საფოსტო გზავნილებზე 2-ლარიანი გადასახადი დაწესდა
ავტორი: გურიის მოამბე
საფოსტო გზავნილებზე 2-ლარიანი გადასახადი დაწესდა

საქართველოში საფოსტო გზავნილებზე 2-ლარიანი გადასახადი დაწესდა. ამასთან დაკავშირებით, მოქალაქეები უკმაყოფილებასაც გამოთქვამენ და აღნიშნავენ, რომ ნებისმიერი ფასის გზავნილზე ფიქსირებული თანხის გადახდა აბსურდულია: "მე და ჩემი შვილი ინტერნეტით ვიწერდით სხვადასხვა ნივთებს, მათ შორის 10 ლარიანს, 5 ლარიანს...ბავშვის თმის სამაგრები მაგალითად თითო 50 თეთრიანიც იყო, მივედი გასულ კვირას გზავნილის წამოსაღებად და ორი ლარი გადაიხადოთ უნდაო. ეს რა აბსურდია, 50 თეთრიან ნივთშიც ორი ლარი უნდა გადავიხადო და 100 ლარიანშიც"?-გვეუბნება ქალბატონი, რომლის მსგავსად საფოსტო მომსახურების საფასურმა ოზურგეთში სხვა ბევრიც გაანაწყენა. 

ახალი გადასახადის დაწესებაზე ფოსტამ სპეციალური განცხადებაც გაავრცელა, სადაც საუბარია იმაზე, თუ რაომ გათვალეს ნებისმიერი სახის გზავნილზე ფიქსირებულად 2 ლარი: 

„საქართველოს ფოსტისთვის“ მეტად მტკივნეული იყო ტარიფის დაწესების შესახებ გადაწყვეტილების მიღება. ამ ნაბიჯის გადადგმის აუცილებლობა განპირობებული იყო საერთაშორისო საფოსტო რეგულაციების ცვლილებებით, რომლებმაც, თავის მხრივ, გამოიწვიეს „საქართველოს ფოსტის“ დანახარჯების ზრდა გარკვეული ტიპის (საქონლის შემცველი საერთაშორისო გზავნილები) საფოსტო გზავნილების მომსახურებაზე.

ფოსტა წარმოადგენს საფოსტო ოპერატორს, რომლის ფუნქციაც საფოსტო გზავნილების მიღება, დახარისხება და ჩაბარებაა. საფოსტო რეგულაციების მიხედვით, საფოსტო გზავნილად მიიჩნევა ერთი პირის მიერ მეორესთვის (მიუხედავად იმისა ნივთი მეგობრის მიერ გამოგზავნილი საჩუქარია თუ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად შეძენილი ნივთია) საფოსტო ქსელის გამოყენებით გაგზავნილი ნივთი, მიუხედავად იმისა თუ რა ღირებულებისაა ის.

სწორედ აღნიშნული გახლავთ იმის მიზეზი, რომ საფასური დაწესდა, არა გზავნილის შიგთავსის ღირებულების მიხედვით, არამედ თითოეულ გზავნილზე. აქვე აღვნიშნავთ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო საფოსტო რეგულაციებთან“ - აღნიშნულია განცხადებაში.

'.$TEXT['print'].'