სუს-მა მართვის მოწმობის სისტემაში შეღწევისა და უკანონო დახმარების ბრალდებით 3 პირი დააკავა
ავტორი: გურიის მოამბე
სუს-მა მართვის მოწმობის სისტემაში შეღწევისა და უკანონო დახმარების ბრალდებით 3 პირი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექციის ცნობით,კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ბრალდებით სამი პირი დააკავეს.

უწყების ცნობით,ბრალდებულები წინასწარი შეთანხმებით, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის გზით მართვის მოწმობის თეორიული გამოცდის ჩაბარებაში მოქალაქეებს არაკანონიერ დახმარებას უწევდნენ.

"დაკავებულები შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში გამოცდაზე გამსვლელ პირებს გადასცემდნენ სპეციალურ ტექნიკურ აღჭურვილობას: მიკროკამერას და მიკროყურსასმენს,რის შემდეგაც საგამოცდო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, პორტატული კომპიუტერის მეშვეობით ვიდეო და ხმოვან სიგნალს იღებდნენ", - ნათქვამია განცხადებაში.

სუს-ის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ აღნიშნული  გზით ბრალდებულები ვიზუალურად ხედავდნენ საგამოცდო ბილეთებს და მოსასმენი აპარატურის მეშვეობით მართვის მოწმობის აღების მსურველ მოქალაქეებს პასუხების სწორ ვარიანტებს კარნახობდნენ.

"არაკანონიერი დახმარების სანაცვლოდ აღნიშნული პირები მოქალაქეებისგან სხვადასხვა ოდენობით ფულად თანხებს იღებდნენ. გამოძიების მიერ ნივთმტკიცების სახით ამოღებულია 800 აშშ დოლარი და 1976 ლარი",- ნათქვამია განცხადებაში.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე მიმდინარეობს,რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 5 წლამდე ვადით.

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექცია.

'.$TEXT['print'].'