"ქვეყანა სადაც ჩავარდნილია პირველადი ჯანდაცვა და საექთნო სისტემა, ვერასდროს გახდება ლიდერი"
ავტორი: გურიის მოამბე
"ქვეყანა სადაც ჩავარდნილია პირველადი ჯანდაცვა და საექთნო სისტემა, ვერასდროს გახდება ლიდერი"

„ქვეყანა სადაც ჩავარდნილია პირველადი ჯანდაცვა და საექთნო სისტემა, ვერასდროს გახდება ვერავითარი სერვისების მიმწოდებელი და მით უმეტეს ლიდერი.  ჩემი აზრით, მედიცინის ხარისხი, პრაქტიკულად, ყოველ წელს ვარდება. თქვენ ვერ ნახავთ კლინიკას თურქეთში, სადაც ქართველი პაციენტი არ მკურნალობს, თანაც ისეთ პრობლემებზე, რაც აქაც შეიძლება მოგვარდეს.  განათლების დონე ძალიან დაბალია, ექთანს მიჰყავს მთელი საქმიანობა საავადმყოფოში.  ქვეყანაში ერთ ექიმზე 0.8 ექთანი მოდის, როცა გერმანიაში ერთ ექიმზე მოდის 4.2 ექთანი და მიაჩნით, რომ ცოტაა და 6 უნდა იყოს. ინფრასტრუქტურა, რომელიც არის ჩვენს კლინიკაში აბსოლუტურად არარეგულირებადია, სამაგიეროდ შემოაქვთ თანამდებობები, რომლის შემოტანა ყველანაირ აზრს მოკლებულია. ამასთანავე არ გვყავს კლინიკებში ფარმაკოლოგი, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს და სახელმწიფოს მიერ უნდა რეგულირდებოდეს. არსებობს ჯანდაცვის ფინანსური სისტემის შეფასების 4 კრიტერიუმი, რომელთაგან საქართველო არც ერთს აკმაყოფილებს,“ - აცხადებს სამოქალაქო მოძრაობის დამფუძნებელი და ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტი ვატო სურგულაძე პრემიერის განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც მამუკა ბახტაძზემ აღნიშნა, რომ საქართველო სამედიცინო სფეროში რეგიონის ლიდერი გახდება.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, საქართველოს აქვს პოტენციალი, დაახლოებით ორი მილიარდის სამედიცინო სერვისი შესთავაზოს სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს. მამუკა ბახტაძის განცხადებით, ქართველი ერისთვის, სამედიცინო განათლება არის ძალიან მნიშვნელოვანი ტრადიცია და ამავე დროს ორიენტირი მომავლისკენ.

რა სჭირდება ჯანდაცვის სისტემას იმისთვის, რომ პრემიერის პროგნოზი გამართლდეს და რა ასპექტში  უნდა განვითარდეს ეს სფერო, ამასთან დაკავშირებით ვატო სურგულაძე ასახელებს იმ ძირითად ბერკეტებს, რომელთა გათვალისწინება და მათზე მუშაობა სასიცოცხლოდ  სჭირდება ქართულ მედიცინას. მანვე აღნიშნა, რომ პირველადი მედიცინა ქვეყანაში განუვითარებელია და სწორედ ამ მიმართულებით უნდა ისწრაფოდეს ჯანდაცვის სისტემა.

„ჯანდაცვის რეფორმას სჭირდება 5 ძირითადი ბერკეტი,  ამას წერს მარკ რობერტი, რომელიც არის მსოფლიო ჯანდაცვის რეფორმაში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული პირი, ესენია: დაფინანსების ადეკვატური სისტემა, თანხის პროვაიდერებზე გადანაწილების და გადახდის შესაბამისი სისტემა, რეგულაციები ჯანდაცვის სისტემაში, სტრუქტურა უნდა იყოს შესაბამისობაში (ექთნების რაოდენობა და ა.შ.,) მეხუთე ბერკეტის მიხედვით უნდა შეიცვალოს Behavior-ი , ანუ ადამიანების ქცევა თავისი ჯანმრთელობის მიმართ. ჩვენ  არ ვიყენებთ არცერთ ბერკეტს. როდესაც ქვეყანა 2019 წელს მუშაობს იმ ფასებზე, რაზეც 2012 წელს მუშაობდა, რა ხარისხის გაუმჯობესებაზეა საუბარი. არ ჩამოვა არცერთი უცხოელი, როცა ვერ დაინახავს, რომ ხარისხი უფრო მაღალია, ვიდრე თურქეთში და უფრო დაბალი ფასებია. ასეთი არასისტემური მიდგომით საქართველო ვერ გახდება ლიდერი რეგიონში, წარმოუდგენელია. საავადმყოფოები ავაშენეთ და პირველადი ჯანდაცვა არ გვაქვს მაშინ, როცა მთელი მსოფლიო პრევენციული მედიცინისკენ მიდის, არაადეკვატურია. 2013 წელს, ექთანი რომ 500 ლარზე მუშაობდა და წელსაც ისევ 500 ლარზეა, როგორ უნდა მოსთხოვო მას მოტივირებული მუშაობა.

ქვეყანაში 282-ამდე კლინიკაა და რომ მკითხოთ, რომელია ხარისხიანი, მაქსიმუმ 2 შემიძლია დავასახელო, რაც ევროპულ სტანდარტებთან მეტნაკლებად ახლოსაა. არ შეიძლება ჯანდაცვაში რეფორმის ალაგ-ალაგ გაკეთება, ეს არ არის სისტემა,“ - აცხადებს ჯანდაცვის ექსპერტი.

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი ავთანდილ იმედაძე „კომერსანტთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ პაციენტების გადინება საქართველოდან საგანგაშოა და იმისთვის, რომ ეს პროცესი დარეგულირდეს რამდენიმეწლიანი კომპლექსური მუშაობაა საჭირო.

„ძალიან დიდია გადინება საზღვარგარეთ სამედიცინო სერვისების მისაღებად, თვეში, მარტო თურქეთში 10 მილიონი დოლარი გადის. თურქული კომპანიები კი პაციენტების მოზიდვის მიზნით საქართველოში ოფისებს ხსნიან.

უნდა დაისახოს პრემიერმა მიზანი და კადრები გადამზადდეს უცხოეთში, რადგან კადრები არ არიან მზად, რომ რეგიონში საქართველო გახდეს ლიდერი. ამას კომპლექსური მუშაობა სჭირდება. ვფიქრობ, 3-5 წელიწადი საკმარისი უნდა იყოს ამ პროცესისთვის. ძალიან კარგი თაობა მოდის სამედიცინო სფეროში და მათ უნდა შევუქმნათ შესაბამისი პირობები. ბევრი ჩვენი თანამემამულე საზღვარგარეთ მზადაა ჩამოვიდეს საქართველოში და მოემსახუროს ქვეყანას, თუკი აქ შესაბამისი გარემო დახვდება,“- განაცხადა ავთანდილ იმედაძემ.

კარდიოლოგ ანზორ იმედაძის განცხადებით კი, საყურადღებოა ძველი კლინიკები, სადაც ბევრი პროფესიონალი მუშაობს, თუმცა ახალი კლინიკების გახსნით მომსახურების ხარისხი არათუ უმჯობესდება, არამედ უარესობისკენ იცვლება.

პრემიერს ვურჩევ, რომ გააანალიზოს ის ტრადიციული კლინიკები, რომლებიც წლების განმავლობაში თავდაუზოგავად შრომობენ და აქვთ სახელი. ახალი კლინიკები, რომელთაც ვიღაც ბიზნესმენები ხსნიან მომსახურების დონეს აქვეითებენ. თუ ფიქრობენ, რომ ახალი კლინიკების გახსნით, ამ სფეროს დაარეგულირებენ, ცდებიან. კლინიკამ 10 წელი მაინც უნდა იარსებოს ასეთი არასწორი საბაზრო ეკონომიკის დროს, რომ ღირებული გახდეს. მთავრობის წევრები რომ ახლად გახსნილ კლინიკებს მფარველობენ, ეს ცხადზე ცხადია. მართლაც თუ ხელს შეუწყობენ იმ ტრადიციულ კლინიკებს, რომელიც დიდი ხანია ბაზარზე არსებობენ, საქართველო მართლაც წამყვანი იქნებია რეგიონში. ახლად გახსნილი კერძო კლინიკები გადასულები არიან ფულის კეთებაზე და არა ავადმყოფის მოვლაზე. კლინიკებში როცა გულგრილობას ხედავენ პაციენტები, არ ჩერდებიან და მიდის საზღვარგარეთ,“ -აცხადებს ანზორ მელია „კომესანტთან“ ინტერვიუში

მარიამ მორგოშია

commersant.ge

'.$TEXT['print'].'