„რეზონანსი" - 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცებისთანავე დენის, გაზისა და წყლის ტარიფები გაიზრდება
ავტორი: გურიის მოამბე
„რეზონანსი" - 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცებისთანავე დენის, გაზისა და წყლის ტარიფები გაიზრდება

2019 წელს დენის, გაზისა და წყლის ტარიფის მატებაა მოსალოდნელი. მიზეზი ლარის კურსის საპროგნოზო მაჩვენებელია, რომელიც მთავრობის მიერ წარდგენილი ბიუჯეტის პროექტით 2.63-ია. იგი 13 პუნქტით მეტია აქამდე დადგენილ მაჩვენებელზე, რომლის პირობებშიც ტარიფი 3 წლით დადგინდა. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, ამ შემაშფოთებელი ფაქტის შესახებ გამანაწილებელმა კომპანიებმა „ბიზნესრეზონანსისაგან" გაიგეს.

საყურადღებოა, რომ 2018 წლის ბიუჯეტში ლარი-დოლარის გაცვლითი კურსი 2,50-ის ნიშნულზეა. შესაბამისად, წელს კურსი 2,40-სა და 2,60-ს შორის მერყეობდა. აქედან გამომდინარე, გაისად ლარი დოლარის მიმართ 2,55-დან 2,75-ის დიაპაზონში იტრიალებს, რაც მოსახლეობისა და ბიზნესისთვის უდიდესი დარტყმა იქნება. 

გაძვირდება საწვავი, პროდუქტები, მედიკამენტები, ბოლოს კი - კომუნალური გადასახადები.

სემეკ-მა 3 წლის დადგენილი ტარიფებიდან წლის ბოლომდე დენის საფასურის გადათვლის შესაძლებლობასთან დაკავშირებით უკვე განაცხადა. გადასახადის ოდენობა მაშინ დადგინდა, როცა 2,50-ზე იანგარიშებოდა საპროგნოზო მაჩვენებელი. გაისად, როდესაც კურსი სტაბილურად 2,65-ს მიაღწევს, სხვა პროდუქტების გაძვირებასთან ერთად, სავარაუდოა, რომ ელექტროენერგიის, წყლისა და გაზის კომპანიები მოითხოვენ ტარიფის კიდევ ერთხელ დაანგარიშებას.

ბუნებრივი აირის ტარიფის გადათვლის მოთხოვნა „ყაზტრანსგაზს" უკვე წარდგენილი აქვს მარეგულირებელში. დაანგარიშება გეგმურია და მიმდინარე მოვლენებს არ უკავშირდება, თუმცა ფასში 

რომელსაც კომპანია მოითხოვს, აუცილებლად ექნება გავლენა ლარის კურსს. 
ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიაში ამბობენ, რომ არაგეგმური გადათვლის შესახებ ამ დროისათვის მსჯელობა არ მიმდინარეობს, იხილება მხოლოდ ბუნებრივი აირის ტარიფი, რომელიც 2018 წლის 31 დეკემბრამდე იყო დადგენილი.

„ამ დროისათვის იგეგმება მხოლოდ ბუნებრივი აირის ტარიფის გადახედვა, რომელიც ისედაც გეგმურია, რადგან გაზის ტარიფი დადგენილია წლის ბოლომდე. რაც შეეხება სხვა ლიცენზიანტებს, მათ გადათვლის მოთხოვნით ამ დრომდე არ მოუმართავთ და არც მარეგულირებელი მსჯელობს ტარიფის ცვლილების საკითხთან დაკავშირებით", - განუცხადეს „ბიზნეს-რეზონანსს" სემეკ-ში.

კომპანიების უმეტესობამ საპროგნოზო მაჩვენებელი (2,63 ლარი დოლართან მიმართებით) „ბიზნეს-რეზონანსისაგან" შეიტყო და კომენტარის გაკეთება ამ ეტაპისათვის არ ისურვა. ასე რომ, უცნობია, რა გზას დაადგებიან მათთვის ახალი ინფორმაციის დამუშავების შემდეგ.
„ენერგოპრო ჯორჯიაში" კი აცხადებენ, რომ მხოლოდ ფაქტობრივი კურსის დაკვირვების შემდეგ მიიღებენ ტარიფის გადათვლის მოთხოვნის შესახებ გადაწყვეტილებას.

„ამ ეტაპზე ამ ტიპის საკითხზე კომპანიაში არ გვიმსჯელია და არც გადაწყვეტილბა მიგვიღია მხოლოდ ლარის ფაქტობრივ კურსზე დაკვირვების შედეგად შეიძლება შევიტანოთ მოთხოვნა ტარიფის გადათვლის შესახებ, საპროგნოზო მაჩვენებელი კი ამის განმაპირობებელი ვერ გახდება", - აცხადებენ „ენერგო პრო"-ში.

„ბიზნეს-რეზონანსი" ცდილობდა, დაკავშირებოდა „ყაზტრანსგაზ-თბილისს", რომელსაც ტარიფის გადახედვასთან დაკავშირებით უკვე აქვს შეტანილი მარეგულირებელში და ახალი ტარიფის განსაზღვრა 2018 წლის 31 დეკემბრამდე უნდა მოხდეს. რამდენადაც გუშინ გახდა ცნობილი, „ყაზტრანსგაზ-თბილისის" გაყიდვის შესახებ მათგან ტარიფებზე ინფორმაციის მიღება ვერ მოხერხდა.

კომპანიის გასხვისება 8 ოქტომბერს მოხდა, კომპანია „ველთბეიმ" ყაზახურ მხარესთან წელიწადზე მეტი დროის განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკებები წარმატებით დაასრულა. კომპანიამ, რომელიც საქართველოში რეგისტრირებული მსხვილი ქართული ბიზნესჯგუფის - შპს „სიბიეს ჯგუფის" ნაწილს წარმოადგენს, უკვე მოაწერა ხელი ხელშეკრულებას და შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის" 100%-იანი წილის მფლობელი გახდა. სწორედ ახალი მენეჯმენტის პირობებში დაუდგინდებათ დედაქალაქის მცხოვრებლებს ბუნებრივი აირის შეცვლილი ფასი.

ენერგეტიკოსი თემურ ჭიჭინაძე მიიჩნევს, რომ ტარიფის მატება 2019 წელს ნამდვილად მოსალოდნელია კურსის გამო, თუმცა ეს მონოპოლიის ბრალია და არა რეალური ფაქტორებისა, რადგან დღეს დადგენილი კურსი რეალობას არ ასახავს.

„კომპანიებს გასდით აბსოლუტურად ყველაფერი, რადგან ბაზარზე მონოპოლიაა და ისინი ადგენენ თამაშის წესებს. ეროვნული ვალუტის კურსი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი ფაქტორია და გაზრდის ტარიფს. ნამდვილად ველოდები, რომ ამ ფაქტორის გამო ტარიფი მოიმატებს 2019 წლისათვის.

ჯანსაღი ბაზრის პირობებში ლოგიკურიც იქნებოდა ეროვნული ვალუტის გავლენა კომუნალურებზე, მაგრამ დღეს დადგენილი საფასო პოლიტიკა არასამართლიანია და არასწორადაა განსაზღვრული თავიდანვე საწყისი ფასი.

ასე რომ, სახელმწიფოს აქვს რესურსი, არათუ გაძვირების, არამედ გაიაფების აუცილებლობა დაუდგეთ კომპანიებს, თუმცა, ამას პოლიტიკური ნება სჭირდება, რომელსაც არავინ ავლენს", - აღნიშნა „ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას ჭიჭინაძემ. 

წყარო:bpn.ge

'.$TEXT['print'].'