ყველა პოლიტიკური ძალა ზუსტად ერთსა და იმავე სისტემურ დანაშაულს სჩადის
"ცხოვრება იყო ასეთი: გაცნობიერებული უნდა გქონოდა მთელი სიმართლე და თან გამართული სიცრუე გელაპარაკა"
შესაძლოა ამ სიბინძურეზე წერა აღარც ღირს, რადგან ერთი "რიგითი" მოქალაქის თქმის არ იყოს, "ამათზე კამათი, ამათსავე ლეგიტიმაციას ნიშნავს და შეეშვიო".
"ოცნება" ამბობს, - სწორი მიმართულებით ვითარდებითო, ეკონომიკაც გაიზარდაო, ესა თუ ის სტრუქტურა პატიოსან ადამიანს ჩავაბარეთო.
მაგრამ დღე ერთია და მინიმუმ ათჯერ მაინც "გვსტრესავს":
სისტემური კორუფცია;
სისტემური გავლენები;
სისტემური ბიზნესახევა;
სისტემური ძალადობა;
ზაზა სარალიძის ერთ-ერთ ბოლო აქციაზე, გამწარებულმა "ნაციონალმა" პოლიციელს მიაძახა, ორი გვამის ისტორია კი არა, მეტის ღირსები იყავით. მოვიდეს მიშა ყველას დაგხვრეტთო.
...და რა ვქნათ ჩვენ "უბრალოებმა" როცა ერთი მკვლელი ხელისუფლება მეორე მკვლელ ხელისუფლებას მორალს ასწავლის. ერთი ძალადობა მეორეთი ნაცვლდება და სისტემა მართლდება, სისტემა ხელშეუხებელი რჩება!
კარგად წაიკითხეთ მონაცემები: ხუთნახევარი წლის განმავლობაში ოთხჯერ შეიცვალა პრემიერ-მინისტრი, ოთხჯერ თავდაცვის მინისტრი, ხუთჯერ განათლების მინისტრი, ამდენჯერვე ფინანსთა, ეკონომიკის და შს მინისტრები. ყოველი ცვლილების დროს აქცენტი კეთდებოდა პიროვნების სახელსა და გვარზე, პიროვნულ თვისებებზე.
ჩემთვის ეს არის შოკი! ამ მიდგომით არ იმართება არც ერთი განვითარებული ქვეყანა! ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში სახელმწიფოზე მორგებული სისტემაა, რაც გულისხმობს ეფექტურ მმართველობას, სწორ რეგულაციებს, კანონის უზენაესობას და ამ ყველაფერს ერგება პიროვნების სახელიც და ხასიათიც.
ჩვენთან პირიქით, გვაქვს დაჭაობებული სისტემა და ვიღაცის პიროვნულ თვისებებზე ვამყარებთ იმედებს.
ის, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში შოკია, რადგან მიუხედავად მინისტრების ამდენჯერ ცვლილებისა ხელისუფლებას არც ერთხელ არ წარმოუდგენია ხედვა ცოდნის გაღრმავებაზე, ეკონომიკის განვითარებაზე, არასოდეს შეუფასებია სისტემა რა იყო ხელისშემშლელი ფაქტორები განვითარების გზაზე, არასოდეს დაუყენებია პრინციპულად ბიზნესინტერესზე წინ სახელმწიფო ინტერესი. არასოდეს ჩამოუყალიბებია რა სჭირდება ქვეყანას.
იმის ნაცვლად, პოლიტიკოსები თავს იმტვრევდნენ როგორ ავაშენოთ მდგრადი, თანამედროვე სახელმწიფო სისტემა, ერთმანეთს უმტკიცებენ ვინ უფრო ცუდია, ვის აქვს კორუფციის უფლება. ბიზნესის საკეთებლად ქუჩიდან პოლიტიკაში მოდიან, ეს ქვეყანა საკუთარ შპს ხოლო პოლიტიკა მონოპოლიურ ბიზნესად აქციეს.
ჩვენს ხალხს დღეს არ აქვს არაფერი! არც პერსპექტივა, არც განვითარების შანსი, არც გამდიდრების, არც გადარჩენის...
სხვადასხვა პოლიტიკური ძალა კი ზუსტად ერთსა და იმავე სისტემურ დანაშაულს ჩადის.
ჯორჯ ორუელი ,"1984"
ნინო ცხვარაშვილის ბლოგი "კვირის პალიტრა"