"ხალხს უკვე ვერაფერი შეაჩერებს"
ავტორი: გურიის მოამბე
"ხალხს უკვე ვერაფერი შეაჩერებს"

ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გუგავა მიიჩნევს, რომ საზოგადოებამ და ოპოზიციამ ერთობლივი ძალებით უნდა შეცვალოს „არსებული რეჟიმი“. 
მისივე თქმით, ვინც უნდა მოვიდეს ან დარჩეს მინისტრთა კაბინეტში, „დანაშაულებრივი პოლიტიკა“ კვლავ გაგრძელდება. 

„ივანიშვილმა გადაწყვიტა, გაწიროს მარიონეტები და ამით თავი გადაირჩინოს, რაც ვერ გადაარჩენს, ვერ განმუხტავს არსებულ პოლიტიკურ კრიზისს. საბოლოო ჯამში, უნდა დავამარცხოთ ეს რეჟიმი და ამისთვის აუცილებელია ოპოზიციის ერთიანობა და საზოგადოების წინააღმდეგობა. ვინ დარჩება ან არ დარჩება ხელისუფლებაში, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, გაგრძელდება იგივე დანაშაულებრივი პოლიტიკა, ამიტომ, ჩვენი და საზოგადოების მოვალეობაა ბოლომდე მივიყვანოთ ბრძოლა,“ - განაცხადა გიორგი გუგავამ.

„ქართული ოცნების“ და ივანიშვილის უხერხემლობის შედეგი კიდევ ერთხელ ვიხილეთ. საერთოდ არ არის საინტერესო იმ ადამიანის სახელი და გვარი, ვისაც დღეს ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტზე დაასახელებს. პრობლემა არც კვირკაშვილში იყო, არც გახარიაშია და არც წულუკიანში. პრობლემა თავად ივანიშვილშია და კიდევ ერთხელ ნუ შეეცდება ხალხის მოტყუებას“. - აცხადებს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე.

„ივანიშვილი 5 მილიარდს ფლობს. ბუნებრივია, 5 მილიარდის შოვნას სჭირდება ნიჭიც და მოხერხებულობაც, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მას აქვს უფლება ქვეყნაც ისე ჩაიდოს ჯიბეში, როგორც ის 5 მილიარდი. ივანიშვილს პოლიტიკა, რომ არ ესმის ეს ბოლო მისმა გადაწყვეტილებამ ნათლად აჩვენა.

საზოგადოების პროტესტმა, რომელიც ქვეყანაში მძვინვარებს ივანიშვილი ისე შეაშინა, გადაწყვიტა მთავრობა შეცვალოს და ამით გადაირჩინოს თავი. თუმცა მას ეს არ გამოუვა, ამ ხალხს უკვე ვერაფერი შეაჩერებს. ამდენ შეურაცხყოფას აღარ მოუთმენს და არ აპატიებს“ -აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

'.$TEXT['print'].'