ სხვადასხვა წვრილ ქურდბაცაცებს. ერთი კვირის თავზე სარაიონო კრებაზე 88 პირი გამოვიდა თხოვნით -ჩადენილი  დანაშაულები ეპატიებია მათთვის „კომიტეტს“  და მომავლში უთუოდ გამოსწორდებოდნენ.

"ცნობის ფურცელი" გვატყობინებს  ძარცვები

„ქ.ბათუმში, 1905 წ, 3 ივნისს დილის 9 საათზე ძმები სიმონოვების სავაჭრო სახლის კანტორაში შესულა რევოლვერებით და ხანჯლებით შეიარაღებული ცხრა კაცი და იქ მყოფ  სიმონოვისა და მისი შვილისათვის მოუთხოვიათ ფული. წაუღიათ რაც კი მაგიდაში და "კასაში" ფული ყოფილა. პოლიციას შეუპყრია ორი კაცი. ხინთიბიძე მიხეილ, ოზურგეთის მაზრის  მცხოვრები და მეორე ქუთაისის მაზრის მცხოვრები - რაჟდენ კუბლაშვილი. ხინთიბიძეს აღმოაჩნდა 108 მანეთი და 80 კაპ“.(ცნობის ფურცელი, N 2838, 7105 ნ. გვ.3).

1905 წ.11 სექტემბერს ცნობის ფურცელი გვაუწყებს „კვირის საღამოს. როცა ქუთაისის ბულვარზე უამრავი ხალხი დასეირნობდა რევოლვერის ხმა მოისმა. ერთი ნაწილი მოსეირნეთა, გაეშურა იქით, საცა რევოლვერი გავარდა, მეორემ კი ერთი თვალის დახამხამებაზე დატოვა ბულვარი. როცა დამშვიდდა ხალხი, გამოირკვა შემდეგი: პოლიციის აგენტს მოენდომა  დაჭერა ოზურგეთის მცხოვრებ ნიკოლაიშვილისა, ხალხს რომ ეს დაუნახავს. წინააღმდეგობის გაწევა მოუნდომებია. მაგრამ, პოლიციელს ხალხის შესაშინებლად რევოლვერი დაუცლია და დაუტუსაღებია გურული, რომელსაც თურმე აზოვ-დონის ბანკის არტელის გაძარცვას აბრალებდნენ (ცნობის ფურცელი 1905წ.N 2914, გვ

 „11 ამ თვეს - აღნიშნავს „ცნობის ფურცელი“,- დაჭერილი ოზურგეთის მცხოვრები ნიკოლაიშვილი აჩვენეს  აზოვ-დონის ბანკის მეარტელის, დარაჯს და იმ ქალს, რომელიც შოდის სახლში ცხოვრობს. მეარტელემ და ქალმა იცნეს ნიკოლაიშვილი, ისინი ამტკიცებენ,  რომ ფულის სკივრი მაგას მიჰქონდაო. დაიჭირეს თუ არა ნიკოლაიშვილი შეამოწმებინეს ექიმებს. მათი აზრით, ბეჭებსა და მხრებზე რომ ზოლები აქვს, ფულის სკივრი რომ მხარზე ედო, მისი ნიშანია. ნიკოლაიშვლთან  ერთად დაიჭირეს ის მეეტლე, რომლითაც ავაზაკებმა სკივრი წაიღეს ბალახვანის ქუჩაზე. და ერთი დარაჯი, რომელსაც ამ გაძარცვაში მონაწილეობას სწამებენ ( ცნობის ფურცელი. 1905 წ. N2915, გვ 2-3).

ახალი თაობის კაცების მიერ, ჩადენილი მსგავსი გარემოებანი თითო ოროლა ფაქტებით  როდი ამოიწურებოდა.

'.$TEXT['print'].'