კახაბერ მეგრელიშვილი არა ქართველმა არამედ ფრანგმა სამართალდამცავებმა დააკავეს - რატომ იცრუა შსს-მ
ავტორი: გურიის მოამბე
კახაბერ მეგრელიშვილი არა ქართველმა არამედ ფრანგმა სამართალდამცავებმა დააკავეს - რატომ იცრუა შსს-მ

ოზურგეთში მომხდარი გახმაურებულ მკვლელობაში ბრალდებული კახა მეგრელიშვილი - რომელსაც გამოძიება გურამ ფოცხიშვილისა და დიმა ომელჩენკოს მკვლელობას ედავება და მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით წაუყენა - მუხლი 109. განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში  და დანაშაული საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ  სსკ - ის 236 მუხლი ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღისა (თოფისა)), საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება - როგორც ირკვევა არა ქართველმა სამართალდამცავებმა, არამედ მათმა ფრანგმა კოლეგებმა საფრანგეთში დააკავეს და საქართველოში დეპორტაცია გაუკეთეს.

საქართველოს შსს კი იუწყებოდა რომ კახაბერ მეგრელიშვილი პოლიციამ საქართველოში უკანონოდ შემოღწევის დროს დააკავა.

ამ ისტორიაში კიდევ ერთი რამაა საინტერესო, საქართველომ საფრანგეთს დეპორტაციაზე თანხმობა ერთი პირობით მისცა, თუ მეგრელიშვილის გადაცემა მოხდებოდა თურქეთის გავლით.

ირკვევა რომ სწორედ თურქული მხარე გამოიყენეს ქართველმა სამართალდამცავებმა იმის შესაფუთად, რომ მეგრელიშვილი თითქოს მათ დააკავეს და საზოგადოებას დეპორტაციის ამბავი დაუმალეს.

დამალვის მიზეზად კი შესაძლოა მოკლული ომელჩენკოსა და ფოცხიშვილის ოჯახის წევრების პოლიციისადმი ბრალდებები დავასახელოთ: ისინი რამდენიმე თვეა საჯაროდ აცხადებენ, რომ პოლიციამ ამ გახმაურებულ მკვლელობაში მონაწილეები საქართველოდან გააპარა.

"რომ არა დეპორტაცია კახაბერ მეგრელიშვილი ახლაც საფრანგეთში იქნებოდა და მას არანაირი სურვილი, როგორც შსს აცხადებს, არ ჰქონია საქართველოში დაბრუნების, მითუმეტეს უკანონოდ შემოღწევის".

ამას "გურიის მოამბესთან" საუბარში მეგრელიშვილთან დაახლოებული პირი აცხადებს.

ამასობაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მეგრელიშვილის დეპორტაციის პარალელურად საქართველოში ამერიკიდან დაბრუნდა გავრცელებული ინფორმაციით ე.წ. "შავ სამყაროსთან" დაახლოებული ილა კეჭაყმაძე.

როგორც "გურიის მოამბე" გასულ წელს, შსს ყოფილ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერდა, სწორედ ილა კეჭაყმაძემ შეუძინა პასპორტები, გადასცა თანხა და თავის დროზე სარფის საბაჟოს გავლით, საქართველოდან გააპარა მეგრელიშვილი.

საინტერესოა ასევე, რომ დღეს ოზურგეთში გამართულ სასამართლო სხდომაზე, მეგრელიშვილის ადვოკატმა გააჟღერა ინფორმაცია, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ ცნობს.

როგორც ოზურგეთში ვარაუდობენ, დიდი ალბათობით ეს საქმეც, მტკიცებულებების არ არსებობის გამო პროკურატურის მიერ თაროზე შემოიდება და ოზურგეთში უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში მომხდარი ყველაზე საზარელი, თავხედური და ანტისახელმწიფოებრივი სისხლიანი აქტი გაუხსნელი დარჩება.

როცა სიტყვებს ანტისახელმწიფოებრივს ვხმარობთ აქვე ვაკონკრეტებთ რომ პირველად ოზურგეთში - ე.წ.  "შავი სამყაროს" მიერ გამოტანილი სასიკვდილო განაჩენი მოყვანილ იქნა სისრულეში, რაც სახელმწიფო ძალოვანი სტრუქტურების შესაძლო სრულ მოშლასა და დეგრადაციაზე მიუთითებს.

იგივე თემაზე "გურიის მოამბეს" არქივიდან:

ექსკლუზივი:პოლიციამ ოზურგეთში მომხდარი მკვლელობის გამოძიების იმიტაცია გააკეთა
ავტორი: გურიის მოამბე
ექსკლუზივი:პოლიციამ ოზურგეთში მომხდარი მკვლელობის გამოძიების იმიტაცია გააკეთა

"შსს გურიის დეპარტამენტმა ფოცხიშვილისა და ომელჩენკოს მკვლელობის საქმის გამოძიების იმიტაცია გააკეთა, პიროვნებას რომელსაც თავის თავზე მკვლელობა ააღებინეს 5 ათასი აშშ დოლარი მისცეს და სპეცსამსახურების ოპერატიული მანქანებით საქართველოს ტერიტორია დაატოვებინეს"

ამის შესახებ "გურიის მოამბეს" შსს ყოფილმა მაღალჩინოსანმა უთხრა, რომელიც შსს გურიის დეპარტამენტში მომხდარის დროს ერთ- ერთ მნიშვნელოვან თანამდებობას იკავებდა.

პიროვნება, რომელიც ამ ეტაპზე თავს იკავებს სახელისა და გვარის დასახელებისაგან, გვიმტკიცებს, რომ ფოცხიშვილისა და ომელჩენკოს მკვლელობაში არანაირი მონაწილეობა ვინმე მეგრელიშვილს, მეტსახელად "ბუძგიას"  არ მიუღია. 

მისივე განცხადებით, შსს გამოძიების დღეებში გარკვეული შიშით მოქმედებდა, ხელმძღვანელობას არ ეყო კვალიფიკაცია, პროფესიონალიზმი და გამბედაობა გამოძიებისათვის ოდნავი ხელჩასაჭიდი რამ ეპოვათ:

"გურიის პოლიციის უფროსმა მურადაშვილმა, დაიხმარა ილა კეჭაყმაძე, მოიძებნა სასწრაფოდ ადამიანი რომელიც საკუთარ თავზე აიღებდა მომხდარს და ქვეყანასაც დატოვებდა. მეგრელიშვილმა საზღვარი სხვა სახელით და გვარით, ანუ ყალბი პასპორტით დატოვა, რომელიც მას პოლიციამ დაუმზადა, კეჭაყმაძემ კი გადასცა"-ამბობს წყარო.

"დააკვირდით, მკვლელობის აღიარება ხდება მურადაშვილის კაბინეტში, არანაირი დაკავება, არც საზღვარი "იკეტება", ადამიანს, რომელმაც პოლიციის უფროსთან მკვლელობა აღიარა უშვებენ პოლიციიდან და შემდეგ საზღვარს კვეთს? ეს ხომ აბსურდია?"-კითხულობს წყარო და ყვება, რომ მეგრელიშვილი საქართველო თურქეთის საზღვარზე ე.წ. "ნეიტრალურ" ტერიტორიაზე მურადაშვილის დავალებით ილა კეჭაყმაძემ ოპერატიული მანქანით, თეთრი "შკოდათი" გადაიყვანა, შემდეგ მას მისცა 5 ათასი დოლარი და გაუშვა.

მეგრელიშვილის გადასვლა ჩვენს სასაზღვრო პუნქტზე არ იქნება დაფიქსირებული, თუმცა დაფიქსირებული იქნება თურქეთის სასაზღვრო პუნქტზე".

წყარო გვიხსნის, რომ ეს პოლიციამ იმიტომ კი არ გააკეთა რომ მკვლელებს ხელს აფარებს, არამედ იმიტომ, რომ არ ააქვთ უნარი საქმე გახსნან, მკვლელობა, ესოდენ რეზონანსული გამოიძიონ,ასევე ეს იმიტომ არ გაუკეთებიათ რომ ფოცხიშვილების ეშინიათ, აქ მთავარი იყო მეუფეს ფაქტორი, პოლიციას ეკლესიის რეაქციის და კონკრეტულად მეუფის შეეშინდათ და იმიტომ დადგეს ეს სპექტაკლი"-ირწმუნება შსს ყოფილი მაღალჩინოსანი.

პოლიციის მაღალჩინოსანი გვეუბნება, რომ პროკურორი მალხაზ სირაძე ამ საქმეში პატიოსანია და ოზურგეთში პროკურატურასა და პოლიციას შორის დიდი დაპირისპირებაა.

ცნობისათვის: შეიარაღებული თავდასხმა ოზურგეთში გასულ წელს მოხდა;. 2 მამაკაცი ქალაქის ხალხმრავალ ქუჩაზე დღისით ავტომობილში ჩაცხრილეს. ადგილობრივები ყვებიან, რომ სროლა ავტომატური იარაღიდან დიდხანს გაგრძელდა, თუმცა უშუალოდ თავდამსხმელები არავის დაუნახავს. რამდენიმე საათის შემდეგ ავტომობილი, რომლითაც შეიარაღებული თავდამსხმელები მიიმალნენ მეზობელ სოფელში დამწვარი იპოვეს.

წინასწარი ვერსიით მკვლელობა კრიმინალურ გარჩევას უკავშირდება.

მოკლული მამაკაცები ერთმანეთის ნათესავები არიან. გავრცელებული ინფორმაციით ერთი მათგანი საპატიმროდან ახალი გათავისუფლებული გურამ ფოცხიშვილია, რომელიც მჭიდრო კავშირშია ეგრედ წოდებულ ქურდულ სამყაროსთან. მისი თანმხლები კი მისივე სიძეა დიმიტრი ომელჩენკო, რომელიც ერთ-ერთ ეკლესიაში სტიქაროსნად მსახურობდა.მას ბავშვობიდან  შემოქმედის მიტროპოლიტი მეუფე იოსები ზრდიდა:

შსს-ს ცნობით, გამოძიება სსკ-ს 109 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 

სკანდალი: გურიის პოლიციის უფროსს ფოცხიშვილების ოჯახი მკვლელის მფარველობაში ადანაშაულებს
ავტორი: გურიის მოამბე
სკანდალი: გურიის პოლიციის უფროსს ფოცხიშვილების ოჯახი მკვლელის მფარველობაში ადანაშაულებს

სკანდალი-მოკლული ფოცხიშვილის ოჯახი მკვლელობაში ბრალდებულის მფარველობაში პოლიციის უფროსს ადანაშაულებს. 

როგორც "გურიის მოამბესთან" საუბარში მოკლული გურამ ფოცხიშვილის მეუღლე და და, რომელიც ასევე მეორე მოკლულის მეუღლეა, საუბრობენ, გურიის პოლიციიის მთავარი სამმართველოს უფროსი, კახა მურადაშვილი პირადად მფარველობდა მკვლელობაში ბრალდებულებს და მან თავად უზრუნველყო, მათი ქვეყნის საზღვრებს გარეთ გაპარვა. 

როგორც ავტომანქანაში სიძესთან ერთად ჩაცხრილული დიმა ომოლჩენკოს მეუღლე და მოკლული გურამ ფოცხიშვილის და, ლოლიტა ფოცხიშვილი "გურიის მოამბესთან" აღნიშნავს, მკვლელობა წინასწარ დაგემილი იყო, რის თაობაზეც პოლიციამ იცოდა. მისივე მტკიცებით, დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში მის ძმას  უთვალთვალებდნენ შეიარაღებული პირები, მის მოკვლამდე რამდენიმე საათით ადრე კი, ის მკვლელობის ადგილზე მოტყუებით მიიყვანეს: "ჩემს ძმას  ვიღაცამ ისეთმა დაურეკა, ვისაც ენდობოდა და იქ ისე მივიდა. რადგან ჩვენ ვიცოდით, რომ ის იმ დღეს ოზურგეთში არ უნდა ყოფილიყო. ვიღაცამ ისეთმა დაურეკა, ვისი ნდობაც ჰქონდა. ადგილიც ისეთი იყო შერჩეული, საიდანაც მკვლელები მიმალვას შეძლებდნენ. დაახლოებით ერთი კვირით ადრე იყო ჩემი ძმა თვალთვალის ქვეშ.  პოლიციამ ამის შესახებ იცოდა, იმიტომ, რომ ისეთ ტერიტორიებზე მოძრაობდა ეს უცხო მანქანა ერთი კვირის განმავლობაში, თან შეიარაღებული მამაკაცებით,  ეს პოლიციას არ უნდა გამოპარვოდა. ეს რომ ვიკითხე მითხრეს, პატრული არ მოძრაობს მაგ ტერიტორიებზეო."

ის რომ პოლიციის უფროსი უშუალოდ მფარველობდა მკვლელობაში ბრალდებულს, ხოლო მეორე მონაწილეს, გვარად ჩიჩილოვს ხელს აფარებენ, ამაზე საუბრობს გარდაცვლილი გურამ ფოცხიშვილის დედა, სირენა ფოცხიშვილი. მისი განმარტებით, მკვლელობიდან რამდენიმე დღის განმავლობაში ბრალდებული, რომელიც  მეტადონის პროგრამაში იყო ჩართული, თავისუფლად გადაადგილდებოდა და იქ ცენტრშიც არა ერთხელ უნახავთ: 'რამდენჯერ ვუთხარით პოლიციის უფროსს, რომ დაინახეს "ბურძგლა" იქ მეტადონის ცენტრში, ტავისუფლად დადის, რატომ არ იჭერთ. ამაზე რეაგირება არ ჰქონდათ. იძახეს, ვერსად გაგვექცევაო და მერე თავად გადაუშვეს საზღვარზე. მეორეს, ჩიჩილოვს საერთოდ არ ეძებენ. კანონიერი ქურდობა უნდაო, ასე ამბობენ და მხოლოდ "ბურძგლაზე" უნდათ ყველაფრის გადაბრალება. ერთი კაცი როგორ იჯდებოდა თან საჭესთან, თან ორი ავტომატიდან გაისვრიდა? ასეთი რამ შეიძლება მოხდეს? პოლიცია მფარველობს მათ. მე ამის თქმის საფუძვლიანი ეჭვი მაქვს. სხვა შემთხვევაში, კაცი მათ წინ იჯდა და ყვებოდა ყველაფერს და ხელი არ მოკიდეს. მერე სულ მიმეორებდა მურადაშვილი, ეს საქმე მაქსიმალურ კონტროლზეა, ზემოდან მავალებენ, პრეზიდენტამდეცაა მისულიო. ამდენი თვეა საქმეზე ძიება მიდის და ახალი არაფერი არ არის. უნდათ უბრალოდ დროულად დაასრულონ და ის იქნება ძებნაში მუდმივად. მე არაფრის თქმის არ მეშინია, ჩემი შვილები უკვე მიწაშია და ვამბობ იმას, რაც ვნახეთ და რასაც თვითონ გვეუბნებიან"-ამბობს სირენა ფოცხიშვილი. 

როგორც ლოლიტა ფოცხიშვილი გვიყვება, ის პოლიციის სამმართველოში როცა იმყოფებოდა,  დააწერინეს გაუთქმელობის ხელწერილი და აჩვენეს ვიდეო, სადაც კარგად ჩანს, თუ როგორ ესაუბრება პოლიციის უფროსს მკვლელობაში ბრალდებული, კახა მეგრელიშვილი და უყვება მკვლელობის დეტალებს, ამის შემდეგ კი, რამდენიმე დღეში ის ქვეყანას ტოვებს: 'ვიდეო ჩაწერილია სადღაც ისეთ ადგილზე, რომ ეს არ გავს კაბინეტს. მასში გარკვევით ყვება კახა მეგრელიშვილი, თუ როგორ დაგეგმა და მერე სისრულეში მოიყვანა მკვლელობის საქმე. კადრებში ამოვიცანი თავად პოლიციის უფროსი, კახა მურადაშვილი, რომლის თავიც არ ჩანს, დივანზეა გადაწოლილი. როცა ვკითხე თავად ესაუბრე მკვლელს-მეტქი? არც უარყო და მითხრა, გადასხმა მქონდა და ამიყტომ ვიწექიო. იქ არის იცით როგორი საუბარი? არა როგორც სამართალდამცავის და მკვლელის, არა, როგორც მეგობრების, "ძმაოთი", რომ მიმართავენ ერთმანეთს. მერე ვკითხე, რატომ გაუშვით -მეტქი და არ გვქონდა უფლება დაგვეჭირა, ეს ისე დაკითხვა იყოო"-გვეუბნება ლოლიტა. 

ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში (მოსამართლე ბიძინა სტურუა), მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომის დაწყებამდე კი მცირე შელაპარკება მოხდა მოკლულების ოჯახის წევრებსა და საქმის პროკურორ, მალხაზ სირაძე შორის.

ლოლიტა და სირენა ფოცხიშვილები პროკურატურას საქმისადმი გულგრილ დამოკიდებულებაში ადანაშაულებდნენ: "თქვენ ჩვენთვის სასიკეთოდ არაფერს არ აკეთებთ, ჯერ ერთი ის მაინტერესებს, ჩვენს ოჯახტან დაკავშირებით რა საქმეებიც იყო, ბაბუაჩემიდან დაწყებული, ყველა შემთხვევაში თქვენ იყავით პროკურორი, სხვა ოზურგეთში არავინ არ არის?

მალხაზ სირაძე: ჩემტან რა პრობლემა გაქვთ თქვენ? რა არ მოგწონთ? თუ თქვენ გინდათ ავიცილებ ამ საქმეს საერთოდ. 

ლოლიტა ფოცხიშვილი: არა, უბრალოდ ძალიან საეჭვოდ მეჩვენება. მე თვენი იმედი რა უნდა მქონდეს? იცით, რომ არსებობს ჩანაწერილი, სადაც პოლიციის უფროსი ძმაოთი ელპარაკება მკვლელს, რომელიც უყვება მკვლელობის დეტალებს და მერე უშვებენ საზღვარგარეთ. აქ გყავდათ კაცი და ვერ დაიჭირეთ და გაუშვით და ახლა იმის იმედი უნდა მქონდეს, რომ რამეს გააკეთებთ? პოლიცია მას მფარველობს და ეს იცით თქვენც. 

სირენა ფოცხიშვილი: იმდენი კამერები იყო ქალაში და ვერსად ვერ დააფიქსირეს ხომ მკვლელბის ვინაობა, მარტო "ბუძგიას" (ბრალდებული კახა მეგრელიშვილი) რომ იძახიან? მაგრამ, როგორც აწყობთ ისე წაიყვანეს საქმე. 

დღევანდელ სხდომაზე დაიკითხა იმ მანქანის ყოფილი მფლობელი, რომელიც მკვლელობის შემდეგ დაწვეს. ასევე, სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურორ მალხაზ სირაძის შუამდგომლობა საქმეში ცართული ექსპერტების დისტანციურ დაკითხვასთან დაკავშირებით. 

"გურიის მოამბესტან" კომენტარის გაკეთება არ ისურვა დაცვის მხარის ადვოკატმა, რომელმაც განგვიმარტა, რომ ის ამის თაობაზე არ შეთანხმებია მხარეს.  

იაკობ შემოქმედელის ქუჩაზე მომხდარი სასტიკი მკვლელობაზიდან, სადაც 42 წლის გურამ ფოცხიშვილი და მისი დის ქმარი 33 წლის დიმა ომოლჩენკო ჩაცხრილეს, უკვე ერთ წელზე მეტი გავიდა.

თავიდანვე გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდები შურისძიებას ემსხვერპლნენ. გარდაცვლილთა ოჯახის წევრები აცხადებდნენ, რომ , ბიჭების ჩაცხრილვა წლების წინ მომხდარი კრიმინალური შემთხვევის უკავშირდებოდა.

სასიკი მკვლელობისთვის 48 წლის კახა მეგრელიშვილზე ძებნა გამოაცხადდა. გურიაში მას, მეტსახელით - "ბუძგია" იცნობენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში კი ვკითხულობთ, რომელიც მკვლელობიდან რამდენიმე დღეში გამოქვეყნდა:  

"შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1969 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ კ.მ.-ს, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, მიმდინარე წლის 7 დეკემბერს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ კ.მ. განაწყენებული იყო ნაცნობზე - გ.ფ.-ზე, რომელმაც წარსულში, შეიარაღებულმა სახლში მიაკითხა და მის მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ბრალდებულმა, ანგარიშსწორების მიზნით, გ.ფ.-ს მოკვლა განიზრახა. ამისთვის მან სპეციალურად, ფარულად შეიძინა ავტომანქანა და ცეცხლსასროლი იარაღი. გამოძიების ინფორმაციით, მიმდინარე წლის 20 ივლისს, კ.მ. და მისი თანამზრახველი ავტომობილით აედევნენ მსხვერპლს - 1975 წელს დაბადებული გ.ფ., რომელიც ოზურგეთში, ნათესავთან - 1984 წელს დაბადებული დ.ო.-სთან ერთად ავტომანქანით გადაადგილდებოდა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან და მაკაროვის სისტემის პისტოლეტიდან რამდენიმე გასროლით სასიკვდილოდ დაჭრეს ისინი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. გ.ფ. და დ.ო. მიყენებული ჭრილობების შედეგად ადგილზე გარდაიცვალნენ".

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ შემთხვევის ადგილიდან მიმალულმა ბრალდებულმა და მისმა თანამზრახველმა ავტომანქანა ოზურგეთის რაიონის სოფელ მელექედურის ტერიტორიაზე დაწვეს და მიატოვეს.

გამოძიება ორი ან მეტი პირის მიერ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც თექვსმეტიდან ოც წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტი აწარმოებს.

ბრალდებულ კ.მ.-ზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ძებნა გამოცხადდა".

 

'.$TEXT['print'].'