სოციალურად დაუცველ, ორი მცირეწლოვანის დედას სააღსრულებლო სახლიდან ასახლებს
ავტორი: გურიის მოამბე
სოციალურად დაუცველ, ორი მცირეწლოვანის დედას სააღსრულებლო სახლიდან ასახლებს

"ორ მცირეწლოვანთან ერთად, თაღლითი ადამიანის გამო ვრჩები ქუჩაში. სააღსრულებლოს გადაწყვეტილებით, ხვალ სახლიდან გვასახლებენ. მერიაში გარკვეულია დაგიქირავებენ ბინას და სოციალური სამსახურიც ჩაერთვება, თავის მხრივო-მითხრეს და რომ მოვიკითხე, სოციალური რას გააკეთებს-მეთქი და ბავშვებს მინდობით აღზრდაში გადასცემენ ოჯახსო. ჩემი ორი შვილით ვიღაც თაღლითი ადამიანი მიპირებს ღია ცის ქვეშ დატოვებას. თან აქ ყველაზე დიდი უკანონობა არის ის, არც სარჩელში და არც აღსრულებაში არსად არ ფიქსირდება ის, რომ ამ სახლში, დედაჩემის, ჩემი დისა და ჩემს გარდა ცხოვრობს ჩემი შვილები"-ამბობს "გურიის მოამბესთან" ლელა ცინცაძე, რომელიც  ხვალ 11 საათზე ორ პატარა შვილთან, ავადმყოფ დედასთან და არასრულწლოვან დასთან ერთად სააღსრულებლო ბიუროს გადაწყვეტილებით იძულებით უნდა გამოასახლონ საცხოვრებელი სახლიდან.

ცინცაძეების 5 სულიანი ოჯახი ოზურგეთში, თაყაიშვილის ქუჩაზე, ორსართულიან სახლში ცხოვრობს, რომლის მშენებლობაც ჯერ ბოლომდე დასრულებული არ არის. 

 34 წლის ლელა ცინცაძე მარტოხელა დედაა და მას ორი, 4 და 2 წლის შვილი ჰყავს. 

ქალბატონი გვიყვება, რომ საცხოვრებელი სახლი, თაღლითური სქემის შედეგად დაკარგეს, როცა დღევანდელმა მეპატრონემ, მის მძიმე ავადმყოფ მამას ხელი მოტყუებით მოაწერინა ნასყიდობის საბუთზე.  

"მამაჩემი საქართველოს მასშტაბით ერთ-ერთი გამორჩეული ხის მოხელე იყო. ძალიან ბევრი შეკვეთა ჰქონდა, თბილისიდან, ბათუმიდან, ძალიან ნიჭიერი იყო. 2016 წელს, თბილისში მცხოვრებმა ზაზა ჭრიკიშვილმა, შეკვეთა მისცა რამდენიმე ხის კარზე, 5 იყო თუ შვიდი არ მახსოვს ზუსტად. გადაუხდა თავიდანვე თანხა 3 500 ლარი. მოკლედ, მამამ დაიწყო ამაზე მუშაობა და ძალიან მალე გახდა ცუდად. დაუვარდა ჰემოგლობინი, გაეთიშა თირკმელი, გახდა დიალეზზე დამოკიდებული, ამ დროს დაუდგინდა, თავის ტვინის ონფარქტიც. საავადმყოფოში იწვა, იქ მკურნალობა, გადასხმები, ძვირადღირებული წამლები. ეს კაცი, ანუ შემკვეთი ყველაფრის საქმის კურსში იყო, ჰქონდა ყველაფერი ინფორმაცია, მამას მდგომარეობის შესახებ. გამუდმებით რეკავდა ეს კაცი, აშანტაჟებდა დედაჩემს, ეუბნებოდა, რომ ვიცი ვინ არის თქვენი ოჯახის წევრები, ნათესავები... მოკლედ, სრული ტერორი იყო მათი მხრიდან, თვითონ ეს ზაზა, მისი ცოლი, ვიღაც გოგიტა ნუცუბიძე კიდევ გამუდმებით რეკავდა ჩვენთან. ვერ გამექცევითო-გვეუბნებოდა. ვინ აპირებდა ან გაქცევას, ან ფულის წართმევას, იცოდა, რომ იმ მომენტში ვიბრძოდით მამას სიცოცხლის შესანარჩუნებლად. 

მერე, მამა, გამოვიყვანეთ სახლში, ისეთი მდგომარეობა ჰქონდა, ნებისმიერი ვინც შეხედავდა, მიხვდებოდა, რომ ურთულეს მდგომარეობაში იყო. თავმოყვარე კაცი იყო ძალიან. ეს კაცი ძალიან რომ აწუხებდა მასაც, დედასაც ძალიან ნერვიულობდა. ბოლოს ამ ზაზამ უთხრა- მომიწერე ხელი საბუთებზე, რომ ამ თანხის დაბრუნებამდე, სახლი დროებით ჩემზე იქნება გაფორმებულიო. მამა წაიყვანა სამოქალაქო რეესტრში და ასეთ მძიმე ავადმყოფს, კაცს, რომელსაც ჰემოგლობინი არც ესინჯებოდა, მოტყუებით ხელი მოაწერინა არა სახლის დროებით მფლობელობაზე, არამედ ნასყიდობაზე. იქ წერია, თითქოს მან გადაიხადა 26 ათასი ლარი ოზურგეთის სახლში, რომელიც აშენებული არც არის ბოლომდე. მამამ ეს გაიგო მეორე დღეს, რომ  რომ მოტყუებით სხვა, ნასყიდობის საბუთზე მოაწერინა ხელი, დაურეკა და უყვიროდა-ეს როგორ გამიბედეო. დაუმძიმდა ნერვიულობით მდგომარეობა და მოხვდა რეანიმაციაში. მამა მალევე გარდაიცვალა 56 წლის ასაკში"-გვიყვება ლელა ცინცაძე.

 როგორც ქალბატონი გვიყვება, მამამისის გარდაცვალების შემდეგ, ზაზა ჭრიკიშვილი მივიდა მასთან და მოსთხოვა გადაეხადა 5 ათასი ლარი. თანხის გადახდაზე პირობის მიცემის შემდეგ, მან უარი თქვა თანხის აღებაზე და სახლის გამონთავისუფლების მოთხოვნით მიმართა სასამართლოს. მოსამართლე მარინა კიკნაძის გადაწყვეტილებით, ცინცაძეების საცხოვრებელი სახლის მეპატრონედ  იქნა ცნობილი. მითითებული იყო განჩინებაში, რომ აღსრულებამდე თუ თანხაზე მოვრიგდებოდით, სახლი დარჩებოდა ჩვენს საკუთრებაში. აღსრულებამდე ადამიანი კონტაქტზე საერთოდ არ გამოვიდა. ვიხდიდით ორჯერ მეტ თანხას, რაც მამაჩემისთვის ჰქონდა მიცემული, ანუ 7 ათას ლარს, მაგრამ ადვოკატი მეუბნებოდა, როცა ვურეკავდი, რომ საზღვარგარეთაა წასული და ამიტომ ვერ ვუკავშირდებოდით. აღსრულებას, იქეთ დაახურა ამ ზაზამ თავზე,  თქვენს საქმეს მიხედეთო, რადგან მე ვთხოვდი მათ დახმარებას, ვეუბნებოდი, რომ თანხის გადამხდელები ვართ და არ გამოდის კონტაქტზე-მეთქი. შემდეგში კი გადაეცა საქმე სააღსრულებლოს. აღსრულებაში მითითებულია, რომ 26 მარტს 11 საათზე იქნება გამოსახლება და თუ ეს არ მოხდება ნებით, იქნება იძულებითი გამოსახლება. აქ მთავარი ის არის, რომ სასამართლოზე საერთოდ არ ხსენებულა ჩემი ორი შვილი, რომელსაც აქვთ სრული უფლება აქ ცხოვრების. არც სააღსრულებლოს ჰყავს ჩემი შვილები მოხსენიებული და ეს ხომ არის რეალურტად კანონის დარღვევა? სად წავიდე ორი პატარა ბავშვით ხვალ, როცა ღია ცის ქვეშ ვრჩები? მერიამ იცისო და დაქირიავებთ სახლს, სოციალური სააგენტო თავის მხრივ ცაერთვება ამ საკითხშიო და ეს რას ნიშნავს თურმე იცით? ბავშვებს მინდობით აღზრდაში გადასცემენ, თუ პირობები არ არის მათთვის შესაბამისიო"-გვეუბნება ქალბატონი.  

"ბავშვებს ისე ასახლებენ, რომ ამაზე სასამართლოს არ უმსჯელია და არც სააღსრულებო ფურცელშია მითითებული.

შესაბამის წერილით მიმართა ლელა ცინცაძემ სააღსრულებო ბიუროს, სადაც უთხრეს, რომ სახლი გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში უნდა ჩაებარებინა მეპატრონისთვის, რაც გულისხმობდა ბავშვების გამოყვანასაც და რაც არასწორია, რადგანაც ბავშვებს გააჩნიათ უფლებაუნარიანობა და მათი გამოსახლების საკითხი უნდა განხულულიყო სასამართლოში"-გვეუბნება ადვოკატი კახა ჩავლეშვილი.

"გურიის მოამბე" ხვალ დილიდან გააგრძელებს თემაზე მუშაობას, ჩვენ დავუკავშირდებით მეორე მხარესაც და ვეცდებით კომენტარი მოვიპოვოთ სააღსრულებლო ბიუროს წარმომადგენლისგანაც, თუ რატომ არ არის აღსრულებაში მითითებული 2 მცირეწლოვანი ბავშვი და ამ შემთხვევაში რამდენად არის მათი უფლებები დაცული. 

ფოტო კავშირში არ არის კონკრეტულ ამბავთან.

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'