"ბედი უნდა ყველაფერს, ბედი"
ავტორი: თემურ კილაძე
"ბედი უნდა ყველაფერს, ბედი"

მაშინ მარინაზე ვიყავი უგონოდ შეყვარებული, ცოლი მყავდა და სახლიდან წასვლას არ ვაპირებდი. თუმცა სულ მეშინოდა, რომ თავად მარინას არ ეთხოვა ოჯახის მიტოვება ჩემთვის. მისი დაკარგვა იმდენად არ მინდოდა, რომ ჩემი უსუსურობის გამო სიგიჟემდე მიტირია კიდეც. თავი და მუშტები მირტყამს კედლისთვის. ეს მაშინ, როცა მარინა მშორდებოდა. ის არანაირ პირობას არ მიყენებდა, უბრალოდ მიდიოდა და მეც გაგიჟებული, ყველაფერს ვაკეთებდი, რომ დამებრუნებინა. ასე გავიდა ხუთი წელი. ჩხუბით, ომით და უგონო სიყვარულში. მერე მარინა გათხოვდა და ზუსტად ამ დროს, ოცწლიანი თანაცხოვრების შემდეგ ჩემმა ცოლმაც მიმატოვა. შენთან ოცი კი არა, ერთი წელი ხუთს უდრიდა, მეტი აღარ შემიძლია, წავედიო, ასე გამომიცხადა. შვებით ამოვისუნთქე. ვიცოდი, თავად მე ვერსად წამსვლელი ვერ ვიყავი. სადაური გმირი მე ვარ. მაშინაც კი, როცა თავისუფალი ვიყავი, ვერ გავბედე მარინასთვის მეთქვა, ქმარს გაშორდი და ჩემთან გადმოდი-მეთქი.
ასეა, ადამიანები ყველაფერს ეჩვევიან, ნეხვის ჭამასაც კი და მერე გადაჩვევა ძალიან ძნელია, უკვე მოსწონთ და რას იზამ. 
ნეხვის ჭამამ დათოსთან ამასწინდელი საუბარი გამახსენა. კაფეში ვიჯექით, როცა ნაცნობები შემოვიდნენ, საღი, ჯანიანი ქალები და წელში ძველბიჭურად მოხრილი კაცები.
-რატომ ჰყავს ყველა ლამაზ ქალს ასეთი დებილი ქმარი, გაგიჟდები კაცი. ნეტავ, სად ჰქონდათ თვალები როცა თხოვდებოდნენ?! - ისე თქვა დათომ, ჩემსკენ არც გამოუხედია, ქალებს მზერა ვერ მოაშორა.
-თვალები ზუსტად იქ ჰქონდათ, სადაც უნდა ჰქონოდათ და მშვენივრადაც ხედავდნენ. უბრალოდ იმ ასაკში ტვინი არა აქვთ და ეჩვენებათ, რომ უყვართ. არადა უბრალოდ ჰორმონები ასკდებათ. - ვუპასუხე მე. ჩემთვის კი გავიფიქრე, ნუთუ ასე მარტივად არის ყველაფერი, რომ ყველა ლამაზ ქალს უვარგისი ქმარი ჰყავს. ლამაზი და ჭკვიანი ქალები ყოველთვის დიდ გავლენას ახდენენ თავიანთ მამაკაცებზე. ნათიაც არ იყო უჭკუო, მაგრამ მისი ჭკუა, მგონი, მხოლოდ ნგრევას მოახმარა.
-კარგი, რა! - გააგრძელა დათომ, - ტვინი გასაგებია, მაგრამ.. - სიტყვა არ დავამთავრებინე.
-გოგოებს მაგ ასაკში „ცუდი“ ბიჭები მოსწონთ. „ცუდი“ ბიჭები იმ ასაკში, ძირითადად, ლამაზები და თავხედები არიან. ლამაზ და თავხედ ბიჭებზე გოგოებს ჭკუა ეკეტებათ. როცა ცოლად გაყვებიან და უკვე თავად დაჭკვიანდებიან, მერე ხვდებიან, რომ უქნარა და უვარგისი ქმრები ჰყავთ.
-მხოლოდ ქალები რატომ ჭკვიანდებიან და თუ ჭკვიანდებიან, ცხოვრებას რატომ არ ცვლიან? - იკითხა დათომ და ისევ ქალებისკენ გაიხედა.
-გეყოფა ახლა, ნუ მიაშტერდი. ქალები იმიტომ ჭკვიანდებიან, რომ სახლ-კარი, შვილები და უქნარა ქმარი კისერზე ჰყავთ ჩამოკიდებული. ამიტომ სხვა გამოსავალი არა აქვთ. კაცები კი როგორც ცხოვრობდნენ, ისე აგრძელებენ. ძმაკაცებთან ქეიფობენ, სხვა ქალებს დასდევენ, ზოგი კიდეც იჩხერს და ასე ნელ-ნელა გარეგნულადაც ემსგავსებიან იმას, რაც შინაგანად არიან.
- ჰო, ამის შემყურე ქალები ცხოვრებას რატომ არ ცვლიან. თუმცა ხანდახან ცვლიან ანუ სხვა კაცს ეძებენ, მოკლედ რომ ვთქვათ, ბოზობენ - თქვა ძალიან კმაყოფილი გამომეტყველებით, თითქოს ვიღაცას რაღაც მოუგო. 
-იცი, არ მემეტება ქალები ასეთი შეფასებისთვის. მე ასე მარტივად, მხოლოდ ფეხების გაშლად ვერ აღვიქვამ ყველაფერს. ძალიან არ მიყვარს ეს სიტყვა, მაგრამ, ჩემი აზრით, ყოველგვარი ბოზობა მაშინ იწყება, როცა იცოდი, რომ არ უნდა გეთქვა, არ უნდა დაგეწერა, არ უნდა გაგეკეთებინა და მაინც გააკეთე. იცოდი, რომ ამის გამკეთებელს, ერთ მშვენიერ დღეს აუცილებლად შეგრცხვებოდა და მაინც ქენი. - როგორც იქნა, დავასრულე ჩემი ტირადა და მეც ქალებისკენ გავიხედე. თანმხლები მამაკაცებისგან შორს გაურბოდათ თვალები. გამეღიმა.

'.$TEXT['print'].'