"მერცხალში" აუდიტის სამსახური შედის-ვინ ვის აგინა გუშინ სტადიონზე?
ავტორი: გურიის მოამბე
"მერცხალში" აუდიტის სამსახური შედის-ვინ ვის აგინა გუშინ სტადიონზე?

საფეხბურთო კლუბ "მერცხალში" ხვალიდან აუდიტის სამსახური შედის. 

როგორც "გურიის მოამბისთვის" გახდა ცნობილი, აუდიტის სამსახურის შესვლა სტადიონზე თავად მისი დირექტორის, მურთაზ აბაშიძის მოთხოვნის საფუძველზე მოხდება. 

თავად აბაძიძე ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ ეს გეგმიური შემოწმება იქნება და არანაირ ხარვეზებთან დაკავშირებული არ არის. 

"ჩვეულებრივი გეგმიური შემოწმება იქნება. შიდა აუდიტის სამსახურის შემოდის. არ მგონია რამე კონკრეტულს უკავშირდებოდეს, ან თანხებს, ან ხარვეზებს"-გვითხრა აბაძიძემ. 

ასევე ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, გუშინ "მერცხალის" სტადიონზე დაპირისპირება მოხდა გუნდის ხელმძღვანელ შოთა გიორგაძესა და სტადიონის დირექტორს, მამუკა გოგუაძეს შორის. 

როგორც გვეუბნებიან, მათ შორის სიტყვიერი შეურაცხყოფას ჰქონდა ადგილი. საქმე ფიზიკურ დაპირისპირებამდეც მივიდა, თუმცა სტადიონზე მყოფმა ფეხბურთელებმა სიტუაციის განმუხტვა შეძლეს.

"გურიის მოამბე" მომხდართან დაკავშირებით ორივე მხარეს დაუკავშირდა. 

მამუკა გოგუაძე გვეუბნება, რომ მისი მისამართით შოთა გიორგაძისგან სიტყვიერ შეურაცხყოფას ჰქონდა ადგილი, მომხდარს ის მისი და ხარიტონ ჩახატარაშვილის მისამართით არსებულ აგრესიას უკავშირდება: 'მე ვიყავი მეორე სართულზე, ჩემს ოთახში და მესმოდა როგორი უშვერი სიტყვებით საუბრობდა ჩემზე შოთა გიორგაძე. ეს რა თქმა უნდა ეხებოდა სამსახურებრივ ამბავს. ამაზე მე შევეპასუხე და ეს იყო სულ. ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია. მათი გაღიზიანება გამოწვეულია მხოლოდ იმით, რომ სტადიონზე არის ორი მათთვის მიუღებელი ადამიანი, ეს ვარ მე და ხარიტონ ჩხატარაშვილი, ადამიანი, რომელსაც როგორც მწრთვნელს აქვს უამრავი წარმატება თავის საქმეში. მათ უნდათ ჩვენი მოშორება"-გვითხრა გოგუაძემ.

რაც შეეხება გუნდის ხელმძღვანელს, შოთა გიორგაძეს, მისი განცხადებით არანაირ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია და ეს ყველაფერი ჭორია: 

"საიდან მოაქვთ, ვის მოაქვს ეს ამბები? არანაირი დაპირისპირება და ცემა არ ყოფილა. უბრალოდ ეს იყო საქმესთან დაკავშირებით პატარა კამათი. ეს ყველგან ხდება, როცა რაღაცაზე მსჯელობენ. არ მესმის ეს ვის ინტერესებში შედის. მაგრამ, იცით რაშია საქმე? პრობლემები არ იქნება მაშინ, როცა პურს მეპურე გამოაცხობს და მეწაღე ფეხსაცმელს შეაკეთებს. ეს რომ არაა ჩვენს ქვეყანაში დალაგებული, ამიტომაც მივდივართ უარესობისკენ"-გვითხრა გიორგაძემ.

ჩვენს მიერ დასმულ კითხვაზე, თუ ვის ეხება კონკრეტულად მისი პრეტენზიები არაპროფესიონალიზმთან და საქმის უცოდინარობასტან დაკავშირებით, ის ზოგადად გვპასუხობს: "არა, არავის არ ვგულისხმობ კონკრეტულად. უბრალოდ ასეთი სიტუაციაა და ამიტომ ვთქვი. ადამიანი რომელსაც არ ესმის ფეხბურთი, იმას სტადიონზე არაფერი ესაქმება. არც სპორტდარბაზში უნდა იყოს ისეთი ადამიანი, ვინც სპორტის არაფერი იცის. 

_ მამუკა გოგუაძეს გულისხმობთ? სტადიონი რომ ახსენეთ?

- არავის არ ვგულისხმობ. ნუ, მამუკა სტადიონის მეზობლად ცხოვრობს და ჰაერი მაინც ექნება აქური ნასუნთქი-გვითხრა გიორგაძემ. 

'.$TEXT['print'].'