"ოცნებამ" მიღალატა, მე არ მიღალატია მათთვის, ძაღლადაც არ მაგდებენ“
ავტორი: გურიის მოამბე
"ოცნებამ" მიღალატა, მე არ მიღალატია მათთვის, ძაღლადაც არ მაგდებენ“

 

„ჩემზე უარეს მდგომარეობაში ქალი არ შეიძლება იყოს. ამ წლების გამვალობაში ჩემი ოჯახის წევრების 4 ხმით, ერთგულად ვედექი გვერდით "ოცნებას",  მაგენი ისე მაწვალებენ, ძაღლადაც არ მაგდებენ“-აცხადებს „გურიის მოამბესთან“ 65 წლის ცავდინა აფხაზავა, რომელიც ოზურგეტში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის თავზე, მესამე სართულზე ცხოვრობს.

ერთოთახიან ბინაში, ქალბატონი ახლა 35 წლის შშმ შვილთან ერთად ცხოვრობს. მეორე შვილი და შვილიშვილი ოზურგეთის ძველი საავადმყოფოს შენობაში გადავიდა საცხოვრებლად, რომელიც 2016 წელს  სწორედ მიუსაფარი ოჯახებისთვის გაკეთდა და  გარემონტდა.

ცალვინა აფხაზავა გვიყვება, რომ ოჯახიმაღალი ქულების გამო, სოციალურად შეჭირვებულთა პროგრამაში ვერ მოხვდა. მიუხედავად იმისა, რომ ერთოთახიან ბინაში არც იატაკი ვარგა, არც კარები და ფანჯრები. ოჯახს მძიმე საცხოვრებელ პირობებთან ერთად უმძიმესი ფინანსური პრობლემებიც აქვს. დედა-შვილი ახლა უპოვართა სასადილოს ბენეფიციარები არიან და ყოველწლიურად მერიიდან მხოლოდ ერთჯერადი დახმარების იმედად არიან დარჩენილები.

„ჩემს შვილს გულის ოპერაცია დასჭირდა. 23 ათასი ლარი გვაქვს ბანკის ვალი. მე ვერც პენსიას ვიღებ და ვერც სოციალურს. ათასი ქულა მქონდა თავიდან მე  გაჭირვებულს და 36 ათასზე ამიყვანეს. 4 წელიწადში ერთხელ უნდა გადამოწმებაო და ყველა წელს მამოწმებენ და ამატებენ და ამატებენ ქულებს. ამისთანა გაჭირვებული შვილი მყავს, რა ვუყო ამას? საჭმელი უპოვართა სასადილოდან რომ არ მოვუტანო, მომიკვდება მშიერი. ახალგაზრდა რძალი მყავს გარდაცვლილი, 42 წლის, იმის საფლავის მოწყობა ვერ მოვახერხე, 1000 ლარი მაინც მჭირდება, ამისთვის დავრბივარ ამდენი ხანია, ვინ არ შევაწუხე და ძაღლადაც არ მაგდებენ“-გვიყვება ქალბატონი, რომელიც ადგილობრივი ხელისუფლების მისამართით გაღიზიანებას არ მალავს და როგორც 6 წლის განმავლობაში მათი ერთგული მხარდამჭერი  შეურაცხყოფილად გრძნობს თავს :
‘ვითხოვ,  მომეხმარეთ-მეთქი. გაჟონვა მივიღე მე ბეგი სიორიძემ რომ ვერ გეიმარჯვა. კოტეს გვერდით იდექი?-ახლა მკითხეს, არ ვიდექი ნამდვილად. მაშინ არ მოგეხმარებაო. დამაბნიეს, მიდი ამასთან, მიდი იმასთან... არჩილ თალაკვაძეს შევხვდი,  გაჭირვებულმა ქალმა დავლოცე, ხატი და სანთლები ვაჩუქე. ახლა ვუთხარი, ვუთხარი, დედა, არჩევნებზე  რომ გჭირდებოდა ჩემი დახმარება ხომ დაგიდექი გვერდით? ამოდი ერთი ჩემთან, ნახე რა დღეში ვარ-მეთქი, კი, ამუალო და რაფერც თქვენ არ მოსულხართ ჩემამდე დღემდე, ისე ის არ მინახავს თვალით. აღარ ვუყურებ მე ვინაა "ოცნება" და ვინ "ნაციონალი", მომეხმარონ ოღონდ. ნაწყენი ხარ? მეკითხებიან. დეივიწყე წყენა და დაუდექი გვერდით ამ მთავრობასო. მთელი ზამთარი მე კარები არ მაქვს და ზამთარში ნაჭერს ჩამოვკიდებ. იატაკი მაქვს ისეთი, რომ წავიქეცი ფეხი კინაღამ მოვიტეხე. ჩამოიარონ მთელი ოზურგეთი, ჩემს დღეში თუა ვინმე. დეპუტატის ბიუროში ვიყავი და ისე მელაპარაკეს, ჩემზე გაჭირვებულები მეგონა. აზრი ვერ გამომაქვს მეხმარებიან, თუ ვერა. რაცხა ხომ უნდა გამაგებიო დედა? თუ არ ვიკივლე, ვიჩხივლე, არავინ არ გვაგდებს ძაღლად. ვიხრჩობი ბანკის ვალებში. სასაფლაოს ჯებირის გაკეთებას ვითხოვ, მჯკვდრის საფლავი რომ არ ჩამომირეცხოს და ამას ვერ მივაღწიე...თამარ დუმბაძესთან რომ მიხვალ, წინასწარ უნდა იყო განწირული. მოგკლავს. არაფერს ადამიანურს მაგი ქალი არ გაგიკეთებს. ინტერვიუ რომ მივეცი გაზეთს, სასადილოს ყოფილი უფროსი არ გვინდა და მაგას თამარ დუმბაძე მფარველობს-მეთქი, მოსყიდული მიძახა. ახლა ვინაა მოსყიდული და გაყიდული, მის ოჯახში რა ხდება თუ იცის?  დახმარება მინდა შვილო. არ გავჩერდები არაფრით. არ ჩავატარებიებ ამ არჩევნებს მაგენს. ივანიშვილმა გამოუშვას მისი ხალხი და ნახონ რაფერ ვცხოვრობ. ძაღლად რატომ არ მთვლიან? აგერ, ჩემს ქვევითაა "ოცნების" შტაბი, იქ გურგუცობენ, იცინიან, სემიჩკას ჭამენ, თუ ამოვიდა ვინმე ზემოთ? მკითხეს რა გჭირსო? მომეხმარეთ მკვდარი რომ არ წამართვას წყალმა. თუ ახლა იმას მეტყვიან, რატომ დაუძახე რუსთავი ორსო, 100-ჯერ მივმართე მაგენს, არ ამოვიდა ზევით არავინ. "ოცნებამ" მიღალატა მე, მე არ მიღალატია მათთვის. თუ გაგიკეთეს  რამე, წამოგაძახებენ ყველაფერს, გეგონება ბაბუამისის დატოვებული ფულით დამეხმარენ. შეამოწმეთ დედა ჩემი მაცივარი, ცარიელია. გაჭირვებული არ უნდათ მაგენს“.

ცავდინა აფხაზავას პრობლემებზე, ოზურგეთის მერიის სოციალურ საკითხთა სამსახურის ხელმძღვანელი, თამარ დუმბაძე გვეუბნება, რომ ქალბატონს ბოლო 3 წლის განმავლობაში მერიამ, როგორც ჯანდაცვის, ასევე მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახების პროგრამიდან არა ერთხელ გაუწია დახმარება:

„მე თქვენ გეტყვით იმ დახმარებებს, რაც გაეწია ამ ქალბატონს. 2015 წელს დავეხმარეთ 150 ლარით, 2016 წელს 250 ლარით, 2017 წელს მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახების პროგრამიდან 300 ლარით. სარეზერვო ფონდიდან 2017 წელს 200 ლარით,  2018 წელს მოგვამრთა და  სამედიცინო დახმარების პროგრამიდან დავეხმარეთ 100 ლარით. მას ჰყავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილი და თუ მოგვმართავს 2018 წელსაც დავეხმარებით ასევე სამედიცინო პროგრამიდან 100 ლარით. ასევე არის ჩასმული უფასო კვების პროგრამაში. როცა მომმართა ყოველთვის მიიღო დახმარება. მისი შვილი შშმ პირთა დახმარების პროგრამაშიც არის ჩართული“-გვითხრა თამარ დუმბაძემ.

რაც შეეხება მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს, რომელსაც როგორც ქალბატონი გვეუბნება დახმარებისთვის არა ერთხელ მიმართა, გვპასუხობენ, რომ სასაფლაოს მოწყობისთვის მათ არც თანხები გააჩნიათ და არც შესაბამისი ვალდებულება.

"მე ძალიან ბევრ ადამიანს ვხვდები, ბევრს ვეხმარებით, მაგრამ ის, რომ სასაფლაოს მოწყობა დაევალოს მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს, ცოტა არასერიოზულია. ამბობს არჩილ თალაკვაძე“.

მისი ბიუროს ხელმძღვანელი კი, განსხვავებით დეპუტატისგან, გვიხსნის, რომ ის არა ერთხელ შეეცადა ქალბატონისთვის ამ პრობლემის მოგვარებას, შეხვდა შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებს, თუმცა ჯერ პრობლემის გადაჭრა ვერ მოხერხდა:

„ამ ქალბატონმა მომმართა სასაფლაოს მოწყობის თხოვნით. დეპუტატის ბიუროს ამის ფინანსური შესაძლებლობა და არც უშუალოდ ვალდებულება არა აქვს. თუმცა, მე რამდენჯერმე შევხვდი შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებს, ვისაუბრეთ, თუმცა, ჯერ ვერ მოხერხდა პრობლემის მოგვარება. -ამბობს ლაშა ჭელიძე.

 

 

'.$TEXT['print'].'