„კოცნა“-ბულგარულ-ქართული კოპროდუქცია ოზურგეთის თეატრში
ავტორი: გურიის მოამბე
„კოცნა“-ბულგარულ-ქართული კოპროდუქცია ოზურგეთის თეატრში
 ოზურგეთის თეატრი მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენების ეპიცენტრში მოექცა.
თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის ვასილ ჩიგოგიძის ძალისხმევით, ხორცი შეესხა საერთაშორისო პროექტს, რომელიც ოზურგეთის თეატრის სცენაზე ცნობილი ბულგარელი რეჟისორის ნევენა მიტევას მიერ სპექტაკლის დადმას ისახავს მიზნად.
პროექტის იდეა, შარშან, ნოდარ დუმბაძის მეორე საერთაშორისო ფესტივალზე გაჩნდა, როცა ხელი მოეწერა ორ ფესტივალს და ორ თეატრს შორის ურთიერთობის მემორანდუმს. ბულგარელი რეჟისორი ნევენა მიტევა მაშინ გურიაში საპატიო სტუმრის სტატუსით იმყოფებოდა, ამჯერად, კი ის სამუშაო ვიზიტით ეწვია ოზურგეთს.
„კოცნა“ ასე ქვია თანამედროვე ბულგარელი დრამატურგის ანა პეტროვას პიესას, რომლის გმირებიც ოზურგეთის თეატრის მსახიობებმა: ლევან საღინაძემ, ანა გოდერძიშვილმა, შორენა გვეტაძემ, ვახტანგ ჩხარტიშვილმა, ზაზა ჯინჭარაძემ, თამარ მდინარაძემ და კობა ახალაძემ გააცოცხლეს.
ანა პეტროვას დრამატურგია პირველად იდგმება ქართული თეატრის სცენაზე. პიესა ქართულად ნინო წითლანაძემ სპეციალურად ოზურგეთის თეატრისთვის თარგმნა. ნევენა მიტევას მუშაობისთვის სრული კომფორტი შეუქმნა მხატვარმა გია გვიჩიამ, ქორეოგრაფმა მარიკა ქვეითაიამ, მუსიკალურმა გამფორმებელმა მერაბ ჭანიშვილმა. მოწვეულ რეჟისორს ასისტენტირებას სპექტაკლში მონაწილე მსახიობი თამარ მდინარაძე უწევდა.
ბულგარულ-ქართულ კოპროდუქციას პრემიერის გამოშვების მერე, აქვს განვითარებაც. როგორც თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და პროექტის ავტორი ვასილ ჩიგოგიძე აცხადებს: „ეს სპექტაკლი სპეციალურად შეიქმნა ბულგარეთის ქალაქ შუმენის ბულგარული დრამატურგიის ფესტივალისათვის. სპექტაკლი ჩვენი თეატრისათვის არის უჩვეულო, მისი თამამი ფორმით. ჟანრობრივად გახლავთ დრამატული კომედია მარტოობის, თაობების გაუცხოვების თემაზე. სპექტაკლში ნაჩვენებია დღევანდელი, თანამედროვე ცხოვრება.“
„კოცნის“ პრემიერა ჩოხატაურის ხელოვნების სასახლეში 19 აპრილს 18 საათზე გაიმართება.
ლია კილაძე, საზოგადოებასთან ურთირთობის სამსახურის უფროსი
'.$TEXT['print'].'