ლიხაური და აჭის წყლის ხეობა - გურიის ერთერთი საოცრება
ავტორი: გურიის მოამბე
ლიხაური და აჭის წყლის ხეობა - გურიის ერთერთი საოცრება

ლიხაური - სოფელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფლები: ლიხაური, აჭი, კვაჭალათი, ნიაბაური). მდებარეობს მდინარე აჭისწყლის ხეობაში, ნაბადას მთის ჩრდილოეთით, ზღვის დონიდან 80 მ, ოზურგეთიდან 5 კმ. გარკვეული პერიოდის მანძილზე წარმოადგენდა გურიის სამთავროს ცენტრს

იდეალური ადგილი ტურიზმის სხვადასხვა სახეობების განვითარებისათვის-მათ შორის ველოტურიზმი, კემპინგური ტურიზმი, ექსტრემალური ტურიზმი და ა.შ.

სოფელი ლეხოური საუკეთესო ადგილად ითვლებოდა გურიაში თავის მდებარეობით, ჰავით, ძველი, კარგად დაცული ციხით, ეკლესიებით და მათში შენახული სიძველეებით

აკაციების ხეივანი და თირის ტბა (კვაჭალათი); ლიხაურის ეკლესია; ექვთიმე თაყაიშვილის მუზეუმი; ლიხაურის (თამარ მეფის) ციხე; აჭის მონასტერი; აჭის წყალი და ხეობა-ნიაბაური; დევის ქვა; ჭყიმარტე;

ეს ლიხაურის თემის სავიზიტო ბარათების მოკლე ჩამონათვალია

ამ ჩამონათვალს შესაძლოა ე.წ. "გაბმულა ხიდებიც" დაემატოს, რის ნაკლებობასაც სოფელი, რომელსაც მდინარე აჭისწყალი შუაზე ჰყოფს, არ განიცდის;

ოზურგეთიდან აჭისწყლის ხეობისაკენ მიმავალ გზაზე პირველ რიგში თქვენს ყურადღებას სოფელ კვაჭალათში მდებარე აკაციების ხეივანი და თირის ტბა მიიქცევს, მცირეოდენი ინფრასტრუქტურული სამუშაოებიც კი (გზა, დასუფთავება, ღამის განათება) საკმარისია იმისათვის, რომ ეს ადგილი საოჯახო სასტუმროების ცენტრად გადაიქცეს გურიაში, ასევე აჭის ხეობისაკენ მიმავალი სამთო და ექსტრემალური ტურიზმის მოყვარულთათვის (აჭარა გურიის მთებში სამოგზაუროდ), დასასვენებლ და საწყის ცენტრად.

თემის ცენტრში მდებარეობს ლიხაურის ეკლესია და   გასულ საუკუნეში გამოჩენილი ქართველი საზოგადო მოღვაწის ექვთიმე თაყაიშვილის სახლ მუზეუმი.

განსაკუთრებულ სილამაზეს და მიზიდულობას ლიხაურს სძენს მდინარე აჭისწყალი და აჭისწყლის ხეობა, აქედან პოპულარობით პირველ ადგილზე დევის ქვაა,

აჭის წყლის ხეობა ბოლო წლებში პოპულარული კიდევ ერთი მიმართულებით გახდა - აქ უამრავი რესტორანი ფუნქციონირებს და  ასეულობით ტურისტს იზიდავს, განსაკუთრებით ზაფხულში.

მათგან აღსანიშნავია "ნიაბაური", "დევის ქვა" და "ჭყიმარტე"-განსაკუთრებით პოპულარული ეს ბოლო ადგილია სადაც სეზონურად ათამდე რესტორანი ფუნქციონირებს-მათ მენიუში განსაკუთრებული ადგილი ადგილობრივ მთის კალმახს უჭირავს.

ლიხაური-აჭის მიმართულებით არსებული, მოწესრიგებული საგზაო ინფრასტრუქტურა, იდეალურ პირობებს ქმნის ველო ტურიზმისათვის.

აჭის მონასტერმა კი თავისი წარსულისა და ისტორიის პოპულარიზაციით შესაძლოა უამრავი პილიგრიმი მიიზიდოს.

აჭის მონასტრის შემდეგ ჭყიმარტეა, რომელიც ბოლო წერტილია აჭარა გურიის მთებში მიმავალი ტურისტული ბილიკებით მოსარგებლე ექსტრემალებისათვის.

ლიხაურის თემი მოყვარული ტურისტების მიერ შედგენილი გურიის " 7 საოცრებიდან" ერთერთია და აქ ყველაფერია იმისათვის რომ თავისი ინტერესი - ტურიზმის ნებისმიერი მიმდინარეობის მოყვარულმა დაიკმაყოფილოს.


რევაზ ცქვიტინიძის ფოტორეპორტაჟი.


წინამდებარე ფოტორეპორტაჟი მომზადდა „მონაწილეობითი პრინციპები გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისთვის“ პროექტის ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. მის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ პროექტის განმახორციელებელი პარტნიორები და ფოტორეპორტაჟის შინაარსის ევროკავშირის პოზიციად აღქმა დაუშვებელია.

პროექტს ახორციელებს "ოზურგეთის პრეს კლუბი".

 

 


'.$TEXT['print'].'