"ხშირად მძიმე პირობებში მიწევდა მუშაობა...იძულებული ხარ გაუძლო"-პროექტი რომელმაც ოჯახები ემიგრაციას გადაარჩინა
ავტორი: თეა იოსელიანი
"ხშირად მძიმე პირობებში მიწევდა მუშაობა...იძულებული ხარ გაუძლო"-პროექტი რომელმაც ოჯახები ემიგრაციას გადაარჩინა

"დაბრუნდი საქართველოში"-პროექტი, რომლის დახმარებით 39 ოჯახი უცხო ქვეყანაში კიდევ ერთხელ გადახვეწას გადაურჩა

„ეს იყო ჩემთვის კოშმარული სამუშაო. ვილაზე ვმუშაობდი, დილის 6 საათიდან ღამის პირველ საათამდე დაჯდომასაც ვერ ვახერხებდი. ჩემი შვილები პატარები დავტოვე, გაუჭირდათ ძალიან. უმცროსი ბიჭი სულ მსაყვედურობდა: რატომ დამტოვე, მე ხომ შენთვის არაფერი არ მომითხოვია, პური ხომ გვქონდა სახლში“-ო. სულ მტირალი ვიყავი ტელეფონზე ჩამოკიდებული“ -ასე იხსენებს „გურიის მოამბესთან“ თურქეთში გატარებულ მძიმე წლებს ოზურგეთელი, 53 წლის მაია ცისკარიძე, რომელმაც, სამშობლოში დაბრუნებულმა წლების შემდეგ პირველად შეძლო საკუთარი მცირე ბიზნესის ისე  განვითარება, რომ უკან დაბრუნებაზე ფიქრი აღარ მოუწევს. 

 

 

„გურიის ახალგაზრდულმა რესურსცენტრმა“ ევროკავშირის დაფინანსებითა და მხარდაჭერით პროექტის „დაბრუნდი საქართველოში“ განხორციელება 2016 წელს დაიწყო, რომლის დამსახურებითაც  მაიას მსგავსად, კიდევ რამდენიმე ყოფილმა ემიგრანტმა შეძლო  მშობლიურ ქალაქსა თუ სოფელში ფეხის მოკიდება და ოჯახის რჩენა. 

მანამდე კი, როგორც ისინი ჩვენთან ყვებიან,  ყველამ ის გზა გაიარა, რომლის სიმძიმეზეც, ქვეყნიდან წასვლის დაუოკებელი სურვილით შეპყრობილები, თავიდან ვერც ფიქრობენ და არც წარმოუდგენიათ.

ყველა ჩვენი რესპონდენტის მთავარი მიზანი, როცა ისინი ოჯახებს ემშვიდობებოდნენ და უცხო ქვეყნებში ბევრი რამის გათვალისწინების გარეშე, თუნდაც ერის ბარიერის, მოუწესრიგებელი საბუთებით, უბრალოდ ნაცნობ-მეგობრების რჩევით მიდოდნენ, მათივე ოჯახების მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან ამოყვანა და დახმარება იყო. 

არ არსებული სამუშაო ადგილების, ან მიზერული ხელფასების გამო საკუთარ სახლებს იმ იმედით ტოვებდნენ, რომ უცხო ქვეყანაში გამომუშავებული თანხებით ყველა პრობლემის მოგვარებას შეძლებდნენ:  

„სანამ წავიდოდი მე აქ მაღაზიაში ვმუშაობდი, მაგრამ ძალიან დაბალი იყო ხელფასი. მეუღლემ სამსახური ბევრი ეძება, მაგრამ ვერ იპოვა, თვეში  შემოსავალი სულ 150 ლარი გვქონდა. ეს თანხა არაფერში არ გვყოფნიდა. წავედი იმისთვის, რომ ვალები გადაგვეხადა და იმდენს ვშოულობდი მხოლოდ, რომ ოჯახი მერჩინა. სხვა არაფრის თანხა არ მრჩებოდა. 

ძალიან რთული იყო ეს პერიოდი ჩემს ცხოვრებაში. ორი შვილი, პატარები, 4-6 კლასელები დავტოვე მარტო ჩემს მეუღლესთან,  ბავშვებს გაუჭირდათ ძალიან. გაუსაძლისი სამუშაო პირობები მქონდა. რადგან მოხუცის მოვლა ვერ შევძელი, მომიხდა ვილაზე მუშაობა,  ვილა იყო ხუთსართულიანი და დილის 6 საათიდან, საღამოს პირველ საათამდე დაჯდომასაც ვერ ვახერხებდი. ვიყავი მუდმივად გადაქანცული. ჯოჯოხეთი იყო ჩემთვის ის მომენტი, როცა ჩემს პატარა შვილთან ტელეფონით ვსაუბრობდი და ორივე ვტიროდით“-გვიყვება მაია, რომელსაც დღეს ოზურგეთში საკუთარი სამკერვალოში როგორც თავად გვეუბნება, უამრავი საქმე აქვს. 

„ჩემი სამკერვალო მაქვს. თანამედროვე საკერავი მანქანები ამ პროექტის ფარგლებში შევიძინე. გავაფართოვე კიდეც ბიზნესი. უამრავი შეკვეთა მაქვს. ახლა საბავშვო ბაღების გამოსაშვებ ფორმებს ვკერავ, ხშირად ვკერავ ცეკვის ფორმებს სხვადასხვა ანსამბლისთვის. მაღაზიებშიც არის ჩემი შეკერილი ტანსაცმელი გასაყიდი.  საქმე ძალიან ბევრი მაქვს და შემოსავალიც სრულიად საკმარისი.  

ეს პროექტი  დამეხმარა იმაში, რომ მე არასდროს არ დავტოვებ ჩემს შვილებს,  აღარ მომიწევს უკან, თურქეთში დაბრუნება, სადაც რამდენიმე წელი ვიმუშავე“ -დასძენს მაია. 

 

 

ჩვენი კიდევ ერთი რესპონდენტი, ნატო ბარამიძე 54 წლისაა, რომელიც ოზურგეთში, ლესელიძის ქუჩაზე ცხოვრობს. 

მან 5 წელი იმუშავა საბერძნეთში. ახლა, ევროკავშირის დახმარებით ძროხის ფერმა აქვს და რძის ნაწარმს ყიდის. თავის დროზე უცხო ქვეყანაში  იმის გამო წავიდა, რომ ოჯახს, რომლის არც ერთი სხვა წევრი დასაქმებული არ იყო, თავის რჩენის პრობლემა შეექმნა, მისი 40-ლარიანი ხელფასი კი გზის ფულშიც არ ჰყოფნიდა. 

“საბერძნეთში ვიყავი, 2008 წელს წავედი და ჩამოვედი 2013 წელს. ხან ბავშვს ვუვლიდი, ხან მოხუცს. ამ წლების განმავლობაში 6 ოჯახი გამოვიცვალე. როცა მოხუცი ბებია გარდაიცვლებოდა, მერე სხვა ოჯახში გადავდიოდი. თავიდან მქონდა საშინელი ნოსტალგია, ენის ბარიერი მიქმნიდა სერიოზულ პრობლემას და ეს თავისთავად მოქმედებდა ჩემზე. ამის გამო ხელფასსაც იმდენს არ მიხდიდნენ. 

საქართველოდან მძიმე ეკონომიური მდგომარეობის გამო წავედი. მუშაობით კი ვმუშაობდი, ექთანი ვარ, მაგრამ ძალიან მიზერული ხელფასი მქონდა, 40 ლარი თვეში. ჩემი მეუღლე არ მუშაობდა, სამი შვილი მყავდა და ამის გამო იძულებული გავხდი წავსულიყავი. 20-23 წლის ბიჭები მყავდა და სამსახური ვერსად იპოვეს.

საქართველოში დავბრუნდი იმის გამო, რომ მამა გარდამეცვალა, მერე ჩემი და 3 თვეში გახდა ავად მოულოდნელად და ისიც გარდაიცვალა და დამრჩა მოხუცი დედა. მე არ მქონდა უფლება სხვანაირად მოვქცეულიყავი. 

იქ როცა ვიყავი ოჯახს ვარჩენდი ჩემი ხელფასით. აქ რომ ჩამოვედი, რაღაც ხომ უნდა გაგვეკეთებინა თავის გატანა რომ შეგვძლებოდა? გავიგე, რომ ევროკავშირი ახორციელებდა ასეთ პროექტს, მივიღე მონაწილეობა, დამაფინანსეს 5 ათასი ლარით. ოზურგეთში ისეთ ადგილზე ვცხოვრობ, შეგვეძლო საქონელი გვყოლოდა. 

სამი ძროხა გვიყიდეს ამ თანხით.  მერე გავამრავლეთ და ახლა იმდენი გვაქვს შემოსავალი, ოჯახს თავისუფლად გვყოფნის. რძის პროდუქტებს ვყიდით კიდეც. ამ პროექტით შევძელით, რომ ოჯახი დავმდგარიყავით ფეხზე“-გვითხრა ნატო .ბარამიძემ.

 

 

50 წლის ნოდარ ნაკაიძე, რომელიც ოზურგეთში, სოფელ შრომაში ცხოვრობს,  ოჯახის სოციალური მდგომარეობის გამო, 2010 წლიდან თურქეთში სეზონურად-არალეგალურად იყო დასაქმებული (ჩაის კრეფა, თხილი). საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ემიგრაციის პერიოდში გამომუშავებული ფულით თავდაპირველად კამერა-მაცივარი შეიძინა,  სამაცივრე აგრეგატზე თანხა არ ეყო. იდეა ჰქონდა, რომ  შემოდგომაზე შეძენილი ციტრუსი შეენახა და გაზაფხულზე მაღალ ფასად გაეყიდა. ამის გამო მიიღო მონაწილეობა „ყოფილ და პოტენციურ მიგრანტთა საგანმანათლებლო და ბიზნეს შესაძლებლობების მხარდამჭერი პროექტში“, მოიპოვა დაფინანსება 5000 ლარის ოდენობით. შეიძინა სამაცივრე აგრეგატი და დღეს უკვე საკუთარი პროდუქციის რეალიზაციას ახდენს, როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოურ ბაზრებზე: 

„რთული იყო იქ მუშაობა, რადგან იყო შემთხვევები, როცა ისეთი უფროსი მყავდა, როცა ცუდ ბინაში ცხოვრება მიწევდა, ხელფასზე თანხასაც მაკლებდა. გააჩნია როგორი ადამიანი შეგხვდებოდა. მერე მიწევდა გადასვლა ერთი სამსახურიდან მეორეში. იძულებული ხარ ასე მოიქცე, რადგან სხვა გამოსავალი არ გაქვს და აქ დარჩენილ ოჯახს რჩენა სჭირდება. პატარა შვილები მყავდა. 

ამ პროექტის შესახებ რომ შევიტყვე, მოვამზადე ბიზნეს გეგმა. 5 ათასი ლარი მომცეს. მაცივარი დამიფინანსეს. ჩემი ციტრუსი რომ გავყიდე გავაკეთე 8 ათასი ლარი, მაშინ როცა სხვებმა იმდენივე ციტრუსში 2 ათასი ლარი აიღეს. ეს ხომ არ არის ცოტა შემოსავალი? მერე მეფუტკრეობასაც მივყევი ხელი. თაფლი მაქვს, რომელსაც ვყიდი და ბიზნესსაც ვაფართოვებ. მე პროდუქციას ამ მაცივრების გამო, გვიანობამდე ვინახავ. ისეთ დროს ვყიდი, როცა მეტი მოგება აქვს. თუ მე არ მაქვს საკმარისი მოსავალი, მეზობლებისგან ვყიდულობ და ამით მათაც ვეხმარები“-გვიხსნის ჩვენი რესპონდენტი.

 

 

“დაბრუნდი საქართველოში”-პროექტში, რომელიც მიზნად ყოფილი და პოტენციური მიგრანტების ბიზნეს ინიციატივების მხარდაჭერას ითვალისწინებდა, 2016-18 წლებში ევროკავშირმა საერთო ჯამში მცირე გრანტში 150.000 ევრო ჩადო და წლების განმავლობაში ქვეყნიდან ხშირად ოჯახებთან ერთად გადახვეწილ ადამიანებს ადგილზე, საკუთარ სახლში დაბრუნების შესაძლებლობა მისცა.  პროექტის საერთო ღირებულება კი 300.000 ევროზე მეტი იყო.

პროექტის ფარგლებში, რომელიც მიზნად სოციალურად დაუცველი ყოფილი ან პოტენციური მიგრანტების ცხოვრების დონის ამაღლებას იმ სერვისების შექმნით ითვალისწინებდა, რომელიც მათ არსებული სირთულეების დაძლევაში დაეხმარებოდა, 50-მდე განმცხადებლიდან, 39-მა  გამარჯვებულმა ბიზნეს იდეაში გრანტის მინიმალური ოდენობა 500 ლარი, ხოლო მაქსიმალური 5000 ლარი მიიღეს. 

საკონდიტრო საცხობი, კვების ობიექტი, ხის ნაკეთობათა საამქრო, სამაცივრე მეურნეობა, საქსოვი საამქრო, პურის საცხობი, სტამბა, მესაქონლეობა, საყვავილე, სათბური, ჩირის წარმოება, ტექნიკის შემკეთებელი სერვისი, ინკუბატორი, ბალიშების გაახლების სერვისი, კომბინირებული საკვების წარმოება -ეს ის გამარჯვებული პროექტებია, რომლის ამუშავებითაც 39 ადგილობრივი ოჯახი კიდევ ერთხელ სხვა ქვეყანაში სამუშაოს საძებნელად  წასვლას  გადაურჩა. 

ცნობისთვის, მიგრაცია, განსაკუთრებით კი შრომითი მიგრაცია, ის პრობლემაა, რომელიც ჩვენს ქვეყანას გასული საუკუნის 90–იანი წლებიდან ახლავს. შრომითი მიგრაციის ძირითადი მიზეზი უმუშევრობაა, რომელიც  დღემდე სოციალურად ყველაზე მნიშვნელოვან  პრობლემად რჩება საქართველოში. 

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2018 წელს ემიგრანტების რიცხოვნობა წინა წელთან შედარებით 15.8 პროცენტით გაიზარდა და 98 935 ადამიანით განისაზღვრა. ემიგრანტების 86.6 პროცენტი შრომისუნარიან ასაკში მყოფ მოსახლეობას (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) წარმოადგენდა.

საქართველოში მიგრაციის ძირითადი ფაქტორები კომპლექსურია და როგორც ემიგრაციის, ისე იმიგრაციის შემთხვევაში, ძირითადი მამოძრავებელი ძალები დაკავშირებულია ისეთ ფაქტორებთან, როგორიცაა ცხოვრების ხარისხი, განათლებისა და ჯანდაცვის ხარისხი, სიღარიბე და ეკონომიკური უთანასწორობა, კარგად ანაზღაურებადი სამსახურების სიმწირე, პოლიტიკური სტაბილურობა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ფაქტორები.

მაგალითად გურიაში, როგორც ამას ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია „გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრის“ მიერ ჩატარებული კვლევა მოწმობს, ადგილობრივი მოსახლეობა სეზონურ სამუშაოებზე ძირითადად თურქეთში დადის,.  მათთვის უკვე „ჩვეული“ ამბავია რამოდენიმე კვირით მეზობელ თურქეთში გადასვლა რადგანაც ადგილზე დასაქმების პრობლემაა. სამუშაოდ წასულების უმეტესობა ყოველგვარი კონსულტაციების გარეშე „ბრმად“ მიდის სამუშაოდ, შესაბამისად ხშირია „გაურკვეველი“ და პრობლემატური სიტუაციები, რომლებიც ასევე არაფორმალური გზებით გვარდება. მოკლევადიანი შრომითი მიგრაციიდან დაბრუნებულები კი,  ისევ მორიგ სამუშაო გასვლაზე ფიქრობენ და მათი თემში „დაკავების“ ერთადერთი გზა ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და დასაქმებაა.

მათ მიერ გამოკითხულ, მოკლევადიანი შრომითი მიგრაციიდან დაბრუნებულების 53,7 % ისევ ფიქრობენ წასვლაზე და მხოლოდ 2,7% ცდილობს საკუთარი ბიზნესის დაწყებას.

გამოკითხულთა 50%-ის აზრით შრომითი მიგრაცია დადებითად მოქმედებს დარჩენილ ოჯახის წევრებზე და ეს ოჯახები უკეთ ცხოვრობენ.

საზღვარგარეთ სამუშაო გასვლებს კი, ახლაგაზრდები 18-19 წლის ასაკიდან იწყებენ.

სამუშაოს საძიებლად „ნამყოფი“ აღნიშნული 35,7 % ასევე ფიქრობს, რომ საზღვარგარეთ მუშაობისას მათი უფლებები არ იყო დაცული - 78%, მათგან მხოლოდ 1,4%-მა იცოდა საკონსულოს ტელეფონის ნომერი. აღსანიშნავია ის მნიშვნელოვანი გარემოებაც, რომ სამუშაოზე წასვლის წინ ფაქტობრივად არ გადიან კონსულტაციებს და „ბრმად“, მეგობრების თუ ნაცნობების მიერ მოყოლილ ისტორიებზე დაყრდნობით რისკავენ წასვლას.

ზოგადად გურიის მოსახლეობა გაზრდილი მიგრაციის მიზეზად  სამ ძირითად მიზეზს  ასახელებენ: 1. დასაქმების სირთულე; 2. საკუთარი მეურნეობის უქონლობა; 3. ფაბრიკა ქარხნების არ არსებობა ადგილზე.

ისინი შექმნილ ვითარებაში ხელისუფლებას ადანაშაულებენ და მათი  უმოქმედობით ხსნიან ქვეყნიდან მოსახლეობის გადინების მზარდ მაჩვენებელს. მათი აზრით, ქვეყანაში არ არსებობს არც ერთი სახელმწიფო პროგრამა, რომლის განხორციელება აუცილებელია შრომითი მიგრაციის პრევენციისთვის.

 

_____________________________________________________________

'.$TEXT['print'].'