სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე დარღვევა არ დაადგინა
ავტორი: გურიის მოამბე
სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე დარღვევა არ დაადგინა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა, მათ შორის არც სამართლიანი სასამართლოს უფლება. ამის შესახებ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაშია ნათქვამი. ამავე გადაწყვეტილებით სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების დროებითი შეჩერების მექანიზმი.

მხარეებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებისთვის სამთვიანი ვადა აქვთ. თუ გადაწყვეტილება აღნიშნულ ვადაში არ გასაჩივრდა, სამი თვის შემდეგ ძალაში შევა.

რუსთავი 2-ის საქმე

ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა, რომელიც რუსთავი 2-ის საკონტროლო პაკეტს 2004-2006 წლებში ფლობდა, დავა ტელეკომპანიის დასაბრუნებლად 2015 წლის აგვისტოში წამოიწყო და ეს საქმე საქალაქო, სააპელაციო და უზენაეს სასამართლოებში 20 თვეში მოიგო. უზენაესი სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებით არხი ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნეს.

2004 წლის ზაფხულში, ხალვაშმა რუსთავი 2-ის 10%-იანი წილი ნიკა ტაბატაძისგან შეიძინა, 30%-იანი ეროსი კიწმარიშვილისგან და 60%-იანი ვინმე პაატა კარსანიძისგან. კარსანიძეს რუსთავი 2-ის საკონტროლო პაკეტი, მას შემდეგ ჩაუვარდა ხელში, რაც ხელისუფლების ზეწოლით, თავიანთი 30-30%-იანი წილები, ტელევიზიის დამფუძნებლებმა დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ იძულებით გადაუფორმეს.

ხალვაში ტელეკომპანიას ორი წლის მანძილზე მართავდა. 2006 წელს, სააკაშვილსა და ოქრუაშვილის შორის მომხდარი ცნობილი დაპირისპირების შემდეგ, მას სხვა ბიზნესებთან ერთად რუსთავი 2-იც ჩამოართვეს. საბოლოოდ, 2011 წელს, კომპანიის მფლობელები შპს საქართველო და ყარამანიშვილები გახდნენ.

2016-2017 წლებში, საქართველოს სასამართლოებში გამარჯვების შემდეგ, ხალვაშმა განაცხადა, რომ ტელეკომპანიის 50%-ს, დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს გადასცემს, როგორც წინა ხელისუფლებისგან დაზარალებულ აქციონერებს. მან დვალს ტელეკომპანიის დირექტორობაც შესთავაზა. თუმცა, ადგილობრივი და საერთაშორისო კრიტიკის შემდეგ, დვალმა განაცხადა, რომ ის რუსთავი 2-ში ცენზორად არ დაბრუნდება და ხელისუფლების მორჩილი, პარტიული ტელევიზიის წილები მას არ აინტერესებს.

რუსთავი 2-ის ამჟამინდელი მფლობელები, ძმები ყარამანიშვილები, მათი მენეჯმენტი და ჟურნალისტები ფიქრობენ, რომ ქიბარ ხალვაში ამჯერადაც ხელისუფლების დავალებით მოქმედებს და მისი მთავარი მიზანი ოპოზიციური ტელეარხის დადუმებაა. საქართველოს მთავრობა სასამართლო დავის დაწყებიდან განაჩენის გამოცხადებამდე, მუდმივად ხაზს უსვამდა, რომ ეს ორ კერძო სუბიექტს შორის მიმდინარე კერძო ქონებრივი დავა იყო.

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება რუსთავი 2-მა სტრასბურგში გაასაჩივრა. ევროპულმა სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უვადოდ, საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე შეაჩერა.

სტრასბურგში რუსთავი 2 რამდენიმე მუხლის დარღვევაზე დავობს, ესენია:

  • სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება;
  • გამოხატვის თავისუფლება;
  • უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები;
  • საკუთრების დაცვა

წყარო: "ონ, ჯი"

'.$TEXT['print'].'