სკანდალი: საპარტნიორო ფონდის მიერ გაქურდული და განადგურებული მოცვის პლანტაცია ოზურგეთში
ავტორი: გურიის მოამბე
სკანდალი: საპარტნიორო ფონდის მიერ გაქურდული და განადგურებული მოცვის პლანტაცია ოზურგეთში

 

სკანდალი:  როგორ გაქურდა და გაანადგურა საპარტნიორო ფონდმა მოცვის პლანტაცია ოზურგეთში

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში 2012 წელს გაშენებული მოცვის პლანტაციები, დღეს განადგურების პირასაა. საპარტნიორო ფონდის შესვლის შემდეგ, რომელსაც შ.პ.ს-მ დახმარება 2015 წელს სთხოვა, მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა.

მიმდინარე წელს მოპარულია ტონობით მოსავალი, განთავისუფლებულია თანამშრომელთა დიდი ნაწილი და გავერანებულია პლანტაციები.

დღეისთვის იქ არსებულ მდგომარეობაზე „გურიის მოამბეს“  „ვარნიკის“ ხარისხის მართვის მენეჯერი,  მედეა გულუა ესაუბრა, რომელიც  20-მდე თანამშრომელთან ერთად საპარტნიორო ფონდის წინააღმდეგ, სასამართლოს მიმართავს.

როგორ იკარგებოდა ყოველდღიურად ასობით კილოგრამი მოცვი, ვის გაჰქონდა პროდუქცია საბითუმო ბაზარზე  და რატომ შეცვალა ფონდმა კომპანიაში შესვლის დღიდან დაცვის სამსახური, ქალბატონი ჩვენთან საკმაოდ სკანდალურ ფაქტებზე საუბრობს:

შპს „ვარნიკის“ მფლობელს , ირაკლი ფარცვანიას  ფინანსურად გაუჭირდა და  2015 წლისთვის დახმარება სთხოვა საპრტნიორო ფონს. ესენი ჩვენთან შემოვიდნენ იმავე წლის გაზაფხულზე. 40%-იანი წილის მფლობელი გახდა საპარტნიორო ფონდი და 60%-ის თვითონ მეპატრონე. შარშან, 2017 წლისთვის დარჩა 2 თვის სახელფასო დავალიანება, რის გამოც  2018 წლის დასაწყისში ფონდმა გადააყენა მფლობელი და  მოავლინა თავისი აღმასრულებელი დირექტორი, ალექსანდრე ცხოვრებაშვილი.

მოვიდნენ დაპირებებით, რომ ახლა უკვე მართვა აიღო სახელმწიფომ და ყველაფერს გაააკეთებდნენ ისე, როგორც საჭირო იყო და არ იქნებოდა ისე, როგორც, მათივე სიტყვებით-„ ამ უსინდისო კაცის ხელში იყო“... მოკლედ, დაპირება დარცა დაპირებად და ახალი მმართველის პირობეში ამ დავალიანებას კიდევ სამი თვის სახელფასო დავალიანება დაემატა.

როგორც კი მოვიდნენ, პირველი რაც გააკეთეს, სახლში გაუშვეს ადგილობრივი დაცვა. მოავლინეს ფირმა  „ალგანის“ ხალხი, რომელტაც  გაორმაგდათ ხელფასები და გაუფორმდათ სამთვიანი ხელშეკრულებები. სახელფასო ბიუჯეტი, დავალიანების ფონზე ორჯერ გაიზარდა. ასევე, თბილისიდან ჩამოიყვანეს სუპერვაიზერების უფროსად ვიღაც ქავთარაძე. ახალგაზრდა ბიჭი, რომელსაც ალბათ მანამდე მოცვი ნანახიც არ ჰქონდა და იმასაც დაუნიშნეს თვეში 1000 ლარი ხელფასის სახით. ამ დროს, ჩვენი დავალიენებები გასტუმრებული არ არის“-გვიყვება ქალბატონი, რომელიც მოსავლის აღების დროს პლანტაციებში შექმნილ მძიმე მდგომარეობაზეც გვესაუბრება:

„ მაისის თვეში, პლანტაციებში ჩასატარებელი იყო აგრო სამუშაოები, რაც აუცილებელი იყო კარგი მოსავლის მისაღებად, მაგრამ ამ მხრივ ის არ კეთდებოდა, როგორც საჭირო იყო.

კომპანიაში იყო სერტიფიცირების გავლის პერიოდი და საერთაშორისო ექსპერტი იყო ჩამოსული. მე ვარ ხარისხის მართვის მენეჯერი და დაახლოებით ორი თვე  თვალყური ვერ მივადევნე მოსავლის აღების პროცესს.

დაახლოებით ივლისის თვეში, როცა მოსავლის ჩაბარება ახალ დაწყებული იყო, მოვითხოვე ანგარიში, პლანტაციასა და მიმღებ ფაბრიკას შორის მოსავლის რაოდენობა როგორ ემთხვეოდა ერთმანეთს.

800 კგ. მოცვი მომცა პირველ დღეს სხვაობა, მეორე დღეს 200 კილო და მესამე დღეს ეს სხვაობა  შემცირდა. ფაქტი იყო, რომ მოცვის მოსავალს ვიღაცა იპარავდა. მოკლედ, ყოვედღიურად ვამოწმებდი მოსავალს და ეტყობა ამას მიხვდნენ.

 2017 წელს მოკრეფილი იყო 69 ტონა , 2018 წელს 120 ტონაზე ქვევით არ  უნდა ჩამოსულიყო, უფრო მეტს თუ არ მოვიყვანდით, რადგან ფართობებს 10 ჰა. მოსავლიანი ფართობი დაემატა. ივლისის თვეში, როცა მოსავალი უნდა ყოფილიყო მკვეთრად გაზრდილი, უფრო მეტად იკლებდა. ძალიან დავეჭვდი და დავიწყეთ უკვე ფართობების შემოწმება. აღმოვაჩინეთ, რომ მოცვი გაჰქონდათ და ძალიან დიდი რაოდენობით. ამ ყველაფერს ვამოწმებდი რეგიონული დირექტორის, დაცვის უფროსის, ფონდიდან მოვლენილი ინსპექტორის და კიდევ რამდენიმე თანამშრომელთან ერთად. მოკლედ, ამ ძიებაში  მივედით სამალავებამდე, სადაც გადამალული იყო ყუთები, სპეციალური პარკები, რაშიც ხდებოდა ამ მოსავლის დაფასოება. მოცვი მთელს გზაზე იყო დაფენილი და ავტეხეთ ერთი ამბავი.

რამდენიმე დღეში ასევე მირეკავს ერთი პიროვნება და მეუბნება-„თქვენ რა ჭკუაზე ხართ, თქვენი მოცვი მოდებულია ყველგან ბაზრებზე, თბილისში, ბათუმში,  ქობულეთში, ქუთაისში, სადაც კი საბითუმო საწყობები და ბაზრობებია და მთლიანად დავარდა მოსავლის ფასიო“.

გაინტერესებთ ალბათ საიდან მიხვდნენ, რომ ეს იყო ჩვენი მოცვი-ჩვენ გვაქვს სპეციალური მწვანე ყუთები, რომელიც  საქართველოში სხვას არავის არა აქვს. ბულგარეთიდან შემოგვქონდა სპეციალურად. სეზონის დასაწყისში ჩვენ დათვლილი გვქონდა ეს ყუთები, 2700 ცალი იყო საწყობში.  როცა თავიდან გადავთვალეთ მხოლოდ 1400 ცალი იყო დარჩენილი, ანუ, 1300 ყუთი იყო გამქრალი. აქედან, თითო ყუთში ჩადის დაახლოებით 7 კგ. მოცვი.

მოკლედ, ჩავედი ქობულეთში და მთელი ბაზრობა გადატენილია ამ მწვანე ყუთებით და ჩვენი მოცვით. გავიკითხეთ-გამოვიკითხეთ, ლაითურიდან შემოდის ეს მოცვიო. ვის შემოაქვს არ მითხრეს, თუ გინდათ ხვალ დილით ჩამომიტანენ, დავურეკავო. გამოვიძახე პოლიცია ოზურგეთიდან, ავუხსენი ყველაფერი, მაგრამ ჩემდა გასაოცრად საერთოდ რეაგირება არ ჰქონია არაფერზე. არც ყუთები ამოუღია ნივთმტკიცებად, არც დაუკითხავთ ჩამბარებელი, არც ოქმი შეუდგენია. მოკლედ, გაატარა ჩვეულებრივად. ავტეხე მთელი აჟიოტაჟი, მოცვი იკარგება და რამე გავარკვიოთ-მეთქი და ბოლოს გამოიძახეს, „ალგანის“ წარმომადგენელი ქობულეთიდან და ეს ბიჭი მეუბნება-„დეიდა, ტურები არიან მაგ მოცვის პლანტაციებში და ჩემს ბიჭებს ეშინიათ კონტროლზე შესვლაო“.

მოკლედ, ჩვენ ავაწრიალეთ ყველაფერი და ამნაზე რეაგირება არავის მხრიდან არ არის. გაგრძელდა ჩვეულებრივად ეს ქურდობა, არანაირი გამოძიება. მოსავალი ნახევარი ჩააბარეს, ნახევარი მოიპარეს. ერთადერთი, რაც გააკეთეს, „ალგანს“ შეუწყვიტეს ხელშეკრულება და ვითომ ამით მოხდა დასჯა ყველას და დაფარვა ყველაფრის“-გვიყვება მედეა გულუა.

რესპონდენტის თქმით, მოსავლის ქურდობის ფაქტები „ვარნიკში“ მას შემდეგ დაიწყო, რაც საპარტნიორო ფონდმა მართვა გადაიბარა.

როგორც ქალბატონი აღნიშნავს, ახლა  პლანტაცია თითქმის გავერანებულია და შპს-ში, სადაც ასობით ადგილობრივი იყო დასაქმებული, მხოლოდ 5 თანამშრომელი მუშაობს.

„ახლა იქ დარჩენილია 5 თანამშრომელი, მათ შორის სუპერვაიზერების უფროსი, იმავე ხელფასით. დანარჩენებს უხელფასოდ ამუშავებენ. როცა მოვითხოვეთ კუთვნილი ხელფასები და დავალიანების გასტუმრება, პასუხად გვითხრეს, რომ მხოლოდ 67 ტონა მოსავალი მოვიდა წელს, როცა თქვენ 120-ს ვარაუდობდით და ფული ვეღარ ავათავეთო.

ამას თავი რომ დავანებოთ,  პლანტაცია არის აბსოლუტურად განადგურებული. იმხელა ბალახია, სარეველებითაა სავსე. ვერ შეხვალ იქ, ისეთი ამბავია. წყალი ერთი წვეთი არ არის, ხავსი აქვს მოკიდებული სარწყავ სისტემას.

თუ იქ არ ჩატარდა შესაბამისი აგროსამუშაოები, თუ  არ გაიწმინდა ამ სარეველებისგან, არ მოხდა გასხვლა, მინერალური სასუქის შეტანა,  ჩათვალეთ ეს პლანტაციები არის მთლიანად განადგურებული. 

ამ ყველაფრის წინააღმდეგ სამართლებრივ ბრძოლას ვაპირებთ თითქმის 20-მდე თანამშრომელი“-აღნიშნავს გულუა.

ცნობისთვის: სოფელ ლაითურში 63 ჰექტარზე ლურჯი მოცვი 2012 წელს გააშენეს. მას შემდეგ მოსავალი რაოდენობაში ყოველწლიურად იზრდებოდა და  ევროპის სხავადსხვა ქვეყნებში გაჰქონდათ.  მოსავლის აღების დროს დასაქმებული იყო ასეულობით ადგილობრივი მცხოვრები, რომელთა ხელფასებიც სეზონურად 700 ლარს აღწევდა.  

 "გურიის მოამბე" ცდილობს კომენტარისთვის დაუკავშირდეს მეორე მხარეს. მათ პოზიციას და მოსაზრებებს მიღებისთანავე გავავრცელებთ ვებგვერდზე.

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'