ოზურგეთის მერიაში ანტიკორუფციული შევიდა-"სუს"-ს ამჯერად 2014-17 წლების დოკუმენტაცია გააქვს
ავტორი: გურიის მოამბე
ოზურგეთის მერიაში ანტიკორუფციული შევიდა-"სუს"-ს ამჯერად 2014-17 წლების დოკუმენტაცია გააქვს

 

ოზურგეთის მერიაში ანტიკორუფციული შევიდა - "სუს"-ს ამჯერად 2014-17 წლების დოკუმენტაცია გააქვს.

არჩილ ყაზაიშვილის შემდეგ ოზურგეთს ბადრი გობრონიძეც ტოვებს. 

ბადრი გობრონიძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მეორე მოადგილეა (არჩილ ყაზაიშვილის შემდეგ), რომელიც ამ პოსტს მერაბ ჭანუყვაძის გამგებლობის წლებში - 20014-1017 წ იკავებდა და ოზურგეთს ტოვებს.

თუმცა ყაზაიშვილისაგან განსხვავებით, რომელმაც გამოძიებას ჩვენება რამდენჯერმე მისცა და მასთან თანამშრომლობს, გობრონიძემ საწინააღმდეგო გზა აირჩია და  "სუსში" ჩვენების მისაცემად მისვლაზე უარი განაცხადა.

მიზეზები, თუ რატომ გაურბის გობრონიძე გამომძიებელთა კითხვებს ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა, ცნობილია რომ ანტიკორუფციული დეპარტამენტი კვლავ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ქალაქ ოზურგეთის მერიის მიერ გაყიდულ მიწებსა და შენობებს "დასტრიალებს".

თუ რამდენ ხანს გასტანს ყოფილი მაღალჩინოსნის "სიჯიუტე" - ამას განვითარებული მოვლენები გვიჩვენებს.

რაც შეეხება ამბავს, ოზურგეთის საკრებულოს შუალედური არჩევნების დასრულებიდან მეორე დღეს, სუსის ანტიკორუფციული დეპარტამენტის საგამოძიებო ჯგუფი ოზურგეთის მერიას კვლავ ესტუმრა და ამჯერად გამოძიება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის საქმიანობის ფინანსურ მხარეებს იკვლევს.

გამომძიებლებმა ოზურგეთის ყოფილი მერიისა და გამგეობის ათამდე თანამშრომელი უკვე დაკითხეს.

ამასობაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლო, აგრძელებს შრომის პედაგოგებისა და ურეკის შავიზღვისპირა ზოლში მიწების მყიდველებთან დავის განხილვას.

ამ ეტაპზე, მიწების დიდი ოდენობით მყიდველმა ლაშა მგელაძემ, რომელიც მაშინდელი ოზურგეთის გამგებლის, მერაბ ჭანუყვაძის ახლო მეგობარი და მეზობელია, მეორე მხარის წარმომადგენლებს მორიგება შესთავაზა და მის მიერ გამგეობის აუქციონზე ნაყიდი მიწების ნაწილის დათმობაზე-პედაგოგების სასარგებლოდ თანხმობა განაცხადა.

შესაძლოა, სწორედ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე მოვლენები გახდა ანტიკორუფციულის გააქტიურების მიზეზი.

ამ დეპარტამენტში არაოფიციალურად აცხადებენ, რომ არანაირი მნიშვნელობა არა აქვს იმას, თუ როგორ დასრულდება დავა სასამართლოში, რადგან აღნიშნული მიწები და შენობები დიდი ალბათობით არის უკანონოდ გაყიდული და ის უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფოს.

იგივე პოზიცია აქვს გამოძიებას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაყიდულ ყველა ქონებაზე, იქნება ეს აუქციონის წესით თუ სხვაგვარად.

აქედან გამომდინარე დააყადაღა სუს-მა 600-მდე მიწის ნაკვეთი და შენობა ნაგებობა, რომელიც ადგილობრივი ხელისუფლების მიერ 2014-17 წლებში გასხვისდა.

მოკლედ,  უახლოეს მომავალში, ამ ყბადაღებულ და საკმაოდ სკანდალურ, ასევე რეზონანსულ თემას, შესაძლოა წერტილი დაესვას.

თუმცა, ამ წერტილს ძახილის ნიშანი მოყვება თუ კითხვითი - ამას დროში განვითარებული მოვლენები გვიჩვენებს.

 

 

'.$TEXT['print'].'