2018 წელს არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალური ხასიათის ძალადობაში მხილებულ იქნა 116 პირი
ავტორი: გურიის მოამბე
2018 წელს არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალური ხასიათის ძალადობაში მხილებულ იქნა 116 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტრო სექსუალური ძალადობის ჩამდენ პირთა მიმართ სასჯელს ამკაცრებს - საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი უკვე შემუშავებულია. განცხადება, უწყებაში გამართულ ბრიფინგზე გაკეთდა. 

უწყების ინფორმაციით, 2018 წელს არასრულწლოვანთა მიმართ განხორციელებულ სექსუალური ხასიათის ძალადობაში მხილებულ იქნა 116 პირი, რომელთა უმეტესი ნაწილი (86 პირი) მხილებულ იქნა 16 წლის ასაკს მიუღწეველ პირებთან ნებაყოფლობითი სექსუალური ხასიათის კავშირში.

სამინისტრომ შეიმუშავა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც სექსუალური ძალადობის ჩამდენ პირთა მიმართ სასჯელის გამკაცრებას, მათთვის მთელი რიგი უფლებების (მათ შორის სასწავლო, საგანმანათლებლო დაწესებულებებში მუშაობის უფლების) ჩამორთმევასა და შინაგან საქმეთა სამინისტროში სექსუალური ძალადობისთვის მსჯავრდებულ პირთა ბაზის შექმნას ითვალისწინებს. დანაშაულის ეფექტიანი პრევენციის მიზნით, კანონპროექტი სხვადასხვა სახელმწიფო უწყებას, მათი კომპეტენციის ფარგლებში, სექსუალური ძალადობის ჩამდენ პირთა მონიტორინგის ვალდებულებას აკისრებს.

აღნიშნული კანონპროექტი საქართველოს მთავრობას უკვე წარედგინა და განხილული იქნება მთავრობის უახლოეს სხდომაზე.

ძალადობის მსხვერპლი ბავშვების განმეორებითი ვიქტიმიზაციის თავიდან აცილების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნა მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის ინსტიტუტი. კოორდინატორები პრიორიტეტულად იმუშავებენ ძალადობის მსხვერპლ არასრულწლოვნებსა და მათ მშობლებთან, გაუწევენ მათ პირველად ფსიქოლოგიურ დახმარებას, შესთავაზებენ საჭირო სერვისებს და უზრუნველყოფენ მათ მხარდაჭერას გამოძიების მიმდინარეობისას.

ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტში გამოიყო სპეციალიზებულ გამომძიებელთა ჯგუფი, რომელიც მხოლოდ ამგვარი კატეგორიის დანაშაულებს გამოიძიებს. გამომძიებლები გადამზადებული არიან ძალადობის მსხვერპლი არასრულწლოვნების გამოკითხვის მეთოდოლოგიის საკითხებზე.

"მივმართავთ საზოგადოებას, არასრულწლოვან მსხვერპლებს, მათ მშობლებს და ყველა იმ პირს, რომლთათვისაც ცნობილი გახდება არასრულწლოვანთა მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ, დაუყოვნებლივ აცნობონ პოლიციას, რათა მოხდეს დანაშაულზე დროული რეაგირება და თავიდან იქნეს აცილებული მოძალადეთა მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე.

შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მიუღებელია არასრულწლოვანთა მიმართ როგორც ძალადობრივი, ასევე, ნებისმიერი სხვა სახის დანაშაულის ჩადენა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად განაგრძობს არასრულწლოვანთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას და მეტი კოორდინაციისაკენ მოუწოდებს საზოგადოების თითოეულ წევრს, რათა თავიდან იქნეს აცილებული არასრულწლოვანთა მიმართ ნებისმიერი სახის დანაშაულის ჩადენა,"-განაცხადეს შს სამინისტროში.

'.$TEXT['print'].'