ოპონენტებს „ცივ წყალს გადაასხამს“ ივანიშვილის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა და გამარჯვება - ხუხაშვილი
ავტორი: გურიის მოამბე
ოპონენტებს „ცივ წყალს გადაასხამს“ ივანიშვილის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა და გამარჯვება - ხუხაშვილი

გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატად პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დასახელების შემთხვევაში ოპოზიციის შანსები ნულდება, თუმცა, ექსპერტი მიიჩნევს, რომ ეს ნაკლებად სავარაუდოა, რადგან როგორც ფიქრობს, ივანიშვილის დასახელება მოხდება იმ შემთხვევაში, თუ პარტიის თავმჯდომარე და ქვეყნის ყოფილი პრემიერ მინისტრი ამას თავად გადაწყვეტს, მისთვის კი, ხუხაშვილის თქმით, პოლიტიკაში რეინტეგრაციის გადაწყვეტილებაც რთულად მისაღები აღმოჩნდა და მით უფრო, არის თუ არა მზად პრეზიდენტის პოსტის დასაკავებლად, ეს კითხვის ნიშნის ქვეშ დგას:

„დაასახელებს თუ არა „ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილს საპრეზიდენტო კანდიდატად, ეს თავად ივანიშვილზეა დამოკიდებული. მე, სიმართლე გითხრათ, სკეპტიკურად ვუყურებ მოვლენების ასეთ განვითარებას. მისთვის რთული იყო საერთოდ პოლიტიკაში რეინტეგრაციაზე გადაწყვეტილების მიღება. მან ეს ნაბიჯი გადადგა, უფრო შორს წასვლისთვის რამდენად არის ის მზად, აქ სერიოზული კითხვის ნიშნებია, თუმცა, ჩვენ საჭიროებაზე ვისაუბრებთ, ქვეყნისთვისაც, ინსტიტუციური წესრიგისთვისაც, პრინციპში, პირადად მისთვისაც კარგი იქნებოდა მას რომ ეს ნაბიჯი გადაედგა. იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ბევრი ეჭვქვეშ აყენებს მის ლეგიტიმურობას, ლაპარაკია ჩრდილოვან მმართველობაზე, საუბარია, რომ მას დაკარგული აქვს ხალხის ნდობა და ლეგიტიმაცია. თუ ის საარჩევნო გზით დაადასტურებდა ხალხის ნდობას, ეს, ბუნებრივია, მას ძალიან გაამაგრებდა და შეუქმნიდა სერიოზულ პოლიტიკურ იმუნიტეტს და იმის კომფორტს, რომ მასზე ეს მუდმივი სპეკულაციები ჩრდილოვან მმართველობაზე, ბრალდებებით აპელირება, ასე რომ ვთქვათ, დიდწილად გადაიფარებოდა. ასე რომ, მე ვფიქრობ, ეს იქნებოდა სასარგებლო, თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მან ეს გადაწყვეტილება მიიღოს.

 „იმუნიტეტი ბიძინა ივანიშვილს სჭირდება იმისთვის, რომ - პირველი: ვინც თვლის, რომ მას დაკარგული აქვს, ანუ ხალხი მას არ ენდობა, ის საარჩევნო გზით დაადასტურებს, რომ ეს ასე არ არის, ეს მის ოპონენტებს დიდწილად ცივ წყალს გადაასხამს იმიტომ, რომ აპელირება რაზეა - რომ მას უზურპირებული აქვს დიდწილად ხელისუფლება და თუ მას ხალხი აირჩევს, მაშინ ეს მთავარი არგუმენტი ოპოზიციის მხრიდან იქნება გადაფარული და ეს შეუქმნის ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკურ იმუნიტეტს და კომფორტს იმისთვის, რომ სერიოზული რეფორმები ჩატარდეს ქვეყანაში. ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელდება იმ შემთხვევაში, თუ თვითონ დათანხმდა. მისთვის ეს საკმაოდ არაკომფორტული და ძნელადმისაღები გადაწყვეტილებაა“ - განაცხადა ხუხაშვილმა.

guardian.ge

'.$TEXT['print'].'