საქართველოში ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული სააგენტო შეიქმნება
ავტორი: გურიის მოამბე
საქართველოში ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული სააგენტო შეიქმნება

საქართველოში ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული სააგენტო შეიქმნება, რომელიც იქნება საქართველოს მთავრობის სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი. აღნიშნულს „ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ“ კანონპროექტი ითვალისწინებს.

კანონპროექტით, აღნიშნული სააგენტო საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სტრუქტურული ერთეულის – ახალგაზრდობის პოლიტიკის მართვის დეპარტამენტის შერწყმის შედეგად შეიქმნება.

როგორც განმარტებით ბარათშია აღნიშნული, წარმოდგენილი კანონპროექტით გაძლიერდება მთავრობასა და ახალგაზრდობას შორის კავშირის ინტენსიურობა, მოხდება ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების უფრო მაღალ დონეზე წამოწევა, სახელმწიფოებრივი მხარდაჭერა, საზოგადოებრივ ცხოვრებაში ბავშვებისა და ახალგაზრდების თვითრეალიზაციის ჩართულობის გაზრდა და მათი უფლებების დაცვა.

კანონპროექტით, საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს, სააგენტოს დაფუძნებას, დებულების დამტკიცებას და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშნვას.

გარდა ამისა, სააგენტოს წარდგინებით მთავრობის მიერ მოხდება სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის მოსაპოვებლად დ ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების მიერ შემუშავებული პროექტების კონკურსის ჩატარების ვადის, წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცება და ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის მიზნით სათათბირო ორგანოს დებულების დამტკიცება.

გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ სააგენტო საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სტრუქტურული ერთეულის – ახალგაზრდობის პოლიტიკის მართვის დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდისა და ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის შტატით დასაქმებულ თანამშრომელთა და შტატგარეშე მომუშავეთა უკონკურსოდ გადაყვანა შესაბამის თანამდებობებზე ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში.

გარდა ზემოაღნიშნულისა უნდა აღინიშნოს, რომ სააგენტო განახორციელებს თავის სახელმწიფო პროგრამებს, ხოლო მუნიციპალიტეტები პარალელურად გააგრძელებენ თავიანთი მუნიციპალური ახალგაზრდული პროგრამების განხორციელებას. ასევე სააგენტოს მიერ განხორციელებული პროგრამები შეიძლება მოიცავდნენ და კოორდინირებაში იყვნენ მუნიციპალიტეტბთან და მათ მიერ განხორციელებულ პროგრამებთან. დღეის მდგომარეობით, მუნიპალიტეტების (მერიები, საკრებულოები) მიერ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ხდება ახალგაზრდული პროგრამების შემუშავება, ხოლო რიგ შემთხვევებში ისინი განხორციელდება სააგენტოსთან კოორდინირებით.

კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობაა, ავტორი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

აღნიშნულ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით სპორტის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ ყაველაშვილმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ კანონპოექტი ძალიან მნიშვნელოვანია, მთავრობასა და ახალგაზრდობას შორის სტრუქტურული დიალოგის გასაუმჯობესებლად.

„მოგეხსენებათ, ჩვენს ქვეყანაში ახალგაზრდების წინაშე დასაქმების, განათლების, სამოქალაქო ჩართულობის დიდი გამოწვევა არსებობს. მთავრობის ადმინისტრაციაში სხვადასხვა სფეროების კოორდინირება მოგვცემს უფრო მეტ საშუალებას, რომ მთავრობასა და ახალგაზრდობას შორის სტრუქტურული დიალოგი გაუმჯობესდეს“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

'.$TEXT['print'].'