დიდი „რაზბორკები“ „ოცნებაში“ - წულუკიანის ულტიმატუმი და სიტყვიერი დაპირისპირება კვირიკაშვილთან
ავტორი: გურიის მოამბე
დიდი „რაზბორკები“ „ოცნებაში“ - წულუკიანის ულტიმატუმი და სიტყვიერი დაპირისპირება კვირიკაშვილთან

„გარჩევა“ და გაწევ-გამოწევა „ოცნების“ ოფისში - რა მოხდა მმართელი პარტიის საგანგებო პოლიტსაბჭოს სხდომაზე. როგორც „ნიუპოსტს“ უყვებიან, ბიძინა ივანიშვილმა დახურულ შეხვედრაზე უმრავლესობის წევრები და მინისტრები დატუქსა.

ყოფილმა პრემიერმა ღიად თქვა, რომ ინდულგენცია არავის აქვს და სამთავრობო ცვლილებებს გარდაუვალი უწოდა, რაც მმართველი პარტიის შიგნით კიდევ ერთი დაპირისპირების მიზეზი გახდა.

როგორც ჩვენი წყარო ყვება, პოლიტსაბჭოს წევრებს შორის ხმამაღალი საუბარი გაიმართა, „ოცნებელები“ კვირკაშვილს სულ ყვირილით ელაპარაკებოდნენ, თუმცა პრემიერი ყველაფერ ამას მოთმინებით იტანდა.

„კვირიკაშვილის დუმილი არც გამკვირვებია, რადგან მას ისტერიულად უნდა, რომ „ოცნებამ“ საპრეზიდენტო კანდიდატად დაასახელოს და ამიტომ, ყველაფერს აკეთებს, რომ ივლისის შუა რიცხვებამდე თავი როგორმე მიიტანოს. სწორედ ამ დროს აპირებს „ოცნება“ საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელებას“, - ამბობს ჩვენი წყარო, რომელიც დასძენს, რომ პარლამენტის წინ, მიტინგზე ჩასვლაც კვირკაშვილის საპრეზიდენტო პიარკამპანიის ნაწილი იყო, მაგრამ ამ კუთხით, სრული ფიასკო განიცადა.

ამასთან, „ნიუპოსტის“ წყაროს თქმით, პრემიერთან ერთად, დეპუტატებისგან ყველაზე მეტი შენიშვნა იუსტიციის მინისტრმა მიიღო.

თეა წულუკიანს საფრანგეთში საქართველოს ელჩის თანამდებობას დელიკატურად შესთავაზეს, თუმცა როგორც ჩანს, მისი დათანხმება ვერც ივანიშვილმა შეძლო.

“მე თუ გამწირავთ, მეც გაგწირავთ" - მიმართა წულუკიანმა ივანიშვილს.

წყაროს მონაყოლის მიხედვით, უმრავლესობის წევრებს შორის ვითარება იმ დონემდე დაიძაბა, რომ სათათბირო ოთახი მთავრობის პრესამსახურის ოპერატორებსაც დაატოვებინეს.

სხვათა შორის, წულუკიანი, როგორც "ოცნების" კულუარებში ამბობენ, გადადგომას 7-8 თვის წინ აპირებდა და ამის თაობაზე კვირიკაშვილსაც ესაუბრა, მაგრამ მაშინ კვირიკაშვილს უთქვამს, არ გაგიშვებო. მას შემდეგ, რაც ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის ნიშნები გამოიკვეთა, წულუკიანისთვის უმაღლესი თანამდებობის პირებს უთქვამთ, ახლა უნდა წახვიდე და ამით ვითრება განიმუხტებაო, მაგრამ იუსტიციის მინისტრს ქვა აუგდია და თავი შეუშვერია, აქამდე თქვენ არ მიშვებდით, ახლა კი მე არ წავალ და თუ მაგრები ხართ, გადამაყენეთ და მერე ნახავთ, რაც მოგივათო.

სამსაათიანი დაძაბული შეხვედრის დასრულების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა განაცხადა, რომ სამთავრობო ცვლილებებზე არც კი უსაუბრიათ და მთავრობა, პარლამენტი და ბიძინა ივანიშვილი UNICEF-ის კვლევების განსახილველად შეიკრიბნენ, რომელიც სიღარიბის მაჩვენებლის ზრდას ასახავდა.

საპირისპირო განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მამუკა ბახტაძემ დაადასტურა, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერები სწორედ სამთავრობო ცვლილებებზე მსჯელობდნენ.

წყარო: "ნიუპოსტი"

'.$TEXT['print'].'