ოზურგეთში რაგბისტებისათვის თანამედროვე სპორტული ბაზა აშენდება
ავტორი: გურიის მოამბე
ოზურგეთში რაგბისტებისათვის თანამედროვე სპორტული ბაზა აშენდება

ოზურგეთის სარაგბო კლუბი „არწივები“ ბოლო 4 წლის განმავლობაში არნახულ პროგრესს განიცდის, ამისათვის საკმარისია ავღნიშნოთ კლუბის პირველ ლიგაში აღზევება. გუნდის პროგრესის რამდენიმე აუცილებელი ფაქტორი არსებობს: 1) ფინანსები. 2) სწორი მენეჯმენტი. 3) მწვრთნელთა პროფესიონალიზმი. 4) ინფრასტრუქტურა.

რაც შეეხება ფინანსებს, მისი 100% ადგილობრივი ბიუჯეტიდანაა. გუნდში მოთამაშე რაგბისტებს, პირველი ანაზღაურება, 2014 წლიდან გაუჩნდათ, მაშინდელი ქალაქის მერის, ბატონ ბეგლარ სიორიძის ხელშეწყობით, რამაც შედეგი გამოიღო და 2015 – 2016 წლებში გუნდმა პლეიოფები ითამაშა. ხოლო მიზნის მიღწევა 2017 წელს, პირველ ლიგაში ასვლით დააგვირგვინა. თავდაპირველად თითოეული მოთამაშის ხელფასი 200 ლარს შეადგენდა.

2017 წლის მეორე ნახევრიდან გუნდში განწყობაც, დაფინანსებაც და თითოეული მოთამაშის პასუხისმგებლობაც გაიზარდა. დღეისათვის ძირითად მოთამაშეთა სახელფასო სარგო 500 ლარია.

სტადიონზე ჩატარდა მთელი რიგი სამუშაოები: მთლიანად გაიწმინდა და გასუფთავდა სათადარიგო მოედნის მოსაწყობი ტერიტორია, შემოტანილი იქნა 200 კუბური მეტრი ქვიშა, მოეწყო ახალი სველი წერტილები, რომლებიც აკმაყოფილებს რაგბის კავშირის სტანდარტებს. ყველაფერი ეს მუნიციპალიტეტის მერის ბატონი კოტე შარაშენიძის უშუალო ჩართულობით მიმდინარეობს. ხშირია მოედანზე ვიცე მერის, მოადგილეების მობრძანება და მორაგბეებთან ურთიერთობა.

22 აგვისტოს სასტუმრო „სემი“-ში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც  სარაგბო კლუბის საპატიო პრეზიდენტი არჩილ თალაკვაძე, მერი კონსტანტინე შარაშენიძე, გუბერნატორის მოადგილე  არჩილ ყაზაიშვილი, საკრებულოს თავჯდომარის მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძე, მერის მოადგილეები ირაკლი სირაძე და ოსიკო თოთიბაძე, მერიის სპორტის სამსახურის ხელმძღვანელები, კლუბის ყოფილი დირექტორი ზვიად უნგიაძე და კლუბის ხელმძღვანელობა ესწრებოდნენ. ამ შეხვედრაზე კლუბისთვის მეტად მნიშვნელოვან და ისტორიული გადაწყვეტილების მიღებაში ყველანი ერთად შეთნხმდნენ, რომ ოზურგეთში უნდა გაკეთდეს თანამედროვე სტანდარტებისა და ინფრასტრუქტურის სპორტული ბაზა.

ამ პროექტის განხორციელებაში მთავარი არის მაჟორიტარი დეპუტატის, მუნიციპალიტეტის მერის და საკრებულოს უდიდესი სურვილი და აზრთა თანხვედრა. ბატონმა მერმა დაავალა შესაბამის სამსახურებს, რათა მომზადდეს შესაბამისი პროექტი, რაც ჩვენ რაგბის ოჯახის თემსა და მათ ქომაგებს გვაძლევს იმის იმედს, რომ ეს ოცნება ოზურგეთელებს აგვიხდება.

შეხვედრაზე წინადადებით გამოვიდა კლუბის საპატიო პრეზიდენტი არჩილ თალაკვაძე და მან პირადი ვიდეო მიმართვა, სადაც მოუწოდა  ყველას დახმარებოდნენ ჩვენ გუნდს ფინანსურად, რათა შეგვესყიდა მიმდებარე ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთი, სადაც უნდა აშენდეს ახალი ბაზა. ძალიან ბევრი გამოხმაურება და ფინანსური მხარდაჭერა გამოგვიცხადა საზოგადოებამ და თანხა იქნა შემოწირული იმაზე მეტი, რომელიც აუცილებელი იყო აღნიშნული მიწის შესაძენად. ამ თანხის საკმაო ნაწილი კლუბმა უკვე გაიღო იმ პატარა გოგონას დასახმარებლად, რომელსაც ჩოხატაურში სახლის მშენებლობისათვის თანხა ესაჭიროება.

ოზურგეთის სარაგბო კლუბი მადლობელია თითოეული სპორტის ქომაგის, რომელთაც თავისი წვლილი შეიტანეს ჩვენი კლუბის დახმარებაში. მოგებულ თამაშებს კლუბი მიუძღვნის გულშემატკივრებს, რომლებმაც თითო აგური დადეს კლუბის ახალი ისტორიის შექმნაში. ისინი იქნებიან კლუბის ისტორიის საპატიო წევრები.

კლუბი თავის მხრივ იღებს ვალდებულებას, რომ მიაღწევს საუკეთესო შედეგებს, გაზრდის სასკოლო ასაკის ბავშვების კლუბში მოვარჯიშეთა რაოდენობას, ხელს შეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩამოყალიბებას და მათ კლუბის ინტერესებისათვის გამოყენებას.

ს.კ. "არწივების" ადმინისტრაცია

 

'.$TEXT['print'].'