"ნახონ სხვა ადგილი, სადაც არ იქნება საახალწლო ღონისძიებები" - კალაძე
ავტორი: გურიის მოამბე
"ნახონ სხვა ადგილი, სადაც არ იქნება საახალწლო ღონისძიებები" - კალაძე

"შეუძლიათ ამოირჩიონ ადგილი, ამაში შეზღუდული არავინ არ არის და დედაქალაქის მერია კანონის ფარგლებში გასცემს პასუხს,” – ასე უპასუხა ზაზა სარალიძეს და მალხაზ მაჩალიკაშვილს კახა კალაძემ იმასთან დაკავშირებით, რომ შვილმოკლული მამები საახალწლოდ პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან ადგილის შეცვლას არ აპირებენ.

„დედაქალაქის მერიას დაწყებული აქვს მზადება საახალწლო ღონისძიებებისთვის. პარლამენტის წინ – ეს არის ცენტრალური ადგილი, სადაც იდგმება საახალწლო მთავარი ნაძვის ხე. ეს მე არ მომიფიქრებია და არის ტრადიცია, რომელიც წლების განმავლობაში გრძელდება. მათ კანონის შესაბამისად მომართეს მერიას და ჰქონდათ სურვილი, რომ დეკემბრის ბოლომდე გაეგრძელებინათ თავიანთი აქცია თუ თავისუფლების გამოხატვის შესაძლებლობა. ჩვენც კანონის თანახმად, განვუმარტეთ და მივწერეთ, რომ შეუძლებელი იქნება ამ კონკრეტული ადგილის გამოყენება, რადგან დედაქალაქის მერია ემზადება საახალწლო ღონისძიებებისთვის და მათ აქვთ შესაძლებლობა, ნახონ ქალაქის სხვა ადგილი, სადაც არ იქნება საახალწლო ღონისძიებები, რომ ხელის შეშლა არ მოხდეს ერთმანეთისთვის. მათ მიეცემათ ამის უფლება, არანაირი პრობლემა არ არის,” – განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ ზაზა სარალიძესა და მალხაზ მაჩალიკაშვილს თბილისის მერია აფრთხილებს, რომ საახალწლო სამზადისი იწყება და მათ რუსთაველის გამზირი 7 დეკემბრიდან უნდა გაათავისუფლონ. შვილმოკლული მამები აცხადებენ, რომ ადგილის შეცვლას არ აპირებენ.

'.$TEXT['print'].'