უხარისხო მშენებლობაში გადაყრილი ასი ათასობით ლარი და საბავშვო ბაღის გარეშე დარჩენილი ბავშვები
ავტორი: გურიის მოამბე
უხარისხო მშენებლობაში გადაყრილი ასი ათასობით ლარი და საბავშვო ბაღის გარეშე დარჩენილი ბავშვები

როდის განახლდება სასწავლო პროცესი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთის ახალაშენებულ საბავშვო ბაღში, სადაც ისე დაზიანდა კედლები, ჭერი და იატაკი, რომ სასწავლო პროცესი ვერ დაიწყეს, ამ ეტაპზე კონკრეტული პასუხი არც მერიაში აქვთ და არც ბაღების გაერთიანებაში. 

რაც შეეხება დასვნას, რომელიც მერიაში უკვე გადაიგზავნა, საუბარია მშენებლობის პროცესში დაშვებულ დარღვევებსა და უხარისხო მასალის გამოყენებაზე, რის გამოც, ახალაშენებული ბაღის შენობა ხელახალ რეაბილიტაციას საჭიროებს. 

 საბავშვო ბაღის შენობის ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, რომელიც სამეცნიერო-კვლევით ცენტრში გაკეთდა,  ირკვევა, რომ ობიექტის ვიზუალური დათვალიერების შედეგად ნაგებობის ფასადზე, მთელს პერიმეტრზე დაფიქსირებულია ბზარებით დაზიანებული უბნები და გამოკვეთილია ატმოსფერული ნალექების ინტენსიური ზემოქმედების კვალი.

კვლევაში ვკითხულობთ, რომ აღნიშნული გარემოება განპირობებულია ზედაპირული წყლების გადამყვანი სისტემის სრული მოუწყობელობით, ხოლო მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმეს მეზობელი სკოლის ეზოდან, საყრდენი კედლიდან გამოდინებული წყლები.

 

გამოკვლევის პროცესში გამოვლენილია დეფექტები. კერძოდ: ბზარებით დაზიანებული არამზიდი კონსტრუქციები, კერამიკული ფილების ამორტიზებული უბნები, ჭარბი ტენიანობით დაზიანებული ადგილები. ეს ყველაფერი კი, კვლევის შესაბამისად, დიდი ალბათობით გამოწვეულია მშენებლობის პროცესში დაშვებული ტექნოლოგიური პროცესების დარღვევიტა და დაბალი ხარისხის წებო-ცემენტების გამოყენებით. 

როგორც მერიაში გვეუბნებიან, დასკვნის შესაბამისად, შენობის მდგრადობა დამაკმაყოფილებელია, ამის მიხედვით, შესაძლებელია დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაცია, რასაც სამუშაოების შემსრულებელია კომპანია უახლოეს დღეებში დაიწყება. აღდგენითი სამუშაოების დასრულებამდე კი, საბავშვო ბაღში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი არ განახლდება. 

ჭანიეთის ბაღის  მშენებლობა  2015 წელს დაიწყო და 2016-ში დასრულდა. შენობა მწყობრიდან ისე გამოვიდა, რომ იქ სასწავლო პროცესი საერთოდ არც კი დაწყებულა.

დღეის მდგომარეობით დაბზარულია შეწნობის კედლები, აყრილია კერამიკის ფილები და ჩამოვარდნილია ჭერი.

მშენებლობა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხის ფარგლებში განხორციელდა. სამშენებლო სამუშაოები კომპანია „მთაწმინდა 2007“-მა შეასრულა.  ბაღის მშენებლობაზე 394 000 ლარი დაიხარჯა.სანამ საბავშვო ბაღისთვის ახალი შენობა აშენდებოდა, მანამ პატარებისთვის  სოფლის ადმინისტრაციულ შენობაში იყო რამდენიმე ოთახი მოწყობილი. 

'.$TEXT['print'].'