"შავი სამყარო", მოსამართლეები და "გარემოს დაცვა" - ვინ დგას ქვიშა-ღორღის უკანონოდ მოპოვების მიღმა?
ავტორი: გურიის მოამბე
"შავი სამყარო", მოსამართლეები და "გარემოს დაცვა" - ვინ დგას ქვიშა-ღორღის უკანონოდ მოპოვების მიღმა?

წყარო - "მდინარეებზე არსებული კარიერები მთლიანად შავი სამყაროსა და კრიმინალების ხელშია, რომელსაც "ქართული ოცნება"  აკონტროლებს"

შავი ზღვის აკვატორიაში ჩამავალ, ოზურგეთში არსებულ მდინარეებზე, ათეულობით კარიერი ფუნქციონირებს, რომელიც სულ უფრო დიდ საფრთხეს უქმნის ადგილობრივ მოსახლეობას.

კარიერთან ახლო-მახლო მცხოვრებლები აცხადებენ, რომ მათი ცხოვრება უკვე გაუსაძლისი გახდა და მთავრობისგამ გადამჭრელი ზომების მიღებას მოითხოვენ.

ამ მიზნით, თითქმის წელიწადია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ათზე მეტ სოფელში, კარიერის დახურვისა და მდინარეებიდან ინერტული მასალის გატანის აკრძალვას ითხოვენ და პერმანენტულ აქციებს მართავენ.

ხშირია პიკეტები, რაც კარიერის მეპატრონეებსა და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლით სრულდება.

როგორც კარგად ინფორმირებული წყარო "გურიის მოამბეს" ეუბნება, ამ კარიერებიდან 90%-ზე  მეტი იმ კრიმინალურ ავტორიტეტებსა და ე.წ. "შავი სამყაროს" წარმომადგენლებს ეკუთვნის, რომლებიც ნებისმიერი არჩევნების დროს მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" დამხმარე ძალად მოიაზრებიან, ოპოზიცია კი მათ "ზონდერებს" ეძახის.

დანარჩენი ნაწილი კი, იმ სახელისუფლო სტრუქტურების წარმომადგენლების ხელშია, ვისაც სწორედ ამ კარიერების მონიტორინგი ევალებათ.

მაგალითისთვის, მდინარე ნატანების მერიის მონაკვეთზე შპს "ნალუთო" და "შავლეგო" ფუნქციონირებენ, ერთი მიშიკო რუსიეშვილის საკუთრებაა, მეორე კი ბესო ქარჩავასი, ორივე მათგანის უკან კი "გედეის" ყოფილი თანამშრომლის, ირაკლი ხომერიკის  გავლით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლო დგას.

მაკვანეთში არსებულ კარიერებს, იმავე წყაროს ცნობით "ქიუ გრუპი"  ანუ ალიკა ბალავინოვი და ძმები კვერღელიძეები აკონტროლებენ, რომელთა უკანაც თბილისის მერის კარზე აღზევებული, ილა კეჭაყმაძე დგას.

მდინარე სუფსის მელექედურის მონაკვეთზე არსებულ კარიერებს კრიმინალური ავტორიტეტი, "დოლა" აკონტროლებს, რომელიც აქ, სპეცსამსახურებთან დაახლოებულ ბიზნესმენთან, კახა გაგუასთან ერთად მოღვაწეობს„

მდინარე სუფსაზე, "ზომლეთის გადასახვევთან" არსებული კარიერი, არაოფიციალურად "გედეის" ყოფილი უფროსის, გურამ ასათიანის საკუთრებაში რჩება. დანარჩენი პატარ- პატარა კარიერები, რომლებიც სოკოებივითაა მოდებული და ბჟუჟზე, აჭის წყალზე, ნატანებსა და სუფსაზე თითქმის ადგილი რომ აღარაა დარჩენილი,  შედარებით  წვრილფეხა კრიმინალების საკუთრებაა, რომელთა ჩამოთვლაც შორს წაგვიყვანს-გვეუბნება წყარო და ამატებს:"თითქმის ყველას, ვისაც კი რაიმე ცხოვრებაში მოუპარავს და "უძველბიჭია", ყველას კარიერი აქვს საკუთრებაში".

ერთია, თუ ვინ (ამ მოკლე ჩამონათვალიდან ირკვევა, რომ ეს "ქართული ოცნების" ოზურგეთის რაიონული ორგანიზაცია და მასთან დაახლოებული პირებია) ახორციელებს ქვიშა- ღორღის მოპოვებას და მეორე როგორ?!

გამოცდილება ნული, კვალიფიკაცია ნული და შედეგიც კატასტროფული - ასეთი დამოკიდებულება აქვთ გურიაში იმ დაწესებულების ხელმძღვანელის მიმართ, რომელი დაწესებულებაც, ამ მიმართულებით რომ ყველაფერი წესრიგში იყოს, იმის ავანგარდში უნდა იდგეს.

კარგად ინფორმრებული წყარო გვეუბნება, რომ ალექსი გოგალაზე გურიაში ერთი მიზნით დაინიშნა, მას ჩოხატაურელი ბიზნესმენი უნდა დაეკავებინა, ეს მისია შეასრულა და მხარესაც ინერციით შემორჩა:

"გურიის მოამბე" დაინტერესდა თუ რა საქმიანობას ეწევა ამ მიმართულებით გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს გურიის გარემოს დაცვითი პატრულირების და სწრაფი რეაგირების მესამე განყოფილება და ამ განყოფილების ხელმძღვანელს ამ თემებზე სასაუბროდ, სოფელ ოზურგეთში,  მისივე კაბინეტში ვეწვით;

ალექსი გოგალაძე კაბინეტში მხართეძოზე წამოწოლილი დაგვხვდა და ჩვენი მისვლიდან მთელი ჩვენი იქ ყოფნის განმავლობაში გვიმტკიცებდა, რომ "ყველაფერი" კარგადაა, პარალელურად "საშველად" კი ვინმე ვალერას" ეძახდა:

-შეკითხვა გვაქვს თქვენთან.

-კი ბატონო, ჯერ დავილაპარაკოთ რა საკითხზე და შემდეგ გაგცემთ პასუხს.

-ბატონო ალექსი ჩვენ გვაინტერესებს ინერტული მასალის მომპოვებელ კარიერებზე შექმნილი სიტუაცია...

-მოიცათ, მოიცათ, ვალერას დავუძახებ, ის იურისტია, ის გაგცემთ პასუხს.

გოგალაძე გარბის და ვინმე ვალერას ხმამაღლა ეძახის დერეფნიდან, -ვალერა! ვალერა!

-ჰოუ - იყო პასუხი.

-გამო რა. "ვალერა" არ გამოდის.

-არ გვინდა ვალერი ბატონო ალექსი, მარტივი შეკითხვა გვაქვს - დავედევნეთ  მესამე განყოფილების უფროსს დერეფანში.

-ვალერი! ვალერი! მოდი აქ! არ იშლის თავისას უფროსი.

- თქვენ რომ გვიპასუხოთ თუ შეიძლება, აი მაგალითად, რა ჰქვია თქვენს სამსახურს? -არ ვიშლით ჩვენსას ჩვენც.

-შემობრძანდით კაბინეტში და აგიხსნით ყველაფერს, თუ შეიძლება შევიდეთ.

-თქვენი სტატუსი გვითხარით თუ შეიძლება და არაფერი არ გვინდა მეტი.

-სულ მექმნება პრობლემები, მერე როცა ვსაუბრობ და იქნებ პრეს სამსახურს მიმართოთ.

-კი ბატონო არ არის პრობლემა, დავურეკავ მითხარით ნომერი.

-იცით, პრეს სამსახური არა გვყავს ჩვენ, იქნებ სამინისტროში დარეკოთ, ან მალხაზ კაკაბაძეა ჩვენი უფროსი იმასთან.

-ძალიან უბრალო რამ მაინტერესებს ბატონო ალექსი, მითხარით, რომ მიპასუხებდით და ახლა კი... გვეჩქარება აქცია მიმდინარეობს

-მეც წამოგყვებით აქციაზე... ჩვენ გვაქვს ვალდებულება ყველაფერი რასაც ვიტყვით შევუთანხმჯდეთ უფროსს, ეს არის ვალდებულება, ისე ამ გადაღების გარეშე შემიძლია ყველაფერზე გელაპარაკოთ თუ შიგნით შემოხვალთ?

ვალერი! ვალერი! უკვე მესამეჯერ ეძახის უფროსი ვინმე ვალერის, რომელიც მან იურისტად "გაგვაცნო", თუმცა ვალერი ამჯერადაც არ გამოდის.

-ბატონო ალექსი, იქნებ გვითხრათ ინერტული მასალების მოპოვება როგორ მიმდინარეობს, მოსახლეობა ამბობს რომ კანონდარღვევით ხდება..

-არაფერი არ ხდება კანონდარღვევით, თუ ხდება მივდივართ ჩვენი ბიჭები და ვაჯარიმებთ. გადავცემთ სასამართლოს.

-ვინ დააჯარიმეთ ბოლო დღეებში თუ შეიძლება გვითხარით?

-ბევრი

-რამდენიმე მაინც გვითხარით.

-აი "ნალუთო"

-ეგ ძალიან ადრე იყო, სხვა?

-ბევრი, ბევრი, "ნალუთო" კიდევ დავაჯარიმეთ.

-რომელი კარიერი გადაეცით სასამართლოს რომ გვითხრათ?

-ახლავე გეტყვით ყველას.

-კარგით, თქვენი სტატუსი გვითხარით.

-ახლავე გამოვუშვებ იურისტს და აგიხსნით...

და ... გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს გურიის გარემოს დაცვითი პატრულირების და სწრაფი რეაგირების მესამე განყოფილების უფროსი აღარ  გამოჩენილა.

 

'.$TEXT['print'].'