"თეა წულუკიანთან, კარგი ურთიერთობა არასოდეს მქონია"
ავტორი: გურიის მოამბე
"თეა წულუკიანთან, კარგი ურთიერთობა არასოდეს მქონია"

სასამართლოს ნუ გარევთ პოლიტიკაში, – ამ თხოვნით მიმართავს მოსამართლე ლევან მურუსიძე პოლიტიკოსებს. განცხადება მურუსიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

„გულწრფელად გეტყვით, არასდროს მქონია კარგი ურთიერთობა თეა წულუკიანთან. მიზეზი არ ვიცი. ყოველთვის მაკრიტიკებდა ისე, როგორც ახლა მაკრიტიკებენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები. ახლა გეტყვით, რომ როცა მივდივარ ევროპის ქვეყნებთან, იქ სასამართლოში ყოველთვის დგას იუსტიციის მინისტრის პრობლემა. ჩვენი დელეგაცია წასული იყო სლოვენიაში, სლოვენიის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ვერ შეხვდა ჩვენ დელეგაციას, რადგან იუსტიციის მინისტრს ჰყავდა დაბარებული. ეს ევროკავშირის ქვეყანაა. საქართველო კი ერთადერთი გამონაკლისია იმ მხრივ, რომ შეიქმნა ისეთი კანონმდებლობა, რომლითაც იუსტიციის მინისტრს გავლენა არ აქვს სასამართლოს სისტემაზე. ასეთი კანონები შეიქმნა ამ პერიოდში და კონსტიტუცია ამ ყველაფრის გვირგვინი იყო, რომელმაც სასამართლოს საშუალება მისცა, იყოს დამოუკიდებელი. ჩემი თხოვნაა პოლიტიკოსების მიმართ, რომ სასამართლოს ნუ გარევთ პოლიტიკაში. თუნდაც ამ უზენაეს სასამართლოს მოსამართლეებთან დაკავშირებით და მათ საშუალება მივცეთ, რათა ნებისმიერ კითხვას გასცენ პასუხი“, – განაცხადა მურუსიძემ.

'.$TEXT['print'].'