Bzhuzha Race ევროპის თასის ოფიციალური ეტაპი გახდა
ავტორი: გურიის მოამბე
Bzhuzha Race ევროპის თასის ოფიციალური ეტაპი გახდა

ოზურგეთი საქართველოს კაიაკინგის ეროვნული ფედერაციის ინიციატივით, ყოველწლიურად კაიაკინგის საერთაშორისო ფესტივალ – Bzhuzha Race მასპინძლობს

ფესტივალი ყოველწლიურია და მასში სხვადასხვა ქვეყნის 100 მდე სპორტსმენი მონაწილეობს და ის ყოველი წლის მაისში იმართება

ექსტრემალური კაიაკინგი კარგ ტურისტულ პროდუქტს ქმნის და ტურისტების მნიშვნელოვან ზრდას უწყობს ხელს.

ფესტივალის გახსნის ცერემონიალი ქალაქ ოზურგეთში, თეატრალურ მოედანზე მიმდინარეობს, აქ უცხოელი ვიზიტორებისთვის სრულდებ ფლეშ-მობი და ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი.

შემდეგ კი ფესტივალის მონაწილეები მდინარე ბჟუჟის ხეობაში (შემოქმედის თემი) გადაინაცვლებენ სადაც ტარდება კაიაკინგის  ჩემპიონატი.

ფესტივალის პარტნიორები და თანაორგანიზატორები მსოფლიოს გამოჩენილი კაიაკერების ჯგუფები არიან, რომლებიც რანგით მსოფლიოს საუკეთესო სპორტსმენთა ათეულში შედიან და წარმოადგენენ Adidas Outdoor - ის გუნდს, რაც აღნიშნულ ღონისძიებას სტატუსსა და მსოფლიოს მასშტაბით ცნობადობას მატებს.

ჩემპიონატი საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით, გურიის სამხარეო ადმინისტრაციის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით იმართება.

მაშინ როცა ხინოსა და გომის მთებზე თოვლი დნება და გიჟმაჟ მდინარე ბჟუჟში წყლის დონე იმატებს, ეს ულამაზესი ხეობა, ჩქერითა და სიპი ქვებით ექსტრემალ კაიაკერებს მთელი მსოფლიოდან მაგნიტივით იზიდავს. გურიის ისტორიული სოფელი შემოქმედი კი კაიაკინგის სამყაროს ერთ-ერთი ცენტრი ხდება.

Bzhuzha Race, რომელსაც გურია 2-დან 5 მაისამდე მასპინძლოს, იმით გამოირჩევა, რომ სულ ორი წლის ისტორიის მქონე ტურნირი, ექსტრემალური კაიაკინგის ევროპის თასის გათამაშების (EKEC) სასტარტო ეტაპად იქცა. ფრანგული ამბრიონის, იტალიური მოსო პასირიას, ნორვეგიული ვოსის და ჩეხური ლიპნოს შემდეგ, ბჟუჟის შეჯიბრი კაიაკინგის ევროპულ კალენდარში ოფიციალურად დამკვიდრდა.

სწორედ ამის დამსახურება იყო, რომ გურიაში, ევროპის თასის სტარტზე, ბოლოს გამართულ შეჯიბრში10 ქვეყნის 60-მდე კაიაკერმა მოიყარა თავი, მათ შორის, კაიაკინგის ისეთი მეგა კლუბებიდან, როგორებიც: Adidas Outdoor, S2S Pro, ExoKayak, ZetKayaks, ABV და Red Bull International არიან. ბჟუჟის ევროპული ეტაპის გამარჯვებული მამაკაცებს შორის კი ავსტრიელი ენდი ბრუნერი გახდა, რომელზეც გურიამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა:

ენდი ბრუნერი, Bzhuzha Race 2018-ის გამარჯვებული

„საქართველოში რამდენჯერმე ვარ ნამყოფი, ულამაზესი ბუნება გაქვთ, მთის ჩქარი მდინარეებით, სადაც კაიაკინგის განვითარებისთვის იდეალური პირობებია. ბჟუჟი არაჩვეულებრივი ადგილია ევროპის თასის ეტაპისთვის. ეს ვიზიტი ყველაზე მეტად დამამახსოვრდება, პირველად გავიმარჯვე და მთავარი პრიზი - ახალი კაიაკიც მე მერგო.“

ენდი ბრუნერმა, რომელიც ავსტრიულ კლუბ S2S Pro-ს წარმოადგენს გაიმარჯვა კვალიფიკაციაში, გრძელ დისტანციაზე, სლალომში, ექსტრიმ რბოლაში და იტალიელ მარკო ბაბუინს მხოლოდ კაიაკ კროსი დაუთმო. ქალებს შორის უკონკურენტო ჩეხი ლამაზმანი ბეტი ბრაბცოვა იყო, რომელიც მარკო ბაბუინის მსგავსად იტალიური კლუბის ExoKayak-ის ღირსებას იცავს.

ჩეხი კაიაკერი ქალი ბეტი ბრაბცოვა, 

ექსტრემალურ კაიაკინგში ევროპის თასი სულ ორი წელია რაც თამაშდება. 2016 და 2017 წლების შედეგების მიხედვით, ევროპის აბსოლუტური ჩემპიონი იტალიელი მიკელე რამაცაა. მან პირველად სადებიუტო, სამ ეტაპიან გათამაშებაში იმარჯვა. შარშან კი უკვე ხუთ ეტაპიან შეჯიბრში ბადალი არ ჰყავდა. 

აკაკი კობიაშვილი, საქართველოს კაიაკინგის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი

„ძალიან დიდი გამარჯვებაა, რომ წლევანდელი წლიდან Bzhuzha Race ევროპის თასის ოფიციალური ეტაპი გახდა. ამან გამოიწვია ის, რომ ევროპიდან გურიაში უფრო მეტი სპორტსმენი ჩამოვიდა, ვინაიდან ბჟუჟზე აღებული ქულები უკვე სარეიტინგოა.

ბჟუჟი ისედაც ძალიან პოპულარული იყო კაიაკერებს შორის, იმის გამო, რომ ავტომანქანით ადვილი მისადგომია და თითქმის, ყველა სირთულის მონაკვეთი გააჩნია, თუმცა ამ აღიარების შემდეგ, დარწმუნებული ვარ გურიის ეტაპის პოპულარობა უფრო გაიზრდება, რაც საქართველოში კაიაკინგის პოპულარობის ზრდას შეუწყობს ხელს.“

მდინარე ბჟუჟი

32,5 კილომეტრის სიგრძის მდინარე ბჟუჟი სათავეს ხინოს მთის ჩრდილოეთ კალთიდან იღებს. ჩამოუდის ზემო გურიის სოფლებს გომისმთას, გონებისკარს, წითელმთას, შემოქმედს, კვირიკეთსა და ქვემო მაკვანეთს. ოზურგეთში ბჟუჟს უერთდება აჭისწყალი, ნაბჟუარა და სკურჩა. სოფელ გურიანთასთან კი ბჟუჟი მდინარე ნატანებს ერთვის. 1956 წლიდან მდინარეზე მუშაობს 7,8 ათასი კვტ/სთ-ის სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგური - ბჟუჟჰესი.

წინამდებარე მასალა და ფოტორეპორტაჟი მომზადდამონაწილეობითი პრინციპები გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისთვისპროექტის ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. მის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ პროექტის განმახორციელებელი პარტნიორები და ფოტორეპორტაჟის შინაარსის ევროკავშირის პოზიციად აღქმა დაუშვებელია.

პროექტს ახორციელებს "ოზურგეთის პრეს კლუბი"-რევაზ ცქვიტინიძის ფოტორეპორტაჟი

მასალაში გამოყენებულია "ამერიკის ხმის" ინფორმაცია;

 

 

'.$TEXT['print'].'