საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის პირველი შემთხვევა ლანჩხუთში დაფიქსირდა (ექსკლუზივი)
ავტორი: გურიის მოამბე
საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის პირველი შემთხვევა ლანჩხუთში დაფიქსირდა (ექსკლუზივი)

საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის სულ რამდენიმე შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის, სამი სამტრედიაში და ერთიც გურიაში. 

მომხდარის შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტოს უფრომა, გია მიქაძემ საბავშვო ბაღების ხორცით მომმარაგებასთან დაკავშირებით გამოვლენილ რამდენიმე შემთხვევაზე ისაუბრა. მისი თქმით, კომპანიები, რომლებიც საქონლის ხორცის ნაცვლად, ბაღებს ცხენის ხორცით ამარაგებდნენ დისკვალიფიცირებულები არიან. მანვე ახსენა რომ ცხენის ხორცი საქართველოს მასშტაბით სულ ოთხ ბაღში იყო აღმოჩენილი, მათ შორის სამი შემთხვევა სამტრედიაში დაფიქსირდა, ერთი კი გურიაში. 

"გურიის მოამბემ" გაარკვია, რომ ცხენის ხორცის ამოღება ლანჩხუთის საბავშვო ბაღიდან მოხდა. 

კომპანიამ "ბაქარი", რომელიც ლანჩხუთის საბავშვო ბაღებს ხორცით ამარაგებდა, ნომერ პირველ საბავშვო ბაღში, ცხენის ხორცი გასული წლის სექტემბერ-ოქტომბრის თვეში შეიტანა. 

რის ნიადაგზე მოხდა ლანჩხუთის #1 საბავშვო ბაღში შეტანილი ხორცის ლაბორატორიული შემოწმება საჭირო, ამაზე ლანჩხუთის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი ნატა კობალავა გვპასუხობს, რომ ეს სურსათის უვნებლობის სამსახურის გეგმიურ შემოწმებას დაემთხვა: "გეგმიურად შემოწმება იყო ბაღებში, საეჭვო ხორცი იქნა ამოღებული.  ლაბორატორიაში გადამოწმების შემდეგ, როცა გაირკვა რომ ეს ცხენის ხორცი იყო, ყველა ბაღიდან იქნა ამოღებული "ბაქარის" მიერ შემოტანილი ხორცი და კომპანიას შეუწყდა ხელშეკრულება. ამ ეტაპზე, გადაუდებელი წესით ჩოხატაურიდან ხდება ჩვენი მომარაგება, ნათია ცინცაძე ამარაგევს ვაღებს ხორცით. ტენდერი უკვე გამოცხადებულია და გამარჯვებულიც მალე გამოვლინდება"-გვითხრა კობალავამ. 

რაც შეეხება სურსათის უვნებლობის სამსახურის, გურიის რეგიონის ხელმძღვანელს, ნინო შეწირულს, ის ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ ლაბორატორიიდან მოსული პასუხის შემდეგ, სადაც დადგინდა რომ საქონლის ხორცის ნაცვლად ლანჩხუთის ბაღში ცხენის ხორცი იყო შეტანილი, ყველა ბაღიდან მოხდა ხორცის ამოღება და მას შემდეგ, როგორც მანამდე ინტენსიურად მიმდინარეობს რეგიონის ყველა საბავშვო ბაღში არა მარტო ხორცის, არამედ ნებისმიერი სახის პროდუქტის შემოწმება. 

 

'.$TEXT['print'].'