ოზურგეთის სარაგბო თემს მალე საკუთარი ბაზა და მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა ექნება
ავტორი: გურიის მოამბე
ოზურგეთის სარაგბო თემს მალე საკუთარი ბაზა და მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა ექნება

ინფრასტრუქტურის სამინისტრო ოზურგეთში სარაგბო კლუბ "არწივების" ბაზის მშენებლობას და სტადიონის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას გეგმავს

ამის შესახებ განცხადებები, ოზურგეთში - "ზვანი არენაზე" - სადაც ოზურგეთის სარაგბო კლუბი "არწივები" შინაურ თამაშებს ატარებენ - ქვეყნის ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის სტუმრობის შემდეგ გაკეთდა.

სარაგბო კლუბ "არწივების" პრეზიდენტის, თენგიზ კალანდაძის განცხადებით, ყოველივე ამის უკან კლუბის საპატიო პრეზიდენტი, არჩილ თალაკვაძე დგას.

მისივე განცხადებით, ინფრასტრუქტურის მინისტრი, ამ დღეებში, "ზვანი არენას", ოზურგეთის მაჟორიტარ დეპუტატთან და იმავდროულად საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერთან ერთად სტუმრობდა:

"ამ წუთებში იწყება პროექტზე მუშაობა, რომელიც როგორც ბაზას, ასევე სტადიონის ინფრასტრუქტურას-მათ შორის-მაყურებელთა ტრიბუნას, გასახდელებსა და მსაჯთა ოთახებს მოიცავს-თუმცა თავიდანვე  იყო მიწის პრობლემა, სადაც ბაზა უნდა აშენებულიყო, გამოიძებნა ადგილი, იქვე სტადიონთან, მაგრამ მისი შესაძენი თანხა კლუბის ბიუჯეტს არ გაგვაჩნდა, ბატონი არჩილის ინიციატივით დავიწყეთ სარეკლამო კამპანია სოციალურ ქსელებში და საბედნიეროდ, მიწის შესაძენი თანხა ერთ დღეში შეგროვდა, მოხალისეები, რომლებმაც გადაწყვიტეს "ოზურგეთის "არწივების" განვითარების ფონდში" თანხის გადარიცხვა - საკმარისზე მეტი აღმოჩნდა - ახლა უკვე გადავდივართ მეორე ეტაპზე."- ყვება კალანდაძე.

ოზურგეთის "არწივები" დღეისათვის საქართველოს რაგბისტთა პირველობის პირველ ლიგაში ასპარეზობს, მისი მიზანი "დიდ 10"-ში აღზევებაა რაც, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მისი დამფუძნებელი ზვიად უნგიაძეა, რომელიც პარალელურად "დიდი 10-ის" ბინადარ "ბათუმს" უდგას სათავეში-არარეალური სულაც არ არის.

'.$TEXT['print'].'