რა კავშირშია ოზურგეთში ფერმერის სახლის დაცხრილვა "გურიის მოამბეში" გაკეთებულ განცხადებებთან?
ავტორი: გურიის მოამბე
რა კავშირშია ოზურგეთში ფერმერის სახლის დაცხრილვა "გურიის მოამბეში" გაკეთებულ განცხადებებთან?

გურიაში უცნობმა პირებმა, ერთ-ერთი ფერმერის, თემურ ქამადაძის სახლი დაცხრილეს. შემთხვევა სოფელ ხვარბეთში, გუშინ გვიან ღამით მოხდა.

ინცინდენტის დროს ქამადაძე სახლში მარტო იმყოფებოდა.

წინასწარი ინფორმაციით, საცხოვრებელ სახლს სანადირო თოფიდან რამდენიმე ტყვია მოხვდა. დაზარალებული მომხდარს, მის მიერ ადგილობრივ "გურიის მოამბეში"  გაკეთებულ განცხადებებს უკავშირებს სადაც ის, ორი წლის წინ მომხდარი ძარცვის გამოუძიებლობას აპროტესტებდა და ოზურგეთის პოლიციის წინ საპროტესტო აქციას აანონსებდა.

"სახლში მარტო ვიყავი, ტელევიზორს ვუყურებდი რაღაც ხმაური გავიგე. გარეთ  გამოსვლა დავაპირე და ფანჯარა ჩაიმსხვრა, ვივხვდი, რომ  ჩემი სახლის მისამართით ისროდნენ. თავზე ხელი დავიფარე და მაგიდასთან ჩავიმალე. რამდენჯერმეა ნასროლი. ეს გააკეთეს ჩემს შესაშინებლად. როცა თქვენთან განცხადებები გავაკეთე, რომ არ ხდებოდა ჩემი საქმის გამოძიება, ამის შემდეგ პროკურატურა გააქტიურდა. ვიღაცას ეს არ მოეწონა, ალბათ იფიქრა ჩემს კვალზეც გამოვლენიო და გადაწყვიტა ჩემი შეშინება. პოლიცია აქტიურად იძიებს მომხდარს და დარწმუნებული ვარ, ისინი შეძლებენ დამნაშავის პოვნას"-უთხრა გურიის მოამბეს ქამადაძემ.

თემურ ქამადაძე აცხადებდა, რომ ქვეყანა ჩალით არის დახურული და სიმბოლურად, პოლიციის შენობასთან ჩალის მიტანას გეგმავდა;

"ვითხოვ გამოძიებული იქნას ეს საქმე და თუ არადა ჩალა უნდა მივიტანო და დავაგდო პოლიციის წინ, მეტი მაგათ ღირსება არ გააჩნიათ , ვერ იძიებენ ამდენი ხანია ამ საქმეს. რა გახდა, რა ვერ გამოიძიეს ეს ელემენტარული საქმე, რა დარჩა გამოსაძიებელი რომ ვერ ქნეს? ჩალა იქნება მათი გამოუძიებლობის სიმბოლო, პროტესტის ნიშნად. ქვეყანა ჩალითაა დახურული. ველოდებოდი აქამდე რომ გამოიძიებდნენ ამ საქმეს, მაგრამ არაფერი არ გამოვიდა. ქურდობის დღეს ნაჭერი რომელიც იყო დაგდებული გზის მეორე მხარეს და დავურეკეთ  უბნის ინსპექტორს, მითხრა-"წადი სახლში და როგორც საჭიროა მე გავაკეთებ ყველაფერსო". ორი დღის შემდეგ ამინდი იცვლებოდა, ჩავედი და იგივე ნაჭერი იყო მეორე მხარეს "კანაოში" ჩაგდებული. როცა დავურეკე მან მითხრა, რომ ეს ნაჭერი არაფერს არ ნიშნავს და როგორც საჭიროდ ჩათვლი ისე გააკეთეო. ამით, მე ვფიქრობ, რომ გამოძიებას ხელს უშლიან და სამართალდამრღვევები გამოდიან. მინდა ვინმე გამომეხმაუროს, რამე რეაგირება მოხდეს. ადვოკატი რომ ავიყვანე, ჩემმა გამომძიებელმა მითხრა, რად გინდოდა ადვოკატი, რატომ აიყვანეო? აბა როგორ მოვიქცე, რა გავაკეთო,  რა გზას დავადგე? ყველა მნიშვნელოვანი ამბავი მაქვს დაწერილი და როცა მოვა დრო, მინდა ეს ყველაფერი დავუდო წინ და პასუხისგებაში მიეცეს ის პირები, ვინც დამნაშავეს ხელს აფარებს" - ამბობდა "გურიის მოამბესთან"  ქამადაძე.

ინციდენტთან დაკავშირებით, გამოძიება უკვე დაწყებულია, სამართალდამცველების ინფორმაციით, ქამადაძე გამოძიებასთან თანამშრომლობს.

 

'.$TEXT['print'].'