ოკუპანტ ქვეყანას საქართველოსთან მიმართებაში თავისი ინტერესები აქვს - მდინარაძე
ავტორი: გურიის მოამბე
ოკუპანტ ქვეყანას საქართველოსთან მიმართებაში თავისი ინტერესები აქვს - მდინარაძე

ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოკუპანტ სახელმწიფოს საქართველოსთან მიმართებაში თავისი ინტერესები გააჩნია, მაგრამ მას ხელი შიდა პოლიტიკურმა ძალებმა არ უნდა შეუწყონ.

ჟურნალისტებთან საუბარში მამუკა მდინარაძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა.

დეპუტატის თქმით, ქვეყნისთვის პროვოკაციის მოწყობა დამღუპველია და მტრის წისქვილზე წყლის დასხმაა.

„აღმოჩენა არ არის, რომ ქვეყანას, რომელსაც საქართველოს ტერიტორიების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი და ისტორიული ტერიტორიები აქვს მისაკუთრებული და ოკუპირებული, თავისი ინტერესები გააჩნია, მაგრამ საქართველოში მტრულად განწყობილმა პარტიებმა ისე არ უნდა იმოქმედონ, რომ მათ ჯერ ეს სახელი არ დავუძახოთ, შემდეგ ოკუპაციას ხელი თავისი პროვოკაციული განცხადებებით არ შეუწყონ და ისე არ იმოქმედონ, რომ მათი თითოეული განცხადება წყალს მტრის წისქვილზე ასხამდეს. ამაზე პასუხისმგებლობა მაინც უნდა აიღონ. სუბიექტური ინტერესების არსებობა გასაგებია, მაგრამ რაღაც საკითხები ხომ არის, რაზეც უნდა შევჯერდეთ, ჩამოვყალიბდეთ და პროვოკაციებს მოვეშვათ? ქვეყნისთვის პროვოკაცია დამღუპველია და მტრის წისქვილზე წყლის დასხმაა. ამაზე მაინც უნდა შევჯერდეთ, მაგრამ მათ თავიანთი ინტერესები აქვთ. ოკუპანტ ქვეყანას თავისი ინტერესები გააჩნია, მაგრამ მათ ხელი შიდა ძალებმა არ უნდა შეუწყონ და ოპოზიციონერები ამ ქმედებების განხორციელების და განცხადებების კეთების დროს დასავლურ ღირებულებებს არ უნდა ამოეფარონ", - აღნიშნა მდინარაძემ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის ურთიერთობა საქართველოს შიდაპოლიტიკური საქმეა და რუსეთი მასში ჩარევას არ აპირებს, „თუმცა, არ შეიძლება, რუსეთს არ აშფოთებდეს ქართული პოლიტიკური ელიტის ზოგიერთი რადიკალურად განწყობილი წარმომადგენელი, რომლებიც რუსოფობიური განწყობის გაძლიერებასა და ხალხების წაჩხუბებას ცდილობენ".

'.$TEXT['print'].'