გურიის პოლიციამ ერთი პირი ნარკოტიკების გასაღების ბრალდებით დააკავა
ავტორი: გურიის მოამბე
გურიის პოლიციამ ერთი პირი ნარკოტიკების გასაღების ბრალდებით დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული ა.ბ., დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით, საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფის“ მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა ა.ბ. იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით საქართველოდან თურქეთში გადასვლას ცდილობდა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ნარკოტიკულ საშულებას სისტემატურად ყიდდა. პოლიციამ მის მიერ გაყიდული, 0,03603 გრამი ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინის“ 4 აბი და 2 ნატეხი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე, სსკ-ს 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მიმდინარე წლის მაისის შუა რიცხვებიდან დღემდე 4 კილოგრამი „ჰეროინი“, 2000 აბი „სუბუტექსი“ და „სუბოქსინი“, 100 გრამი „კოკაინი“, 200 გრამი „მდმა“, 150 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება და 150 გრამი ფსიქოტროპული ნივთიერებები ამოიღეს. ამავე პერიოდში, ნარკორეალიზაციისთვის ბრალი წარედგინა (260-ე მუხლის მე-4 ან მე-5 ნაწილით) 8 პირს.

ბოლო 6 თვის განმავლობაში კი ამოღებულია: 13 კილოგრამი „ჰეროინი“, 7000 აბი „სუბუტექსი“ და „სუბოქსინი“, 1 კილო და 300 გრამი „კოკაინი“, 2 კილოგრამამდე „მდმა“, 650 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება და 1 კილოგრამამდე ფსიქოტროპული ნივთიერებები. ამავე პერიოდში, ნარკორეალიზაციისთვის ბრალი წარედგინა (260-ე მუხლის მე-4 ან მე-5 ნაწილით) - 72 პირს.

'.$TEXT['print'].'